
რუსული მხარე მზად არის გუდაუთის ბაზაზე გაეროს დამკვირვებლები დაუშვას
(თბილისი, 23 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსული მხარე მზად არის გუდაუთის ბაზაზე გაეროს დამკვირვებლები დაუშვას, – განაცხადა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატიეს თავმჯდომარემ სერგეი მირონოვმა 23 მაისს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ცვლილებები იქნას შეტანილი მანდატის ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ამ მანდატის გაგრძელებაზე უარს იტყვის.
მირონოვმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთის მხარე მაქსიმალურად შეეცდება ქართული მხარის ინტერესების გათვალისწინებას.
დაგეგმილი იყო მირონოვისა და ბურჯანაძის ერთობლივი გამგზავრება კოდორის ხეობაში, მაგრამ მირონოვის თქმით, ეს არ მოხერხდება დროის სიმცირის გამო. იგი თბილისში სომხეთიდან ჩამოვიდა და აქედან აზერბაიჯანში გაემგზავრება.