შარლ მიშელი: გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას აშორებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და მის საბოლოო მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონის მიღება „უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო „შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა“. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ პარლამენტმა 28 მაისს რუსული სტილის კანონი მიიღო. „პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს”, – დაწერა შარლ მიშელმა ტვიტერზე.

„საქართველოს მოსახლეობამ მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ სწრაფვას მხარი დავუჭიროთ. ამიტომ, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version