skip to content
ევროპამთავარი თემა

დნესტრისპირეთმა თავი წამოყო

რა ხდება?

2006 წლის შემდეგ პირველად, 28 თებერვალს,  მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის “დეპუტატები” შეიკრიბნენ და რუსეთს კიშინიოვის “ზეწოლისაგან” დაცვა სთხოვეს. სეპარატისტები კიშინაუს ეკონომიკურ ბლოკადაში სდებენ ბრალს. მოლდოვა რუსეთისადმი მიმართვას პროპაგანდისტულ ნაბიჯად მიიჩნევს. მოსკოვი ამბობს რომ ჯერ გაეცნობა ტირასპოლის მოთხოვნებს და მერე მიიღებს გადაწყვეტილებას.


გიორგი ქელბაქიანი, “ევროპის მოამბის” მიმომხილველია


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • მოლდოვის თანდათანობითმა ინტეგრაციამ ევროკავშირთან და უკრაინაში მიმდინარე ომმა დნესტრისპირეთის ფინანსური ელიტა საჩოთირო ვითარებაში ჩააყენა – პრო-რუსული კურსის მიუხედავად, სეპარატისტებს მსოფლიოსთან საკონტაქტოდ დანარჩენი მოლდოვის გარდა გასასვლელი არ დარჩათ. ტირასპოლის ექსპორტის 70% ევროკავშირში გადის. უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, კიივმა სეპარატისტებს საზღვარი ჩაუკეტა. მართალია ისინი ჯერ კიდევ იღებენ გაზს უკრაინის გავლით რუსეთისგან, მაგრამ ამ რეჟიმის გაგრძელება მომავალი წლიდან გარანტირებული ნამდვილად არ არის.
  • უკრაინის ომის პირველ ეტაპზე, მაშინ, როცა ოდესას საფრთხე ემუქრებოდა, დნესტრისპირეთში მოლდოვის წინააღმდეგ პროვოკაციებმა იმატა. აურაცხელი ყალბი შეტყობინება ბომბების შესახებ, ომში გაწვევის ცრუ განგაში თუ ჰაკერული თავდასხმები კიშინაუს ყოველდღიური თავსატეხი გახდა. თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინამ ოკუპანტები ხერსონისპირეთიდან განდევნა და შავ ზღვაშიც ფრთები შეუკვეცა, ვითარება თითქოს დაწყნარდა.
  • დღეს მოლდოვას, ევროკავშირის, აშშ-ს ინტერესებში დნესტრის ორივე სანაპიროს “რბილი” გაერთიანებაა, ხოლო მოსკოვისათვის აქ მანევრის სივრცე შეიზღუდა.
  • ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ ტირასპოლის ახლანდელი გამოხტომის მიზანი მაგიდასთან ადგილის დაბრუნების მცდელობაა, რომ მათი არსებობა არც ბრიუსელში დაავიწყდეთ, არც ვაშინგტონში და არც მოსკოვში.
  • ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს საპრეზიდენტო ვადა ეწურება და შესაბამისად ქვეყანაში 2024 წელს არჩევნები ჩატარდება. ცხადია, რუსეთის ჩარევის ლეგიტიმური შიში არსებობს. სწორედ ამ კონტექსტშიც განიხილავენ სეპარატისტების ნაბიჯს, რადგან პრეზიდენტ სანდუს პროევროპული კურსი განსაკუთრებით აღიზიანებს კრემლის ბინადართ.

როგორ მოვედით აქამდე?

მოლდოვის პოსტ-საბჭოთა ბედი გარკვეულწილად საქართველოსას წააგავს. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, სეპარატისტული ტენდენციები იქაც გააქტიურდა და 1990 წელს დნესტრისპირეთმა “დამოუკიდებლობა” გამოაცხადა. მას დღემდე არავინ აღიარებს, მაგრამ ტირასპოლში, სეპარატისტების ე.წ. დედაქალაქში მჯდარი რეჟიმი რუსეთის მხარდაჭერით არსებობს. 

“დეპუტატთა კონგრესი” იყო ის ორგანო, რომელმაც მოლდოვისაგან გამოყოფაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ეს “მძიმე” პოლიტიკური წონის წარმონაქმნი არცთუ ხშირად იკრიბება. ბოლოს, მაგალითად 2006 წელს რუსეთისათვის მიერთების საკითხზე რეფერენდუმის გამოსაცხადებლად შეიწუხა თავი.

ამ კენჭისყრაზე დნესტრისპირეთელთა 98-მა პროცენტმა ვითომდა რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს შედეგი საერთაშორისო დონეზე არ ცნეს. რუსეთიც დღემდე თავს იკავებდა დნესტრისპირეთის პირდაპირი ანექსიისაგან, ან სულაც არ შეეძლო ამის გაკეთება, რადგან მას უშუალოდ არ ესაზღვრება.

კრემლისათვის 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის ერთ-ერთი ტაქტიკური ამოცანა დნესტრისპირეთთან სახმელეთო კორიდორის გაჭრაც იყო, რაც ჯერ კიდევ 2021 წელს ერთ-ერთმა რუსმა სამხედრო ლიდერმაც აღიარა.

ახალი მიმართვა

ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სეპარატისტულ ტირასპოლს კრემლისათვის ანექსია ამჯერად არ უთხოვია, თუმცა მათი ე.წ. პრეზიდენტი ვადიმ კრასნოსელსკი ზოგადად მუდამ მიუთითებს 2006 წლის კენჭისყრის “შედეგებისადმი” ერთგულებაზე.

