skip to content
ინტერვიუმოსაზრება

ინტერვიუ | ანტონ ჰოფრაიტერი: საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ გადაწყვიტა, უარი თქვას ევროკავშირში ინტეგრაციაზე

გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერი 19-20 ნოემბერს, სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ესტუმრა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. საგულისხმოა, რომ ანტონ ჰოფრაიტერი წინა მოწვევის პარლამენტის წევრებს არ შეხვედრია. ხელისუფლების მხრიდან დასავლელ პარლამენტარებთან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე უარის თქმა ბოლო პერიოდში ჩვეული მოვლენა გახდა, ვინაიდან ბევრის მიერ სულ უფრო ავტოკრატიულად მიჩნეულ საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობა უპრეცედენტოდ დაბალ ნიშნულზეა. ბოლო სადავო საპარლამენტო არჩევნებმა კი მხოლოდ გააღრმავა ეს განხეთქილება.

ნატა ქორიძემ „სამოქალაქო საქართველოდან“  ჰოფრაიტერს მიმდინარე მოვლენებისა და ქართულ-გერმანული ურთიერთობების პერსპექტივებზე ესაუბრა. ჰოფრაიტერი ყოფილი ასოცირებული ტრიოს – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერადაა ცნობილი.

——————————–

„სამოქალაქო საქართველო“: ჩვენთან თქვენს წინა ინტერვიუში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში შედგა, როდესაც უცხოელი აგენტების კანონი ხელახლა იქნა ინიცირებული, რასაც საზოგადოების პროტესტი მოყვა, თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად უნდა ემოქმედა, რათა ევროინტეგრაციის გზაზე წინ წასულიყო. თუმცა, კანონი მაინც მიიღეს, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

კანონი მხოლოდ სიმპტომი იყო და ჩვენ უფრო მძიმე პროცესები ვიხილეთ, როგორებიცაა რეპრესიების კამპანია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბება, რომლის შედეგებიც, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, სადავო იყო. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად ამწვავებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების მკვეთრი ანტიდასავლური რიტორიკა. როგორ გამოიყურება საქართველოში მიმდინარე პროცესები გერმანიიდან და რა პერსპექტივები აქვს ამ ვითარებაში საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად?

ანტონ ჰოფრაიტერი: ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოსგან ველით და ძალიან შეშფოთებულნი ვართ ყველაფრით, რაც ხდება.

მე ძალზე შეშფოთებული ვარ, რადგან უამრავი ინფორმაცია მივიღე დამოუკიდებელი დამკვირვებლებისგან მასშტაბური მანიპულაციების შესახებ, რომლის მასშტაბიც საქართველოში აქამდე არ დაფიქსირებულა; მანიპულაციებს წინა არჩევნებზეც ჰქონდა ადგილი, თუმცა არა ასეთი მასშტაბის. ნება მომეცით ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ოპოზიციის აკრძალვის მუქარა სრულიად მიუღებელია.

საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ გადაწყვიტა, უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. უცხოელი აგენტების კანონის, ანტი-ლგბტ კანონისა და ამგვარი საარჩევნო მანიპულაციით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შესაძლოა არაოფიციალურად, თუმცა დე-ფაქტო, ჩამოშორებოდა ევროინტეგრაცის გზას. აშკარაა, რომ საქართველომ უკან უნდა გაიწვიოს ეს კანონები, რომლებიც შეუსაბამოა მის ევროპულ მისწრაფებებთან, თუმცა ამ არჩევნების შემდეგ ნათელია, რომ  საქართველომ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ზოგიერთმა ქვეყანამ ფინანსური დახმარება შეწყვიტა. ევროკავშირმა ასევე შეამცირა მთავრობისთვის პირდაპირი ფინანსური და თავდაცვის სფეროს დახმარება, ხოლო ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა გააუქმეს სხვადასხვა პროგრამები. შეგიძლიათ ჩვენს მკითხველს უთხრათ, რა ნაბიჯები გადაიდგა გერმანიის მხრიდან საქართველოს ანტიდემოკრატიული ტენდენციების საპასუხოდ, რა მოლოდინებია და რა როლი ეკისრება ბუნდესტაგს ამ პროცესში?

დიახ, გერმანიამ გამოხატა შეშფოთება და ჩვენ გვქონდა დისკუსია პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში; გერმანიის პარლამენტისთვის აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე უარი თქვას.

