
ჟვანია საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ქმნის
20 მაისს თბილისის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ზურაბ ჟვანიას გუნდს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სახელით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. მოქალქეთა კავშირის სახელით არჩევნევბში მონაწილეობის უფლება საბოლოოდ ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძესა და მის მომხრეებს დარჩათ. მოქალაქეთა კავშირს შიგნით აშკარა დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის დეკემბერში პარტიის ყრილობის მიერ არჩეულმა საკოორდიონაციო საბჭომ, რომელიც ზურაბ ჟვანიას მხარდამჭერი წევრებით იყო დაკომპლექტებული, მოქალაქეთა კავშირი ოპოზიციურ პარტიად გამოაცხადა. ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც მანამდე “ქვეყნის სტაბილურობის გარანტად” იყო მონათლული, ფაქტობრივად, ორ მოწინააღმდეგე ფრთად – პრეზიდენტის ერთგულებად და მის ოპონენტებად დაიყო. თუმცა, პარტიის შიგნით გახლეჩაზე და ე.წ. რეფორმატორების აულაგმავ ამბიციებზე საუბარი 1999 წლის საპარლამენტო და, განსაკუთრებით, მისი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ზურაბ ჟვანია, ფაქტობრივად, შევარდნაძის აღიარებულ ფავორიტად და მის მემკვიდრედ ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ თავად ჟვანია სავსებით კმაყოფილი ჩანდა ამგვარი ვითარებით, რადგან იგი პარლამენტში მართლაც უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა, თითქმის ყველა საკვანძო საპარლამენტო თანამდებობა მის უახლოეს თანამებრძოლებს ეკავათ და, რაც მთავარია, ჟვანიასა და მის მეგობრებს მედასავლეთეობაზე ‘მონოპოლია’ ჰქონდათ დაწესებული. ჟვანიას აქილევსის ქუსლს ყოველთვის აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენდა, სადაც მისი გავლენა ტრადიციულად უმნიშვნელო იყო. თუმცა, თუკი თვალს გავადევნებთ მოვლენებს 1995 წლიდან, როდესაც ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციურად ქვეყნის მეორე თანამდებობის პირი გახდა, 2001 წლის ოქტომბრამდე, თვალშისაცემია მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მომრავლება აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. ზურაბ ჟვანიას საპარლამენტო მოღვაწეობის ორ ნაწილად დაყოფა შეიძლება: ზურაბ ჟვანიას სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტის, როგორც ერთ-ერთი რეალურად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რასაც საფუძველი, ძირითადად, პირველი მოწვევის პარლამენტისას ჩაეყარა. ამას ადასტურებს ისიც, რომ 2001 წლის შემოდგომაზე მისი გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა თავისი პოლიტიკური წონა შეინარჩუნა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მეორე მოწვევის პარლამენტში კი ზურაბ ჟვანია უფრო დინჯ, თვითკმაყოფილ მემკვიდრეს დაემსგავსა, რომელსაც პოლიტიკური ოლიმპო გარანტირებული აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ზურაბ ჟვანიას პოლიტიკის ორი ძირითადი თავისებურება: პირველი, იგი ყოველთვის უპირისპირდებოდა სახელმწიფო მინისტრებს. რეალურად, სახელმწიფო მინისტრს ძალიან შეზღუდული უფლება-მოვალეობები გააჩნია. თუმცა, ჟვანია ყოველთვის ეჭვით შეჰყურებდა ფორმალურად აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინატორ მინისტრს, რომელსაც, სავარაუდოდ, საკუთარ კონკურენტად განიხილავდა. საყოველთაო აზრით, ორი პოლიტიკური მძიმეწონოსნის ნიკო ლეკიშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის თანამდებობიდან გადაყენება სწორედ ჟვანიას დამსახურება იყო, რომლებიც დღემდე პრეზიდენტის ერთგულებად რჩებიან და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე კვლავ დიდ გავლენას ახდენენ. მეორე თავისებურება და, შესაძლოა, მისი უდიდესი შეცდომაც, პრეზიდენტის კრიტიკაზე უარის თქმა და მის ჩრდილქვეშ ყოფნა იყო. ჟვანიასათვის ყველაზე მძიმე წუთებში, როდესაც მის გუნდს ადგილობრივ არჩევნებზე მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ, იგი პრეზიდენტ შევარდნაძეს რამდენჯერმე შეხვდა და ბოლო მომენტამდე მასთან შერიგების იმედი ჰქონდა. ‘ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისათვის, მთავარია არ დავუშვა დაპირისპირებების ახალი კერის აღმოცენება’, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ‘რუსთავი 2’-სათვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში. პრეზიდენტ შევარდნაძესთან უკანასკნელ დრომდე გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს იგი სწორედ ამ მიზეზით ხსნის. თუმცა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჟვანია ზომიერი, დროში გაწელილი ცვლილებების მომხრეა. მისთვის რევოლუციური