რა მოხდა?
გასული წლის მიწურულს, 20 დეკემბერს, ევროკავშირის მთავარმა ინსტიტუტებმა, კერძოდ კი აღმასრულებელმა ევროკომისიამ, ევროპელების მიერ არჩეულმა ევროპარლამენტმა და მთავრობათაშორისმა ევროკავშირის საბჭომ მიგრაციის ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. სამწლიანი დაძაბული სჯა-ბაასის შემდეგ ევროინსტიტუტები “მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის” ხუთ ინიციატივაზე შეჯერდნენ. შეთანხმება უკვე იქცა მიგრანტების უფლებადამცველთა რისხვის სამიზნედ, თუმცა პრობლემაზე საერთო ხედვის მიღწევის პირველი პრეცედენტი მნიშვნელოვანია. მეორეა, თუ რისი გაკეთება მოხერხდება სინამდვილეში.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- მას შემდეგ, რაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ გვეხება, რადგან მათი ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოთარგმნა (და არა კოპირება) იქნება საჭირო. გარდა ამისა, ევროპაში დასარჩენად წასულ საქართველოს მოქალაქეებზე ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკა ხშირად პირდაპირ ახდენს გავლენას.
- რაც შეეხება უფრო ფართო კონტექსტს – ევროკავშირის მთავარმა ინსტიტუტებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რომ ისტორიული შეთანხმება 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებამდე მოესწროთ. ეს, ნაწილობრივ, ულტრამემარჯვენეთა ზედმეტი მოძლიერების შიშითაც არის განპირობებული. ევროპის ულტრამემარჯვენე ძალები სწორედ მიგრაციის მოწინააღმდეგის დროშით მიიწევენ საარჩევნო ბრძოლის ველისკენ. ამ ფონზე კი, ჯერ კიდევ დომინანტი პოლიტიკური ძალები იძულებული არიან, აღიარონ პრობლემის არსებობა და ცდილობენ, თავისკენ გადმოქაჩონ ულტრამემარჯვენეების ამომრჩევლები.
- უკვე მრავალი წელია, ხმელთაშუაზღვისპირა ევროპულ სახელმწიფოებს გეოგრაფიული თავისებურებების გამო მიგრანტთა არაპროპორციულად დიდ ნაკადთან უწევთ გამკლავება და შედარებით ჩრდილოელი ევროპელებისაგან ჯეროვან სოლიდარობას მოითხოვენ. ამ ფონზე, მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის ზეეროვნულ მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია.
- ამასთან, საგულისხმოა, რომ ევროკავშირის ზოგი წევრი მოდას აჰყვა და ცდილობს, საკუთარი საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობის ნაწილი მესამე სახელმწიფოს აჰკიდოს. ევროკავშირის ზოგი წევრი, ყოფილი თანაწევრის, გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, უფრო და უფრო სადავო და საეჭვო მეთოდებით ცდილობს მიგრანტთა ნაკადის შესუსტებას. თუ ბრიტანეთმა გადაწყვიტა რუანდის მთავრობასთან დაედო ხელშეკრულება და იქ აშენებულ ცენტრებში – ვაღიაროთ და, ციხეებში – დაეკავებინა თავშესაფრის პოტენციური მაძიებლები, იტალია მსგავს გარიგებას ალბანეთთან განიხილავს. მიგრანტების მესამე ქვეყანაში გადაყვანა განიხილება სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც. ამ ფონზე, საინტერესოა, როგორ იმუშავებს ახალი შეთანხმება.
როგორ მოვედით აქამდე?
2015 წელს ევროკავშირი თავისი არსებობის მანძილზე ერთი-ერთი გარდამტეხი მოვლენის, ე.წ. მიგრანტთა კრიზისის წინაშე დადგა. აღმოჩნდა, რომ ევროგაერთიანება ახლო აღმოსავლეთიდან თუ აფრიკიდან ომს, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისს გამოქცეული ასობით ათასი მიგრანტის დასახვედრად მზად არ იყო. არადა საერთაშორისო სამართალი ყველას ავალდებულებს, თავშესაფრის მაძიებელი მიიღოს და შესაბამისი მოკვლევის მერე გადაწყვიტოს, იმსახურებს თუ არა ლტოლვილის სტატუსს. ბუნებრივია, ევროკავშირის საგარეო – სახმელეთო თუ საზღვაო – სამხრეთ საზღვართან მყოფი ქვეყნები უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ევროპის შუაგულში ან ჩრდილოეთით მყოფნი.
თავზარდაცემული ევროპელები საგონებელში ჩაცვივდნენ და პრობლემასთან ერთობლივად შეჭიდება გაუჭირდათ. გამოვლენილი დაბნეულობის გამო, რა გასაკვირია, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არამხოლოდ ევროკავშირის წევრების ლოჯისტიკური შესაძლებლობები, არამედ ევროპის საკუთარი ღირებულებებისადმი ერთგულება და ევროპის ქვეყნებს შორის სოლიდარობაც.
