საქართველოს არჩევნები: სიკვდილი ასი ლახვრით
საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნები მხოლოდ ხარვეზებით არ ხასიათდებოდა; ეს იყო ზედმიწევნით კარგად ორკესტრირებული თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიაზე, რომელიც თითქოსდა ასი ლახვრით განგმირეს. ასეთია ყოვლისმომცველი ანგარიშის დასკვნა, რომელიც აანალიზებს, თუ რა ვიცით ამ ეტაპზე 26 ოქტომბრის არჩევნების ჩატარების შესახებ.
ჰანს გუტბროდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი, რომელიც მას ლონდონის ეკონომიკის სკოლამ მიანიჭა. კავკასიის რეგიონში იგი 1999 წლიდან მოღვაწეობს.
წინამდებარე ანალიტიკური ნარკვევი არსებული ანალიზის სინთეზს წარმოადგენს; ის ეყრდნობა სანდო წყაროებსა და კვლევებს; ანგარიშში მოცემულია რაოდენობრივი შეფასებებიც, სადაც ამის გამოთვლა შესაძლებელი იყო. ანგარიში ასევე მოიცავს დამოუკიდებელ სტატისტიკურ ანალიზს. ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ.
ანგარიში თავდაპირველად დონორის დაკვეთით მომზადდა, რომელსაც ამ რეგიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ეფუძნება ანგარიშის ავტორის გამოცდილებას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქართულ არჩევნებს სხვადასხვა რანგში აკვირდებოდა. ანალიზში საკუთარი წვლილი სტატისტიკის ექსპერტებმაც შეიტანეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოცხადებული შედეგები, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხმების 54%-ით ლიდერობს, ყველა სანდო მტკიცებულებას ეწინააღმდეგება. ამ შედეგით, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ 2020 წლის წინა არჩევნების შემდეგ, როდესაც მან ხმების 48% მიიღო, დამატებით 191 942 ამომრჩევლის მობილიზება შეძლო.
ეს სავარაუდო ზრდა აშკარა შეუსაბამობაშია მმართველი პარტიის პოპულარობის კლებასთან. გამოფიტვის შეგრძნება საუკეთესოდ თავად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში გამოხატა, როდესაც მან მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა „ქართული ოცნებისთვის“ მიეცათ, თუმცა იქვე განაცხადა:
„ქართული ოცნებაც ამოუვიდა ალბათ ხალხს ყელში… 12 წლის მანძილზე რომ ერთი და იგივე ხელისუფლება აირჩიო დემოკრატიულ სახელმწიფოში, ძალიან რთულია… ჩემი გვარის გაგონება, მე თვითონ მომეწყინა უკვე“.
ყველა არსებული კვლევა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართალი იყო. ქართველ ხალხს მართლაც მობეზრდა მმართველი პარტია. სანდო საერთაშორისო კომპანიების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა, უამრავმა წინასაარჩევნო გამოკითხვამ და თუნდაც „ქართული ოცნების“ შიდა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიები ლიდერობდნენ.
მრავალმხრივი თავდასხმა დემოკრატიაზე
იმისათვის, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგისთვის მიეღწია, „ქართული ოცნების“ სტრატეგია მრავალმხრივ მიდგომას ეყრდნობოდა და რიგ ტაქტიკებს იყენებდა არჩევნების შედეგით მანიპულირებისთვის. ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო დონეს, როდესაც ხმების მოსაპოვებლად ფულადი სახსრები და ვაუჩერები რიგდებოდა, ემატებოდა ამომრჩეველთა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების ფართომასშტაბიანი დაშინება.
