რუსეთის ოფიციალური პირები დასავლეთს „ნეოკოლონიალიზმსა“ და საქართველოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ „ნეოკოლონიალიზმში“ დაადანაშაულა და თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად კურსს არ შეიცვლის, შემდეგი ეტაპი ნეოკოლონიალიზმი იქნება. „დემოკრატია, სერ, ჩამოვედით. შემდეგი გაჩერება – ნეოკოლონიალიზმი“, – წერს იგი.
მის კომენტარს წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადება, რომლის მიხედვითაც აშშ არ გამორიცხავს შემდგომ ნაბიჯებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება. მილერის თქმით, წლის განმავლობაში აშშ მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა თავის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას. მილერმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო დამკვირვებლებს შეისწავლონ ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „სიტუაციის დესტაბილიზაციას“ ცდილობს.
„ფაქტობრივად, საჯაროდ არის გამოცხადებული, რომ რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები ხორციელდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ჩარევის მცდელობები, მაგრამ არა რუსეთის მხრიდან. ევროპის ქვეყნებიდან ძალების დიდი რაოდენობა ცდილობდა ამ კენჭისყრის შედეგზე გავლენის მოხდენას“, – განაცხადა პესკოვმა. „ჩვენ არ ჩავრეულვართ საქართველოს საშინაო საქმეებში და არც ვაპირებთ ჩარევას“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა კენჭისყრის შედეგს „ქართველი ხალხის არჩევანი“ უწოდა. „ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს ამ არჩევნების შედეგებში“, – განაცხადა მან. საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების შედეგების არცნობის საკითხის კომენტირებისას, მან აღნიშნა, რომ არ იცის „მისი უფლებამოსილებაა თუ არა აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნების შედეგები“, თუმცა დასძინა: „ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საქართველოს საშინაო საქმეა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)