
აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების დაკავებას შეშფოთება მოყვა
ბოლო კვირების განმავლობაში, თბილისში აქციების გაშუქებისას, სულ მცირე, სამი ჟურნალისტი დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანის მიმართ კვლავ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, რაც შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებები შესაძლოა მმართველი პარტიის უფრო ფართო ზეწოლის ტაქტიკის ნაწილი იყოს.
ჟურნალისტების „საჩვენებელი დაკავებები“ „ჟურნალისტების დაშინებას ემსახურება, რათა მათ საპროტესტო აქციების გაშუქება შეწყვიტონ და ამ აქციების მონაწილეთა უფლებების დარღვევის დოკუმენტირება ვერ შეძლონ“, განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 5 ნოემბერს.
ბოლო ინციდენტი ეხებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ლიზა ციციშვილს, რომელიც 5 ნოემბერს რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიათრევს რამდენიმე პოლიციელი მას პოლიციის მანქანისკენ, როდესაც მას ხელში მიკროფონი უჭირავს, ხოლო ახლო მყოფი ჟურნალისტები ყვირიან, რომ ის ჟურნალისტია. ციციშვილი მალევე გაათავისუფლეს.
„თავისუფალი ვარ ბოდიში მომიხადეს და გამათავისუფლეს რადგან ჟურნალისტი ვარ. მადლობა მეგობრებო. მზია ამაღლობელი 300 დღეა ციხეშია. ასე რომ ამ ვითარებაში არაუშავს. დანარჩენი სულერთია. ბოლომდე“, – დაწერა ციციშვილმა „ფეისბუქზე“.
მანამდე, 3 ნოემბერს, პოლიციამ „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავა, როდესაც ის საპროტესტო აქციის ადგილს ტოვებდა და სახლში მიდიოდა. 51 წლის კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს და მალევე გაათავისუფლეს.
უფრო ადრე, 24 ოქტომბერს, „პუბლიკამ“ დაწერა, რომ მისი ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, რომელიც საპროტესტო აქციებს აშუქებდა, ასევე მცირე ხნით დააკავეს საკუთარ სახლთან ახლოს. გამოცემის ინფორმაციით, მის მანქანასთან ორი პოლიციელი მივიდა და მანქანაში ჩაისვეს. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ სამსახურებრივი პრესბარათიც წარუდგინა. მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მიიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ.
This post is also available in: English