2015 წლის შემდეგ არაკანონიერი მიგრაციის პრობლემა დიდი თავისტკივილია ევროპულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. აშკარა გახდა, რომ ცალ-ცალკე ამ პრობლემას ევროპის ქვეყნები ვერ წყვეტენ, ერთად გადასაწყვეტად კი საკმარისი რესურსები არაა გამოყოფილი.
2020 წელს პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება ურსულა ფონ დერ ლაიენის მეთაურობით მოქმედმა კომისიამ იკისრა და “მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი პაქტის” პროექტი წარმოადგინა. კომისიამ პაქტში სამი მთავარი ამოცანა დასახა. პაქტის თანახმად, ევროკავშირის წევრებს მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა უნდა გაეძლიერებინათ, რათა მიგრანტებისთვის შესაბამისი კანონიერი საჭიროების არარსებობის შემთხვევაში ევროპასთან მიახლოების საშუალებაც არ მიეცათ. პარალელურად, ევროპას საკუთარი საზღვრების უფრო ხისტად დაცვაზეც უნდა ეზრუნა.
კომისიამ ჩვეული, შეძლებისდაგვარად მიუკერძოებელი მზრუნველობით არც შიდა სოლიდარობის ნაკლებობა დაივიწყა და წევრებს შორის მიგრაციის ტვირთის უფრო სამართლიანად გადანაწილების საკითხსაც დაუთმო ყურადღება. რამდენად ჯეროვანი და შედეგიანი იყო ეს ყურადღება, სხვა საკითხია. თუმცა ფაქტია, რომ პაქტმა, განსაკუთრებით კი სოლიდარობის ნაწილმა, ეგრევე დიდი დებატები გამოიწვია.
ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხია, უნგრეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი) ქვეყნებმა მიგრანტების მიღების “სავალდებულო კვოტაზე” მტკიცე უარი განაცხადეს და თან ისიც დააყოლეს, უცხოელების ნაკადს არა მართვა, კონტროლი და ზედმეტი ფერება, არამედ შეჩერება უნდაო. ამ დებატების ერთი ფაზა, ავად თუ კარგად, 2023 წლის დეკემბერში დასრულდა.
კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ?
ევროკომისიის თავდაპირველი, ანუ 2020 წლის ინიციატივა ათ სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით კი ევროკავშირის ლიდერები მხოლოდ ხუთ მათგანზე შეთანხმდნენ. თუმცა სამართლიანობისათვის ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეთანხმებული ხუთი ინიციატივა უფრო ფართოა, ვიდრე მათი თავდაპირველი ვერსიები. პოლიტიკური შეთანხმება შემდეგ ხუთ ინიციატივას შეეხო:
- სასაზღვრო შემოწმების რეგულირება ევროკავშირში შესული არამოქალაქე პირების იდენტიფიცირების საერთო წესების შემოღებას გულისხმობს;
- ე.წ. Eurodac რეგულაცია შენგენის ტერიტორიაზე უცხოელთა უკანონო გადაადგილების გამოსავლენად არსებულზე უფრო დახვეწილი საერთო საინფორმაციო ბაზის შექმნას ისახავს მიზნად. დაგეგმილია, რომ აღნიშნულ ბაზაში უფრო ზუსტი და სრული ინფორმაცია იყოს ასახული;
- თავშესაფრის პროცედურების რეგულაცია თავშესაფრის მიცემაზე უარის შემთხვევაში პირთა უკან გაბრუნების დაჩქარებისკენაა მიმართული;
- სავალდებულო, მაგრამ მოქნილი სოლიდარობის მექანიზმი, ალბათ, შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია, რომ თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობით გამოწვეული ტვირთი წევრებს შორის შედარებით სამართლიანად გადანაწილდეს;
- კრიზისებისა და ფორსმაჟორული სიტუაციების რეგულაცია – ევროკავშირი მავანთა მხრიდან გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის მიგრანტების ბოროტად გამოყენების საფრთხისთვისაც ემზადება. დიახ, ასეთი რამეც ხდება. მაგალითად, 2021 წელს ევროპელებზე გულმოსულმა ლუკაშენკამ, როგორც ადამიანის ღირსების არად ჩამგდებმა დამნაშავემ, ფაქტობრივად მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩაიყვანა და შენგენის საზღვართან მიაცილა, მათი ევროგაერთიანების ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის მიზნით. ლუკაშენკას ევროკავშირზე შურისძიება სურდა იმ სანქციების გამო, რომლებიც საკუთარ ხალხზე ძალადობისათვის დაუწესდა. ასეთი გამოცდილების პირობებში, რა გასაკვირია, რომ ევროპელებს მსგავსი რამის განმეორება კატეგორიულად არ სურთ.
