skip to content
ახალი ამბები

„რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ ეროვნული ვალუტებით ვაჭრობასა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემხრობა

14 მაისს „რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ორ ქვეყანას შორის „ურთიერთობების განვითარებაზე“ იმსჯელა. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს „ქვეყნების დაახლოების მიზნით შემდგომი მუშაობის აუცილებლობას“ და მოუწოდეს, რომ ვაჭრობის სფეროში ფინანსური ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტებში – რუბლსა და ლარში განხორციელდეს.

„რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ 2023 წლის თებერვალში დაარსდა და რუსეთის ოფიციალურ პირებთან ერთად იმ ბიზნესმენებს აერთიანებს, რომლებიც რუსეთში ქართულ დიასპორას წარმოადგენენ. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, საბჭოს ხელმძღვანელობს იური ბალაშოვი, რომელიც შპს „ინოვაციური კომპანია RUMB“-ის გამგეობის თავმჯდომარეა. თავად კომპანია 2019 წელს რუსეთის ქალაქ დუბნაში დაფუძნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის მცირე კომპანია, რომელიც ძირითადად სანავიგაციო, მეტეოროლოგიური და გეოდეზიური აღჭურვილობის წარმოებაზე მუშაობს.

საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებაში ჩართული არც ერთი ადამიანი არ ეჭვობს, რომ ურთიერთობები განვითარდება და არ გაიყინება. მან შეხვედრის მონაწილეებს გეგმების განხორციელებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

პადალკომ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში მნიშვნელოვანი ამბიციები გააჟღერა და, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის გავლით საავტომობილო ტრანსპორტის გაფართოებასა და სარკინიგზო კომუნიკაციების აღორძინებაზე გაამახვილა ყურადღება.  

„რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარემ იური ბალაშოვმა შეხვედრის მონაწილეებს გასულ წელს სავიზო რეჟიმის გაუქმებითა და პირდაპირი ფრენების დაწყებით ქვეყნებს შორის გადაადგილების ხელშეწყობის შედეგები გააცნო. ბალაშოვის თქმით, 2023 წელს საქართველოს რუსეთიდან 1,2 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 10%-იანი ზრდაა, და საქართველოში ტურისტების მთლიანი რაოდენობის 23.2%-ია. მან დასძინა, რომ ამჟამად კვირაში 30-ზე მეტი რეისი სრულდება მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან და მინერალნიე ვოდიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით და აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები უნდა განვითარდეს, რათა რუსეთისა და საქართველოს ახალი ქალაქები მოიცვას.

შეხვედრას დაესწრნენ რუსეთის ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე, რომელმაც მხარი დაუჭირა წინსვლისა და რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ძლიერი საფუძვლის შექმნის იდეას. სხვა მონაწილეებს შორის იყვნენ ნიკოლაი ტუბენშლიაკი, ბიზნესის განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორი; ტრიპსპეისის მფლობელი სოსო გურული; საქართველოში გლემპინგის მფლობელი ვიტალი იაზვენკო; მარიკა ბურჭულაძე, VR Holding-ის გაყიდვების მენეჯერი; Green Garden-ის გენერალური მენეჯერი თამარა ბერულავა; ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვი; და „რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილე სემენ ნადაშვილი; და ა.შ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button