გერმანიის მთავრობა, ისევე როგორც პარლამენტი, აპირებს განიხილოს სამომავლო ნაბიჯები. არსებობს მოსაზრებები იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. ეს ნაბიჯები უნდა იყოს ძალიან ფრთხილად გადადგმული ევროპული და გერმანული კანონმდებლობის ფარგლებში. ასევე საუბარია საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შემცირებაზე.

თქვენ „პასუხისმგებელი” პირები ახსენეთ, აპირებს თუ არა გერმანია მათ წინააღმდეგ ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა სანქციები?

როგორც უკვე ვთქვი, შემდეგი ნაბიჯები ახლა გულდასმით განიხილება. სანქციების უმეტესობა ევროკავშირის კომპეტენციაშია და ბრიუსელში განხილვას საჭიროებს. თუმცა, რაც გერმანიის კომპეტენციაშია, არის საქართველოსთვის გაცემული ორმხრივი დახმარების ოდენობა. ფაქტობრივად, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იღებს ყველაზე მეტ ორმხრივ დახმარებას ერთ სულ მოსახლეზე გერმანიისგან, ამიტომ არსებობს შესაძლო რეაქციების ფართო სპექტრი. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მიერ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევა ცალსახად და ნეგატიურად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე.

რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან კულუარულ საუბარში ისინი აღიარებენ, რომ რაღაც მომენტში, თუ მიმდინარე პროცესები იმ მიმართულებით განვითარდება, როგორც ამჟამად, შესაძლოა მოუწიოთ ურთიერთობა ახალ პარლამენტსა და ახალ მთავრობასთან, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი იქნებიან მათი ერთადერთი კოლეგა. რა არის თქვენი შეფასება?

ამჟამად ჩვენ იმდენი კითხვა გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ეს გაურკვევლობას იწვევს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობა ახალი პარლამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ არ ვგეგმავთ ამაში ჩართვას, სანამ ამ კითხვებზე პასუხები არ გაიცემა.  ველოდები დამოუკიდებელ და სანდო გამოძიებას მანიპულაციებთან დაკავშირებით. ყველა იმ ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც მე გავეცანი, ველოდები ახალ არჩევნებს საჭირო პროცესის შემდეგ, რომლის მიზანი იქნება საქართველოში ჭეშმარიტად დემოკრატიული გარემოს აღდგენა; ეს კი შექმნის სამართლიან პირობებს პოლიტიკური კონკურენციისთვის.

ამ კუთხით, განიხილება თუ არა მიმდინარე კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის, მიერ გამოცხადებული ტექნიკური მისია ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად?

დიახ, ეს არის პირველი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერებაზე მინდა გკითხოთ, რადგან საქართველოშიც კი ამ საკითხზე ორი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ამ ნაბიჯის მომხრეები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ, რომ მთავრობა რეალურად არ ისწრაფვის ევროკავშირისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ის საპირისპიროს ამტკიცებს; მომხრეები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველო მაინც დაკარგავს უვიზო მიმოსვლას, თუ ავტორიტარიზმისკენ სვლას გააგრძელებს. ოპონენტები კი ამბობენ, რომ თუ ევროკავშირი შეაჩერებს ვიზალიბერალიზაციას, დაისჯება მხოლოდ ხალხი. როგორც ვიცით, შეჩერების წინააღმდეგია გერმანიაც. მაგრამ ჩვენ ასევე მოვისმინეთ, მაგალითად, ბუნდესტაგში თქვენი კოლეგის მიხაელ როთის განცხადება, რომ მან გადაიფიქრა და ახლა თვლის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სწორია.

ძალიან კარგად მესმის, როგორ დააზარალებს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ადამიანებს; ამიტომ, უპირატესობას ვანიჭებ სანქციებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნულ მანიპულაციებზე.

თუმცა, ამჟამად ყველა ვარიანტი განიხილება. ანგარიშები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ცხადყოფს, რომ არჩევნებზე მასშტაბური მანიპულაციები ხორციელდებოდა. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია შესაბამისი ზომები.

ამ არჩევნების შემდეგ, მოქალაქეებმა დაკარგეს იმედი და ნდობა არჩევნებში. ქართულ საზოგადოებაში შეინიშნება იმედგაცრუებაც; პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წამოაყენა ხელახალი არჩევნების ჩატარების ინიციატივა. მან თქვა: მოდით, შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკური კონფიგურაცია შუალედური პერიოდისთვის და ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ხედავთ თუ არა აღნიშნულს, როგორც ჰიფოთეტურ გამოსავალს ამ სიტუაციიდან?

