ახალი ამბები

კავაკასიელი ტყვეები

ქართველი მწყემსები რუსების ტყვეობაში

ქართველი მწემსები რუსეთ-საქართველოს შორის საინფორმაციო ომის აქტიური მონაწილეები ხდებიან. ამას მოწმობს ორი ქართველი მეცხვარის ნაამბობი, რომელიც რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ზოგიერთ ცნობას ჩეჩენი მებრძოლების შესახებ საეჭვოს ხდის.

22 აგვისტოს რუსი მესაზღვრეები მთა-თუშეთში, ჩეჩნეთის საზღვართან 400-500 მეტრის სიღრმეში შემოვიდნენ და მეცხვარე ილია მუზაიძე გაიტაცეს.

“მთა-თუშეთში არის ადგილი თურსიყი, სადაც ცხვარში ვიყავით. 22 აგვისტოს, ჩვეულებისამებრ, საძოვარზე გავედი. 14:00 საათისთვის რუსი მესაზღვრეები თავს დამესხნენ და გამიტაცეს. ბრალდებად საზღვრის დარღვევა წამიყენეს, შემდეგ თავიანთ საგუშაგოში ჩამიყვანეს და დაკითხვები დამიწყეს იმის თაობაზე, რომ თითქოს ერთი კვირის განმავლობაში ჩემს ბინაში ჩეჩენი “ბოევიკები” ცხოვრობდნენ, რომ მათ საკვებით ვეხმარებოდით და, რომ შემდეგ იარაღის გადასატანად ჩვენივე ცხენებით ვუზრუნველყავით”, ყვება მეცხვარე ილია მუზაიძე.

მეორე დღეს მეგობრის საძებნელად დავით გიგოიძე წავიდა, რომელსაც იგივე ბედი ეწია. “საზღართან ახლოს ვიყავი, როდესაც უეცრად ლოდებიდან 6 შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა. მათ ალყა შემომარტყეს და თავიათ საგუშაგოზე წამიყვანეს”. დავითსაც იგივე ჩვენებების მიცემა მოსთხოვეს, თუმა, როდესაც ორივე მეცხვარისგან უარი მიიღეს, სარდაფში დაამწყვდიეს. ტყუილი ინფორმაციის სანაცვლოდ რუსმა მესაზღვრეებმა მეცხვარეებს 50 ათასი დოლარი და მოსკოვში ბინა შესთავაზეს, თუმცა მწყემსები ყოველივე ამაზე უარს აცხადებდნენ.

“რაც არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა. ჩვენ მთა-თუშეთში არცერთი ჩეჩენი “ბოევიკი” არ გვინახავს და არც შეიძლებოდა, რომ იქ ყოფილიყვნენ, ვინაიდან იქ ეუთოს მისიის დამკვირვებლები და ქართველი მესაზღვრეები იმყოფებიან”, ამბობენ მეცხვარეები. მათი აზრით, ტყუილი ინფორმაცია რუსებს ანტიქართული კამპანიის წამოსაწყებად სჭირდებოდათ.

ქართველმა მწყემსებმა რუსულ საგუშაგო პუნქტში ორი კვირა დაჰყვეს. თუმცა, ქართველებს საზღვარი რომც დაერღვიათ, კანონის თანახმად, ისინი 48 საათში უნდა გაეთავისუფლებინათ. 5 სექტემბერს ქართველი მწყემსები იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ ისინი რუს მესაზღვრეებთან ითანამშრომლებდნენ და ჩეჩენი მებრძოლების შესახებ მიაწვდიდნენ ინფორმაციას.  

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის შალვა ლოდარიძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, მეცხვარეები მას შემდეგ გამოუშვეს რაც მათმა დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მიმართა ამის შესახებ. 

ორი ქართველი მწყემსის მონათხრობი ეჭვქვეშ აყენებს კიდევ ერთი ქართველი მწყემსის ლევან თილიძის ისტორიას, რომელიც რუსეთისთვის საქართველოში მყოფი ჩეჩენი მეომრების შესახებ ცნობების მიწოდების გამო რუსებმა გმირად აქციეს. დავით გიგოიძე და ილია მუზაიძე აცხადებენ, რომ ისინი კარგად იცნობდნენ მათ გვერდითა სოფელში მცხოვრებ ლევან თილიძეს, რომელმაც, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ივლისის მიწურულს რუს მესაზღვრეებს ჩეჩენი მებრძოლების განზრახვის შესახებ გადასულიყვნენ რუსეთში მიაწოდა ინფორმაცია. “მე არ ვიცი საიდან უნდა ჰქონოდა თილიძეს ეს ინფორმაცია. ჩვენ ჩეჩნები საერთოდ არ გვინახავს”.

რუსეთისთვის მიწოდებული ინფორმაციისთვის პრეზიდენტმა პუტინმა ქართველი მწყემსი მამაცობისათვის ორდენით დააჯილდოვა.

ორი ქართველი მეცხვარე, რომლებმაც თითქმის ორი კვირა ნესტიან სარდაფში დაჰყვეს და მთელი ამ დროის განმავლობაში ძლიერ ფსიქოლოგიურ ზოწოლას განიცდიდნენ, საქართველოში ორჯონიკიძის გავლით დაბრუნდნენ.

“5 სექტემბერს ჩვენთან კაპიტანი და მაიორი შემოვიდნენ. ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში დაკითხვებს სწორედ ისინი გვიტარებდნენ. მათ თვალები აგვიხვიეს, ხელბორკილები დაგვადეს და ვერტმფრენით ორჯონიკიძეში ჩაგვიყვანეს. იქიდან კი ლარსის საბაჟოზე ჩვენს მესაზღვრეებს გადაგვცეს”, ყვება ილია მუზაიძე და დასძენს, რომ ხსენებული კაპიტანი ადრე ახალციხეში მსახურობდა, მაიორი კი მთა-თუშეთში.

მეცხვარეებს უსაფრთხოების გარანტიას არავინ აძლევს. მათი ისტორიით უშიშროების სამინისტრო არ დაინტერესებულა. როგორც სამინისტროს ოფიციალურმა წარმოამდგენელმა ნიკა ლალიაშვილმა “სივილ ჯორჯიას” განუცხადა ეს საქმე უშიშროების სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის. გენერალურ პროკურატურას კი საქმის გამოძიების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც თავად მეცხვარეები მიმართავენ ამის შესახებ განცხადებით. თუმცა, თავად მეცხვარეებს გამოძიება ნაკლებად ადარდებთ და მიაჩნიათ, რომ მას შედეგი არ მოჰყვება. “აქ, ჩვენს მიწაზე, არაფრის გვეშინია. მაღლა საძოვარზე კი აღარცერთი მწყემსი აღარ ავა”, ამბობს ილია მუზიაძე

სამომე ჯაში, სივილ ჯორჯია

Back to top button