დაშინება არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. კერძოდ, ის სათავეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებიდან იღებს და მოიცავდა პირდაპირ ძალადობას, მუქარის სატელეფონო ზარებს და ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. თბილისის გარეთ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი იყვნენ ასეთი ზეწოლის მიმართ.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, რაც დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური საყრდენია, ამ სტრატეგიის კიდევ ერთი საკვანძო ელემენტი იყო. საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ნახევრად გამჭვირვალე ბიულეტენებისა და ხმების დათვლის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებამ ხმების ფარულობას საფრთხე შეუქმნა, რის გამოც ამომრჩევლები დაუცველნი გახდნენ იძულებისა და მანიპულაციების მიმართ. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ცესკომ მრავალჯერადი ხმის მიცემის წინააღმდეგ არსებული მნიშვნელოვანი გარანტიები გააუქმა. ეს და სხვა ხარვეზები ცალსახად ადასტურებს, რომ ცესკოს თავმჯდომარე მიზანმიმართულად მოქმედებდა.
მოსყიდვის მასშტაბების შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ ხმების მოსყიდვის ზუსტი მასშტაბის დადგენა რთულია, უხეში გაანგარიშებით, „ქართულმა ოცნებამ“, დაახლოებით, 45 მილიონი ლარი დახარჯა ხმების მოსაპოვებლად. ეს გაანგარიშება ეფუძნება ცალკეული ამომრჩევლებისთვის გადახდილი თანხების შესახებ არსებულ მონაცემებს, ასევე მონაცემებს იმ ამომრჩევლების შესახებ, რომელთაც არ სურდათ „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა, თუმცა მათი მოსყიდვა მოხერხდა, და ასევე ამ ფართომასშტაბიან ოპერაციასთან დაკავშირებულ ზედნადებ ხარჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მოსყიდვის ფაქტის დამალვას ცდილობენ, რადგანაც ეს უკანონობაა, დამკვირვებლებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები ქვეყნის დიდ ნაწილში დააფიქსირეს.
შესაბამისობის დადგენის ექსპერიმენტი: არჩევნების დღის დარღვევების გავლენა
სტატისტიკურმა ანალიზმა ამომრჩეველთა აქტივობისა და მმართველი პარტიისთვის მიცემული ხმების წილში დარღვევები გამოავლინა. კვლევისას გამოყენებულ იქნა რთული სტატისტიკური ტექნიკა, რომელიც ცნობილია როგორც „შესაბამისობის დადგენა“, რათა ცალკე გამოყოფილიყო არჩევნების დღის კონკრეტული დარღვევების გავლენა საბოლოო შედეგებზე. ანალოგიური უბნების შედარებით, სადაც აღირიცხა და არ აღირიცხა დარღვევები, ამ კვლევას შეუძლია შეაფასოს ხმების მინიმალური რაოდენობა, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონია დაშინებამ, ძალადობამ და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევამ. შესაბამისობის დადგენის ექსპერიმენტის ყველაზე ყურადსაღებ დასკვნებს შორისაა:
- ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მნიშვნელოვანი გავლენა: იმ უბნებზე, სადაც დამკვირვებლებმა ეს დარღვევები დააფიქსირეს, მმართველმა პარტიამ, საშუალოდ, დამატებით 30 ხმა მიიღო, ხოლო ოთხმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ 41 ხმა დაკარგა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ ძალადობამ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა შედეგის შეცვლის საქმეში.
- ხმების ფარულობის დარღვევის მნიშვნელოვანი შედეგი: იმ უბნებზე, სადაც დამკვირვებლებმა ხმის ფარულობის დარღვევა დააფიქსირეს, ოპოზიციამ, საშუალოდ, დამატებით 53 ხმა დაკარგა. ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობებისთვის ნახევრად გამჭვირვალე ბიულეტენების ფართოდ გამოყენების გათვალისწინებით, ამ დარღვევამ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად იმოქმედა საერთო შედეგებზე.
მხოლოდ ამ ორ დარღვევას, არჩევნების დღის წინ მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებთან ერთობლიობაში, შეეძლო ათიათასობით ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიემართა.
საერთო დასკვნები, მრავალ სტატისტიკურ ანომალიასთან ერთად, ცხადყოფს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები საქართველოს მოსახლეობის ნებას არ გამოხატავს.
.
This post is also available in: English (ინგლისური)