ვხედავ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გადაუხვიოს ევროპულ გზას, რასაც ცხადყოფს ბოლო დროს მიღებული კანონები და არჩევნების ჩატარების პროცესი.

ახალი არჩევნების ჩატარებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ისინი სამართლიანი და გამჭვირვალე იქნება; დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან გაცილებით მეტი მონაწილეობაა საჭირო. ეს მოითხოვს მრავალ პროფესიონალურ და პოლიტიკურად მიუკერძოებელ დამკვირვებელს, განსაკუთრებით ეუთოდან, რადგან ჩვენ ვნახეთ მანიპულირების უამრავი მაგალითი, როგორებიცაა პირადობის მოწმობების გადაცემა ერთი ადამიანიდან მეორეზე.  ამასთან არ იყო დაცული ხმის მიცემი ფარულობა, რამდენადაც ამომრჩევლის არჩევანი ფურცლის მეორე მხრიდან ჩანდა. ბევრი სხვა სახის მანიპულაციები დაფიქსირდა, ამიტომ აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორდეს.

ამასთანავე, მოქალაქეები გადაიღალნენ და შიშობენ, რომ საქართველო ნელ-ნელა იძირება იმ ნაცრისფერ ზონაში, სადაც ის თითქოსდა მივიწყებულია და არ არის ევროკავშირისა და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში. ფაქტია, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატის კაია კალასის მოსმენის დროს, საქართველო არ იყო ნახსენები. არსებობს სხვა ნიშნები, სადაც უკვე ჩანს, რომ საქართველოს საკითხი ერთგვარად გვერდზეა გადადებული; ეს კი იწვევს დიდ შეშფოთებას ქვეყანაში, კერძოდ იმ ადამიანებს შორის, ვისაც სურს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. მათ არ შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ იმ პროცესებზე, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს. რა არის თქვენი გზავნილი ამ ხალხითვის?

თუ თქვენ დაუბრუნდებით ევროკავშირის წევრობის გზას, საბოლოოდ უფრო უსაფრთხო მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ვიდრე ახლა ხართ. დააკვირდით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ისინი ახლოს იყვნენ რუსეთთან და ყოველთვის პრობლემები ჰქონდათ რუსეთთან. ახლა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები, ისინი მყარი დემოკრატიები არიან ძლიერი ეკონომიკით. მე მხოლოდ შემიძლია ვურჩიო საქართველოს, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რათა ითანამშრომლოს ევროპელ პარტნიორებთან მდგრადი მშვიდობისთვის და არ იყოს დამოკიდებული რუსეთის ავტოკრატიაზე.

საქართველოსთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა უფრო დიდი თავსატეხის ნაწილია და დაკავშირებულია რეგიონში, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიულ რევანშიზმზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნების თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას. ამიტომ, რაც საქართველოში ხდება, აუცილებლად იმოქმედებს რეგიონში არსებულ ქვეყნებზე, მათ შორის სომხეთსა და მოლდოვაზე და ა.შ. რამდენად განიხილება გერმანიაში ამ პრიზმით საქართველოში განვითარებული მოვლენები?

ჩვენ ვცხოვრობთ ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის უნდა შევხედოთ მთლიან რეგიონს და არა მხოლოდ ერთ ქვეყანას. როგორც ევროპელები, ჩვენი სასიცოცხლო საერთო ინტერესია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ყველა ევროპულ სახელმწიფოსთან, რათა ვიცხოვროთ მშვიდობიანად. სწორედ ამიტომ, ომი უკრაინაში ყველას გვეხება.

ყველას არა, მაგრამ მრავალი ადამიანი იაზრებს, რომ რუსეთთან გამკლავება მხოლოდ ძლიერის პოზიციიდან შეიძლება და არა სუსტის პოზიციიდან. რუსეთთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებს შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია აქვს, თუ ძლიერის პოზიციიდან ესაუბრები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბევრად მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად, რადგან თუ რუსეთს სუსტის პოზიციიდან ესაუბრები, საუბრით ბევრს ვერაფერს მიაღწევ.

This post is also available in: English (ინგლისური)