მაკრონი და პოლიშინელის საიდუმლო
26 მარტს, პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, არაფერს გამოვრიცხავთ უკრაინის დასახმარებლად, მათ შორიც არც სამხედროების “ოფიციალურად, ღიად და მიზანმიმართულად” გაგზავნასო. ამაზე ბარე ორმა ევროპელმა ლიდერმა გაკვირვებით აზიდა წარბები, ზოგმა კი სასწრაფოდ დაამშვიდა საკუთარი ამომრჩეველი, უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას ჩვენ არ ვაპირებთო. თუმცაღა, ფრანგულმა პრესამ ყურადღება ორ ფაქტს მიაქცია: ჯერ ერთი, მაკრონმა 29 თებერვალს დაადასტურა, არაფერი წამომცდენია და რაცა ვთქვი, “აწონილი და გაზომილი” მაქვსო.
მეორე კი თავად მისი ნათქვამის ფორმულირებაა, რამაც პოლიშინელის საიდუმლოს ახადა კდემით გაფარებული კრეტსაბმელი: ფრანგი სამხედროები არაოფიციალურად კარგა ხანია უკრაინაში არიან.
პირველ რიგში მზვერავებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე ვისაუბროთ. ამ სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს ხშირად სამხედრო ჩინები აქვთ და მათი მისვლა-მოსვლა უკრაინაში ბუნებრივია, თუკი დასავლეთიდან გაწეული დახმარების ბუნებას გავითვალისწინებთ. ვანსან კრუზემ, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (DGSE) ყოფილი წარმომადგენელმა “ლე მონდს” უთხრა, “ამ სამსახურების საქმიანობა ფარულ ხასიათს ატარებს და ისინი ომის კანონების მიღმა მოქმედებენო.” ამით ის იგულისხმა, რომ ეს ხალხი რომც დაიღუპოს – ვთქვათ, რუსების მოულოდნელი დარტყმის შედეგად – საფრანგეთს ყოველთვის შეუძლია უარყოს მათი ოფიციალური სტრუქტურებისადმი კუთვნილება და ამით თავიდან აირიდოს მოსკოვთან ურთიერთობების უმართავი ესკალაცია.
გაზეთს უკრაინულმა წყარომაც დაუდასტურა, რომ მზვერავები და მრჩევლები უკრაინაში მრავლად არიან, თუმცა პირდაპირ ბრძოლაში როდი ერთვებიან. კიივს დასავლეთიდან მრავალი სახის მაღალტექნოლოგიურ იარაღს აწვდიან, მათი ველზე გამართვა და გავარჯიშებაში დახმარება ინსტრუქტორების საქმეა. მზვერავები კი იმას ადევნებენ თვალს, როგორ გამოიჩენენ ესა თუ ის სისტემები თავს ბრძოლაში – გინდ დასავლური და გინდაც – რუსული. “უკრაინის ფრონტი ახალი ტიპის აღჭურვილობის გამოცდის პოლიგონია და ამ საქმის პროფესიონალები ადგილზე აკვირდებიან ყველაფერსო,” უთხრა ანონიმურმა უკრაინულმა წყარომ ფრანგ ჟურნალისტებს.
მეტნაკლები კრძალვით…
თავისი მზვერავებისა და სამხედროების საქმიანობაზე ყველაზე გახსნილად ბრიტანელები საუბრობენ. იქაურმა პრემიერმა, რიში სუნაკმა, პირდაპირ განაცხადა ორშაბათს, 26 თებერვალს, “უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად უკვე მივლენილი მცირერიცხოვანი პერსონალის გარდა, სამხედრო პერსონალის ფართომასშტაბიანი განთავსების არანაირი გეგმა არ გაგვაჩნიაო,” რითაც დაადასტურა, რომ ბრიტანელი სამხედროების შეზღუდული რაოდენობა უკვე მუშაობს უკრაინაში.
ეს სიახლე არაა: ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს, ბრიტანელი საზღვაო ფეხოსნების ყოფილმა სარდალმა, რობერტ მაგოვანმა, უწყებრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2022 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდში 350 ბრიტანელი სამხედრო იყო ჩართული “პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით მაღალი დონის რისკის შემცველ” საქმიანობაში უკრაინის ტერიტორიაზე. ოფიციალურ ლონდონს ეს განცხადება არ უარუყვია. ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორები ოფიციალურად იმყოფებიან კიივში ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსების მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად.