ტიპის მოწოდებები და ქმედება მიუღებელია, რაზეც დღეს საქართველოში საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მოთხოვნილება არსებობს. რამდენად შეძლებს იგი ამ ტიპის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და პოლიტიკურ რეანიმირებას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ბევრის აზრით, ზურაბ ჟვანია ბიუროკრატიული ტიპის ლიდერია. მისი მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, ჟვანია კულუარული პოლიტიკის დიდოსტატია. თუმცა, ვერავინ უარყოფს ზურაბ ჟვანიას მედიასთან კარგი ურთიერთობის უნარს. მისი თანამდებობიდან გადაყენების მიუხედავად, ჟვანია მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრშია. მას ყველასაგან გამორჩეული, მკაფიო მეტყველება აქვს. მისი გამოსვლა ლოგიკურად თითქმის ყოველთვის გამართულია და მსმენლისაგან მისი ნალაპარაკევის გააზრებას მოითხოვს. განსხვავებით მისი გუნდის ყოფილი წევრის მიხეილ სააკაშვილისაგან, რომელიც სახალხო ლიდერობაზე მეტ-ნაკლები წარმატებით აცხადებს პრეტენზიას და პუბლიკასთან, ძირითადად, ადვილადაღსაქმელი ფრაზებით საუბრობს, ჟვანია თავისი პოლიტიკურად გაწონასწორებული, დინჯი საუბრითა და მანერებით ხალხთან უშუალო ურთიერთობისას დიდ სიმპათიებს ვერ აღძრავს. ეს გასული წლის შემოდგომაზე სახალხო მღელვარებისას ზურაბ ჟვანიას მიმართ გაკეთებული განცხადებებიდან და მის გამოსვლებზე დემონსტრანტების რეაქციებიდან ჩანდა. ექსპერტების აზრით, ზურაბ ჟვანიას მოქალაქეთა კავშირი გაცილებით ადრე უნდა დაეტოვებინა და საკუთარი პარტია ჩამოეყალიბებინა. თუმცა, ოპონენტების თქმით, ჟვანია უზარმაზარ პარტიულ ინფრასტრუქტურას ვერ შეელია და მის დაპატრონებას ცდილობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მოქალქეთა კავშირთან გაყრა ჟვანიას პრეზიდენტ შევარდნაძის ჩრდილიდან გამოსვლასა და დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ახლა, ჟვანია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის სახელით მაინც აპირებს, რომლის თავმჯდომარემ მას სიების წარდგენის უფლება დაუთმო, ჟვანიას სიტყვებით რომ ვთქვათ ‘სამოქალაქო სოლიდარობის ნიშნად’. ადგილობრივ არჩევნებამდე ძალზე მცირე დრო რჩება იმისათვის, რომ ზურაბ ჟვანიამ საკუთარი საარჩევნო პროგრამის ჩამოყალიბება და უცნობი ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტიის სახელი პოპულარული გახადოს. თუმცა, უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურმა ბრძოლამ და პრესის განსაკუთრებულმა დაინტერესებამ მას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. გარდა ამისა, ჟვანია და მისი მომხრეები კარგად აცნობიერებენ, რომ პრეზიდენტი შევარდნაძის მიერ დაჩაგრულის იმიჯი ამომრჩეველში მეტ სიმპათიას აღძრავს. ‘ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ძალმომრეობის საპასუხოდ ჩვენ ვიქნებით უფრო ერთიანები, უფრო კონსოლიდირებულები, უფრო ორგანიზებულები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველ ძალადობას შედეგად მოსდევს მეტი მხარდამჭერის შემოერთება ჩვენს რიგებში’, აღნიშნა 21 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟვანიამ. საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია ზურაბ ჟვანიასა და მისი თანამებრძოლის ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის მიღებამ. ბევრმა ეს ფაქტი მათი ამბიციების შეუთავსებლობით ახსნა. თუმცა, ჟვანიამ 21 მაისს ტელეკომპანია ‘რუსთავი 2’-ის პირდაპირ ეთერში განაცხდა, რომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა ხმების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვოს. ჟვანიას თქმით, ბრძოლა პრეზიდენტი შევარდნაძისა და ოლიგარქების წინააღმდეგ 2 ივნისს არ დამთავრდება. ძირითად მიზანს საპარლამენტო არჩევნების წინ ბევრად უფრო სერიოზული, ძლიერი დემოკრატიული კოალიციის ჩამოყალიბება წარმოადგენს. პარლამენტის არჩევნებამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი. ექსპერტების მოსაზრებით, ჟვანია აუცილებლად გაანალიზებს საკუთარ შეცდომებს და, სავარაუდოდ, სოლიდური პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას შეძლებს, რათა მომავალ გაერთიანებაში მზარდი პოპულარობის მქონე მიხეილ სააკაშვილის ფონზე მეორეხარისხოვანი ლიდერის როლის შესრულება არ მოუწიოს. რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია“ჩემთვის “მოქალაქეთა კავშირი” მკვდარია,” ასე მიმართა ზურაბ ჟვანიამ თავის მომხრეებს 28 მაისს. ჟვანიამ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი საკუთარ პოლიტიკურ წარსულთან, რომელიც მთლიანად ედუარდ შევარდნაძესთან იყო დაკავშირებული. ახლა ამ ახალგაზრდა და გავლენიან პოლიტიკოსს თავად მოუწევს საკუთარ კარიერაზე ზრუნვა.