ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს ადამიანის უფლებათა დიალოგის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში იგეგმებოდა, განუსაზღვრელ დრომდე გადაიდო. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმაც დაადასტურა გადადების ფაქტი და განაცხადა, რომ ეს „ქართული მხარის მიერ შექმნილმა დაბრკოლებებმა“ გამოიწვია. მან დასძინა, რომ ევროკავშირი „მზადაა ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრის ჩასატარებლად, რათა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია წარმოადგინოს“. ინფორმირებულმა წყარომ „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადა, რომ შეხვედრა მას შემდეგ გადაიდო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციის სიაში სანქცირებული თანამდებობის პირი შეიყვანა.

ტექნიკური შეხვედრის გადადება თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე მოხდა, რაც მაღალი დონის ჩართულობის არარსებობით ხასიათდება. 2025 წლის გაფართოების ანგარიშში კომისიამ მკვეთრად გააკრიტიკა საქართველო თითქმის ყველა სფეროში უკუსვლის გამო და განაცხადა, რომ მას „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“. 18 ნოემბერს ევროკომისიის გაფართოების ფორუმზე საქართველო არ მიიწვიეს.  

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომელთა სამიზნეებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და ლგბტ+ პირები არიან, უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, გაათავისუფლოს ისინი, ვისაც პოლიტიკურად პატიმრად მიიჩნევს და ზოგადად შეცვალოს კურსი.

This post is also available in: English

Back to top button