პაპუაშვილი უკრაინას „სამართლიან მშვიდობას“ უსურვებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში მოცემული გზავნილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მან ისაუბრა გამოსავლის პოვნის მნიშვნელობაზე და უკრაინელებს „სამართლიანი მშვიდობა“ უსურვა. მშვიდობა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ცენტრალური საკითხია.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. „ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდში ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი“.
„უკრაინის საზარელი კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა“, – განაცხადა მან. „ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“.
„გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის“, – განაგრძო მან. „კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას“.
„ჩვენ, ჩვენი ზომისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მძვინვ არე ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს სამართლიან მშვიდობას ვუსურვებ და იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)