სეპარატისტების ამ ნაბიჯებს წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან საზღვარგარეთ მცხოვრები “თანამემამულეების” ოფიციალურად გარუსების პროცესის გამარტივება. ასევე გახშირდა ბრალდებები მოლდოვის წინააღმდეგ რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის “დისკრიმინაციის” შესახებ.  სეპარატისტები და მათი პატრონები ასევე აქტიურად საუბრობენ მოლდოვის “მილიტარიზაციაზეც.” ეს ყოველივე კი დაძაბულობის შექმნისაკენაა მიმართული. ცნობისათვის, ამ დროისათვის რუსეთს დნესტრისპირეთში მცხოვრები 200 000-ზე მეტი ადამიანისათვის აქვს მიცემული რუსული პასპორტი.

საინტერესოა ის ამბავიც, რომ აქამდე დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესი ე.წ. 5+2 ფორმატში მიმდინარეობდა. მასში სეპარატისტული დნესტრისპირეთისა და კიშინაუს გარდა, ჩართული იყვნენ რუსეთი, უკრაინა და ეუთო. აშშ-სა და ევროკავშირს კი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსი ჰქონდათ. 2022 წლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, ცხადია ამ ფორმატის გაგრძელებაც შეუძლებელი გახდა.

მეტიც, ახლა მოლდოვა უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, შესაბამისად ნაკლებ შესაძლებელია, რომ ბრიუსელმა მისი ბედის გადაწყვეტა რუსეთს ანდოს. ვაშინგტონისა და ბრიუსელის კოორდინაციის აუცილებლობა კრემლის დომინაციის წინააღმდეგ უფრო და უფრო აუცილებელი ხდება. შესაბამისად, ფორმატს არსებული ფორმით აღდგენა ალბათ არ უწერია.

მაინც რატომ აწიოკდნენ სეპარატისტები?

ტირასპოლი ნახევრად კრიმინალური, ნახევრად ოლიგარქიული ელიტის მიერ იმართება, რომელთათვის ფინანსური ინტერესი მთავარი საზრუნავია. მოლდოვამ ეს ადრევე მშვენივრად გამოიყენა და სეპარატისტრული რეგიონი ევროკავშირს “მიაბა,” შედეგად კი აქ წარმოებული საქონლის ორ მესამეზე მეტი სწორედ იქეთ გადის.

ახლა, როცა დღის წესრიგში დადგა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანება, ქვეყანა აქტიურადაა გადასული ევროკავშირის რეგულაციების მიღებაზე. მათ შორისაა საბაჟო კოდექსიც, რომელიც დნესტრისპირეთისთვის შეღავათებს აღარ ითვალისწინებს.

სეპარატისტების ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა დაიწუწუნა ჩვენს ბიუჯეტში საბაჟო გადასახადმა 18 პროცენტით იკლოო. სწორედ ესაა “ეკონომიკური ბლოკადა,” რომელიც სეპარატისტულ ტირასპოლს მოხვდა გულზე. 

რუსეთის რეაქცია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა დნესტრიპირეთელ სეპარატისტებს, კიშინაუს “რუმინული რეჟიმი” გალანძღა, დასავლეთი “ახალი უკრაინის” მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა და პატარა სეპარატისტი ძმების ღაღადის “ყურადღებით შესწავლის” პირობაც დადო. თუმცა, ვლადიმერ პუტინს 29 თებერვლის ყოველწლიურ მიმართვაში სიტყვაც არ დასცდენია მოლდოვისა თუ დნესტრისპირეთის შესახებ.

ჯერჯერობით, მოლდოვა ამბობს, დნესტრისპირეთში სიტუაციის ესკალაციის საშიშროება არ არსებობსო.

რას უნდა ველოდეთ?

ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ ევროპის ბედი უკრაინაში წყდება. ეს მართლაც ასეა მათ შორის მოლდოვასთან მიმართებით. უკრაინამ შეძლო და კრემლის წინსვლა დნესტრისპირეთიდან 350 კილომეტრში, ხერსონში შეაჩერა. შესაბამისად, რუსეთის მიერ რეგიონის პირდაპირი ანექსიის საშიშროება ამ ეტაპზე ნაკლებად არსებობს. 

თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მოტივები ტირასპოლს მოლდოვისკენ უბიძგებს, პოლიტიკური რეინტეგრაციისკენ ნაბიჯების გადადგმა იქაურ ელიტას ემუქრება. ტირასპოლს მოლდოვაზე ზემოქმედების ენერგეტიკული ბერკეტი აქვს – იქედან დანარჩენ მოლდოვაში გაყიდული დენი უფრო იაფია, ვიდრე რუმინული და უფრო სტაბილიური, ვიდრე უკრაინული. ენერგომიწოდების შეწყვეტა კიშინაუს რთულ ვითარებაში ჩააყენებს.

მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები ძალიან საინტერესოა არამხოლოდ იმიტომ, რომ ის უკრაინის მეზობლად მდებარეობს და ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა, არამედ იმიტომაც, რომ წელს იქაც, ისევე როგორც ბევრგან მსოფლიოში (საქართველოს ჩათვლით) მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და რუსეთი ნამდვილად არის დაინტერესებული მხარე. 

დასკვნა

მოლდოველი სეპარატისტების გააქტიურება კიშინიოვის ახალ ეკონომიკურ რეგულაციასთან არის დაკავშირებული.  ჯერჯერობით არ ჩანს, თუ კონკრეტულად რა რეაგირება ექნება რუსეთს დნესტრისპირეთელი სეპარატისტების “თხოვნაზე.” მოლდოვა სიმშვიდეს ინარჩუნებს, დასავლეთი კი ყურადღებით და თავშეკავებულად აკვირდება მოვლენათა სვლას. თუმცა, მოლდოვის მხრიდან სეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ ეკონომიკური იძულების ბერკეტის გამოყენება ტირასპოლის ელიტას ემუქრება და მათი მხრიდან პროვოკაციები გამორიცხული არაა.

მსგავსი/Related

Back to top button