აღსანიშნავია, რომ ამიერიდან თავშესაფრის მთხოვნელი ყველა პირი ერთსა და იმავე პროცედურას არ გაივლის. შენგენის ზონაში შესვლამდე პასუხისმგებელი პირები შესაბამისი კრიტერიუმებით განსაზღვრავენ, მიგრანტი “სასაზღვრო პროცედურას” ექვემდებარება თუ ნორმალურ თავშესაფრის პროცედურას. განსხვავებით თავშესაფრის “ჩვეულებრივი” მაძიებლისაგან, რომელიც სამშობლოდან ჟენევის კონვენციით გათვალისწინებულ დევნის რომელიმე სახეს გაურბის, “სასაზღვრო პროცედურა” შეეხება მათ, ვისაც, ევროკავშირის აზრით, გასაქცევად საკმარისი მიზეზი არ აქვს. “სასაზღვრო პროცედურის” შემთხვევაში, აპლიკანტი საერთოდ ვერ შევა ევროკავშირის ტერიტორიაზე და საზღვარზევე მოუწევს განაცხადის შევსება. ამ კატეგორიაში მოხვდებიან ის ადამიანებიც, რომელთა ქვეყნებიც “უსაფრთხო ქვეყნებადაა” მიჩნეული, მათ შორის – საქართველოც.
რას გულისხმობს სავალდებულო, მაგრამ მოქნილი სოლიდარობა?
ახალი შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთა გავლითაც ევროპაში არაკანონიერი გზით ყველაზე მეტი მიგრანტი ხვდება, მინიმუმ 30,000 მიგრანტს მოსაზღვრე ქვეყნებსა და სხვა წევრ სახელმწიფოებში გადაანაწილებს. თუმცა სხვა ქვეყანაში შესული მიგრანტების მიღება არ იქნება სოლიდარობის ერთადერთი ფორმა: ქვეყნებს შეეძლებათ, მიგრაციის პოლიტიკის განხორციელებაში ფინანსური მონაწილეობაც გაზარდონ. ანუ, მთავარია სოლიდარობა და არა მისი კონკრეტული ფორმა. ეს ერთგვარად კომპრომისული ვარიანტია, რომელიც, გარკვეულწილად, ყველა წევრის ინტერესს ასახავს.
და ადამიანის უფლებები?
უფლებადამცველების აზრით, ევროკავშირის ლიდერებმა, იმის მაგივრად, რომ ღია ზღვაში ბედის ანაბარა მიტოვებული მიგრანტების გადარჩენის უკეთეს მექანიზმებსა და შეფარებაზე ეზრუნათ, მათი შეკავების გეგმა შეიმუშავეს და ისედაც რთული მდგომარეობა უფრო გააუარესეს. არსებობს წუხილი, რომ ახალი პაქტი ადამიანის საყოველთაოდ, ჩვეულებრივი სამართლით აღიარებულ უფლებას – non-refoulement, ანუ გასაჭირში მყოფის არგაძევებას – არღვევს და ამით ევროკავშირის ღირებულებებსაც ეწინააღმდეგება.
კრიტიკის სამიზნე გახდა თავად „სოლიდარობის მექანიზმიც“. უფლებადამცველებს არ მოსწონთ, რომ ევროკავშირის წევრებს მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა შეფარების ალტერნატივად მათი შეჩერებისაკენ მიმართული ინფრასტრუქტურის შენების შესაძლებლობა ეძლევათ. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ არასწორია „სოლიდარობა“ სათვალთვალო კამერების, მავთულხლართებისა და მიგრანტთა სატუსაღოების შენებით გამოიხატოს.
რას უნდა ველოდოთ?
ახლა საჭიროა, შეთანხმებამ ყველა შესაბამისი ფორმალური პროცედურა გაიაროს, თუმცა მთავარი – პოლიტიკური შეთანხმება – უკვე მიღწეულია. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით რთული სათქმელია, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ევროკავშირი ამ შეთანხმების დანერგვას. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოდ დიდი სამუშაოა გასაწევი. გამოცდილება და დრო კი არც თუ ბევრია.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მინიმუმ 2025 წლამდე მიგრაციის საგრძნობ შემცირებას არ უნდა ველოდოთ. ამ ფონზე კი საინტერესოა, თუ რას ეტყვიან ევროპელი ლიდერები ამომრჩევლებს ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნების წინ. პოლიტიკოსებს მოუწევთ, ზუსტად და ეფექტურად ახსნან იმ შეთანხმების მნიშვნელობა, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით საგრძნობი ვერ იქნება რიგითი ევროპელი მოქალაქისთვის.