
ბურჯანაძე საქართველოსა და რუს დეპუტატებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდის
(თბილისი, 22 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუს დეპუტატებს საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კონსულტაციების გამართვას სთავაზობს. დღეს გამართულ საპარლამეტნო სესიაზე ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გაუკეთა რუსი დეპუტატებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს საქართველო პანკისის ხეობაში სამხედრო ოპერაციის გატარებას აპირებს. “უკეთესი იქნება, თუ ჩვენი რუსი კოლეგები საქართველოში ჩამოვლენ, ან ჩვენ ვეწვევით მათ მოსკოვში. ჩვენ ერთმანეთთან დიალოგი უნდა გავმართოთ. უცნაურია, თუ რატომ განიხილა რუსეთის სათათბიროს სამმა კომიტეტმა საქართველოში არსებული ვითარება”, განაცხადა ბურჯანაძემ. რუსეთის სათათბიროს დსთ-ის, საგარეო ურთიერთობათა და თავდავის კომიტეტებმა 21 მარტს გამართულ დახურულ სხდომაზე საქართველოში შექმნილი სიტუაცია განიხილეს. რუსეთის სახელმწიფო მოხელეები ირწმუნებიან, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარებას საქართველო აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის განხორციელებისთვის გამოიყენებს.