ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს სტუმრობს

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით პირველად ესტუმრა.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ასევე არიან ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბაქოში 16 მარტს ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი თავის კოლეგას, ალი ასადოვს და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 მარტს ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის „მაღალ დონეს“. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, „მჭიდრო თანამშრომლობას“ გაუსვეს ხაზი. მათ ერთობლივი სტრატეგიული პროექტები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზადყოფნა, „საქართველომ მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა ამ პროცესში“.

შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ტვიტერზე დაწერა, რომ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება კვლავ პრიორიტეტად რჩება. პრემიერის თქმით, მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ.  

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

დღესვე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ალი ასადოვს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში, წარმატებული თანამშრომლობა.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ერთობლივ რეგიონულ პროექტებს. „აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის განსაკუთრებულ როლზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნეს, რომ სხდომის გამართვა ახლო მომავალში იგეგმება“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და კონსტრუქციული დიალოგის როლს ამ პროცესში. „პრემიერმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს წვლილის შეტანა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button