აი, ამერიკელებმა კი ოფიციალურად უარყვეს მაკრონის განცხადებები რაც, ალბათ, არცაა გასაკვირი იქ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფონზე. სამაგიეროდ, 25 თებერვალს “ნიუ იორკ ტაიმსმა” გამოაქვეყნა ვრცელი საგამოძიებო სტატია, სადაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ 2014 წლის შემდეგვე დაარსებული თორმეტი საყრდენი პუნქტის შესახებაა საუბარი, რომლებიც, ჟურნალისტებს თუ ვენდობით, რუსეთიდან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებით არიან დაკავებული და ახლაც ეხმარებიან უკრაინის არმიას სპეცოპერაციების განხორციელებაში. საინტერესო აქ ის ამბავია, რომ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ასეთი პუნქტის მონახულების უფლება მისცეს.
სტრატეგიული ორაზროვნება
თუნდაც ამ ობიექტზე ჟურნალისტების დაშვების მაგალითზე დაყრდნობით, ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ამერიკული სპეცსამსახურები სულაც არ არიან წინააღმდეგი, რუსეთზე სტრატეგიული ზეწოლის თამაშში აჰყვნენ მაკრონს. სავარაუდოდ, მაკრონს ვაშინგტონი არ გაუფრთხილებია, ასეთ რამეს ვიტყვიო, თუმცა განცხადების შემდეგ კონსულტაციებისათვის პარიზში სპეციალური ემისარი მიავლინეს, ტაქტიკის შესაჯერებლად. აშშ-საც აღელვებს მოსკოვის მხრიდან უკრაინის ფრონტზე გაზრდილი ზეწოლა და მაკრონის განცხადებით შექმნილი შესაძლებლობების ახალი არხის გამოყენებაზე უარს არ იტყვიან.
სხვა საქმეა ოლაფ შოლცი. გერმანიის კანცლერმა მტკიცედ უარყო ფრანგი კოლეგის ნათქვამი, ასევე კიდევ ერთხელ უთხრა კიივს უარი გერმანული, 500 კილომეტრზე მსროლელი “ტაურუსის” ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე იმ მოტივით, რომ “ეს უპასუხისმგებლო საქციელი იქნებოდაო.” საგულისხმოა, რომ კანცლერმა შოლცმა დასძინა “იმას, რასაც ბრიტანელები და ფრანგები აკეთებენ უკრაინისთვის სამიზნეების არჩევაში დასახმარებლად, გერმანია ვერასოდეს იზამსო.” ამით შოლცმა დასავლელი პარტნიორების მიერ მოსკოვისთვის ფრიად მგრძნობიარე სახის დახმარებაზე მიანიშნა. ბრიტანეთმა სამიზნეების შერჩევაში დახმარება ოფიციალურად უარყო. საფრანგეთმა კი – არა.
დილემა მოსკოვს
საფრანგეთი ყოველთვის უარყოფდა საკუთარი სამხედროების უკრაინაში ყოფნას – გინდ ოფიციალური და გინდაც არაოფიციალური მისიით. ბრიტანელებისგან განსხვავებით, ფრანგი ჯარისკაცები არც კიივში საფრანგეთის საელჩოს იცავენ – ეს ფუნქცია ჟანდარმებს აკისრიათ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებიან. საფრანგეთის სპეცდანიშნულების ძალებს – რომლებიც ჯარების გენშტაბს ექვემდებარებიან – ომის ახალი ეტაპის დაწყების მერე ოფიციალურად არასოდეს გადაუკვეთიათ უკრაინის საზღვარი.
თუმცაღა, ჟურნალისტების ცნობით, საზღვრის ოფიციალურად გადაკვეთაზე საუბარი ფრანგულ გენშტაბში მართლაც აქტიურად მიმდინარეობს. ყველაზე უფრო მოზომილ ვარიანტად საუბარია “სტრაგეგიული დილემის” შექმნაზე მოსკოვისათვის.
მაგალითად, ფრანგი ინსტრუქტორების დახმარება ფრიად სასარგებლო იქნებოდა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. გენშტაბში ფიქრობენ, რომ პერსონალის ოფიციალურად წარგზავნა გარკვეულწილად დაიცავდა ამ თავდაცვით სისტემებს რუსული დარტყმებისაგან.
ამრიგად, პრეზიდენტ მაკრონის სიტყვები ჰაიჰარად წამოსროლილი ნამდვილად არაა – მათ ზურგს არმიის მეთაურების მხრიდან გათვლილ რისკზე წასვლის მზადყოფნა უმაგრებს.
სტატია “ლე მონდში” 1 მარტს გამოქვეყნდა. ქართული ადაპტაცია ჯაბა დევდარიანისა.