მიხაილ გალუზინი: დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით მოდიან
„დასავლეთის დღის წესრიგი სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის არ შეესაბამება რეგიონის ქვეყნების ინტერესებს“, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა 20 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს პარიზსა და ერევანს შორის გაძლიერებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხის კომენტირებისას.
გალუზინის კომენტარი წინ უძღოდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს მიერ კვირის დასაწყისში ერევანში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ სომხეთმა საფრანგეთთან კონტრაქტი გააფორმა ფრანგული CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო სისტემების შეძენის თაობაზე, რომელსაც პარიზი კიევს აწვდის. მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ფრანგულ-გერმანულ თავდაცვის კონცერნ KNDS-თან. კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა.
გალუზინმა განაცხადა, რომ „არარეგიონელები სამხრეთ კავკასიაში თავიანთი დღის წესრიგით მოდიან, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველთვის არ შეესაბამება რეგიონის სახელმწიფოების ინტერესებს. დღეს დასავლეთის ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში ღიად კონფრონტაციული ანტირუსული დღის წესრიგით მოდიან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუწყობს სტაბილურობას და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში“
„მიგვაჩნია, რომ რეგიონული უსაფრთხოება შესაბამისი რეგიონის სახელმწიფოების ძალისხმევით უფრო ეფექტურად იქნებოდა უზრუნველყოფილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ პასუხისმგებლობას სამხრეთ კავკასიაში და სხვა რეგიონებში როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით“, – დასძინა რუსმა დიპლომატმა.
ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში ესკალაციის პროვოცირებას ახდენს, სომხეთისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მიწოდების თაობაზე კონტრაქტის გაფორმების გზით. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება არ ხელმძღვანელობს სომხეთის ინტერესებით. ზახაროვას თქმით, პარიზი „ცდილობს გამოიყენოს არსებული უთანხმოება, წინააღმდეგობები ქვეყნებში ან ქვეყნებს შორის, როგორც ინსტრუმენტი საკუთარი ოპორტუნისტული მიზნების მისაღწევად. ამ მიზნებში ვგულისხმობ არა მხოლოდ ელისეს სასახლის პირად ინტერესებს, არამედ საფრანგეთსაც, ასე ვთქვათ, ნატოს იდეოლოგიის გამტარებელს“.
გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აზერბაიჯანმა საფრანგეთის ხელისუფლება გააკრიტიკა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმება არის „სამხრეთ კავკასიის რეგიონში საფრანგეთის პროვოკაციული ქმედებების კიდევ ერთი მტკიცებულება“ და რომ „მაკრონის დიქტატურას სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავებასა და ომის ახალი კერის გაჩენაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება“.
აზერბაიჯანთან ყარაბაღის გამო 2023 წლის ომის შემდეგ და რუსეთთან, აქამდე მის ტრადიციულ მოკავშირესა და იარაღის მთავარ მიმწოდებელთან, მზარდი დაძაბულობის ფონზე, სომხეთი საფრანგეთთან სამხედრო კავშირებს აძლიერებს. ერევანმა პარიზიდან სამხედრო დახმარების მიღება 2023 წელს დაიწყო. სომხეთის არმიისთვის ჯავშანტექნიკის პირველი პარტია სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ლეკორნუმ განაცხადა, რომ პარიზი აპირებდა სომხეთისთვის სამი Ground Master 200 (GM200) ტიპის რადარის სისტემის მიყიდვას და რომ დაგეგმილი იყო განზრახულობის წერილის ხელმოწერა სარაკეტო სისტემების მწარმოებელ MBDA-სთან Mistral MANPADS-თან დაკავშირებით. საფრანგეთი ასევე მოამზადებს სომეხ სამხედროებს საჰაერო თავდაცვის სფეროში.
თებერვალში სომხეთისა და საფრანგეთის სამხედრო უწყებების ხელმძღვანელებმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები დასახეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების, საბრძოლო მომზადების, სხვადასხვა წვრთნების, საკონსულტაციო და საექსპერტო მხარდაჭერის საკითხებზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)