ახალი ამბები

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც „ციანიდის საქმეზე“ იყო მსჯავრდებული, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მისი ძმა, თორნიკე მამალაძე იტყობინება. მამალაძის ვადაზე 1 წლითა და ცხვა თვით ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ გახდა, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკანოზი „მაღალი სასულიერო იერარქის“ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. უკვე 16 თებერვალს, პროკურატურაში დააზუსტეს, რომ „მაღალი რანგის სასულიერი პირი“ სავარაუდო მკვლელობის სამიზნე არ ყოფილა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე და 236-ე მუხლები) 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

განაჩენი ძალაში დატოვეს ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებმაც. დეკანოზის უფლებადამცველებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის იანვარში მიმართეს. დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I და II ნაწილების დარღვევას ასაჩივრებდა.

მამალაძის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2022 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დეკანოზის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – ორ ეპიზოდში დაირღვა. ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს გიორგი მამალაძისთვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში 9 418 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

თორნიკე მამალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახლა ოჯახისთვის მთავარი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რათა „ფეხზე დავაყენოთ, 5 წელია პარალიზებულია. შემდეგ, უკვე ეტაპობრივად ცნობილი იქნება ყველასთვის, დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ჩვენთვის სხვა არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც სასამართლოში მამალაძის ინტერესებს იცავდა, განაცხადა, რომ შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ მამალაძის გათავისუფლება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მამალაძე „იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა“. ამასთან, კომისიამ მხედველობაში მიიღო მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმა კომისიის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და 2023 წლის ოქტომბერში, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა, სადაც მამალაძის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შენიშვნა: მასალა განახლდა 15 თებერვალს 15:00 საათზე და მას სახალხოს დამცველის განცხადება დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button