საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მაისს ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა დაიბარა. საქართველოს საგარეო უწყების პრეს-რელიზის თანახმად, ელჩი „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ დაიბარეს.
ორი დღის წინ, 29 მაისს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ელჩი სალომე შაფაქიძე დაიბარა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აგენტების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი საბოლოოდ მიიღო.
„საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე „მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)