ეუთო/ოდირის სამართლებრივი ანალიზი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ეუთო/ოდირი) 30 მაისს „უცხოელი აგენტების“ კანონის შესახებ გადაუდებელი სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ კანონი „შეიცავს სერიოზულ ხარვეზებს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის, როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოს ვალდებულებებთან, და ამიტომ, ის უნდა გაუქმდეს“.

ოდირმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ მოხსენიება მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიღების საფუძველზე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მკაცრ მოთხოვნებს. ანალიზი ასევე ადარებს საქართველოს კანონს სხვა ქვეყნების სამ მაგალითს, რომელსაც მმართველი პარტია კანონის მიღების გასამართლებლად იყენებს, და აღნიშნავს, რომ აშშ-ის FARA-სთან ან ავსტრალიის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტთან შედარებით, ფუნდამენტური განსხვავება კანონების გამოყენებასა და მიზანში მდგომარეობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები მოითხოვს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ადვოკატირებასა და ლობირებაში უცხოური ხელისუფლების სახელით, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, ისინი არ ასახელებენ  სამოქალაქო საზოგადოების ან მედიას ყველა ორგანიზაციას უცხოეთის წარმომადგენლად მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ“, – აღნიშნავს ოდირი.

თავის გადაუდებელ მოსაზრებაში ოდირი ასევე მიუთითებს „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს ადამიანური განზომილების ვალდებულებებთან შეუსაბამობაზე, უპირველეს ყოვლისა გაერთიანების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებთან, ასევე სხვა უფლებებთან მიმართებით, როგორიცაა პირადი ცხოვრების პატივისცემა, მონაწილეობა საჯარო საქმეებში და დისკრიმინაციისგან თავისუფლება“. იგი აღნიშნავს, რომ დაფინანსებაზე, მათ შორის უცხოურ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, გაერთიანების თავისუფლების უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია და ხაზს უსვამს, რომ გამჭვირვალობის გაზრდა თავისთავად არ არის გაერთიანების თავისუფლების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეუსაბამოს. ის ხელისუფლებას ნაკლებად ინტრუზიულ ალტერნატივებს სთავაზობს, მათ შორის ლობირების რეგულირებას, პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის დაფინანსების მკაცრი წესების დაცვას და ანტიკორუფციული ან ანტიტერორისტული კანონების განხორციელებას საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რიგი ვალდებულებები, რომლებიც შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დაეკისროს და გამართლებულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით,  ისინი არ უნდა იყოს კონკრეტულად მიმართული სამოქალაქო საზოგადოების სექტორზე ან არ უნდა იყოს მიჩნეული, რომ სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, უცხო ძალის ინტერესების გამტარებელია“, – აცხადებს ოდირი.

ოდირი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ხელისუფლებას საკანონმდებლო ან სხვა გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომლებიც რეალურ წუხილებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მოაგვარებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version