სტრასბურგის სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე „უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობა“ დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 დეკემბერს დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი 1 ნაწილი) უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო. ამავდროულად, გადაწყვეტილების და მასში მოყვანილი მიზეზების განხილვის შემდეგ, სასამართლომ არ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო იმ დონემდე, რომ შელახულიყო სამართალწარმოების სამართლიანობა ან გამოეწვია „სამართლიანობის უარყოფა“.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს კოლეგიაში მოსამართლე შალვა თადუმაძის ყოფნამ, რომელიც მანამდე კეზერაშვილის საჩივრის განხილვის დროს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მსახურობდა, „ეჭვქვეშ დააყენა უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობა“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თადუმაძე უშუალოდ არ არ იყო ჩართული საქმეში გენერალური პროკურორის რანგში, მის ყოფილ თანამდებობას და მოვლენების განვითარების დროს ბრალდების მხარის შუამდგომლობის მხარდაჭერის შთაბეჭდილება შეეძლო შეექმნა.
სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ კეზერაშვილის მიმართ არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები, უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით.
საქმე ეხებოდა სასამართლო პროცესების მთელ რიგს, რომელშიც კეზერაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გაფლანგვის ბრალდებით გაასამართლეს, გაამართლეს და საბოლოოდ, დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა. გაფლანგვის ბრალდებები ეხებოდა 2006-2008 წლებში კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს სამხედრო მომზადების კონტრაქტს. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ის გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილებები და მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განჩინება საბოლოო გახდება სამ თვეში, თუ რომელიმე მხარე არ მოითხოვს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემას, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, კეზერაშვილმა განაცხადა, რომ „სტრასბურგის სასამართლო არ არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ეროვნულ დონეზე წარმოდგენილ ბრალდებაზე მსჯელობს და განაჩენს გადასინჯავს“. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ „კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემ მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, სამათალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი“. კეზერაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამავე საქმეზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ „საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში აწარმოებდა პოლიტიკურ დევნას ჩემ წინააღმდეგ“. მოგვიანებით, მან დაწერა პოლიცია მის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად ემზადება.
იმავდროულად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)