skip to content
ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ რაჭის ტყეებთან დაკავშირებულ აქციაზე დაკავებულების შესახებ განაჩენი გამოიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ 29 ნოემბერსა და 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 18 ნოემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სამი დაკავებულებიდან ორი პირის მიმართ არსებული საქმე, რომელთა ინტერესებსაც საია წარმოადგენდა, სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო სასამართლომ შეწყვიტა.

დაკავებულებს სამართალდამცავი უწყება ედავებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

საია-ს ინფორმაციით, სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სისხლის სამართალწარმოებისთვის დამახასიათებელი უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, სწორედ სამართალდამცავი ორგანოა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით, უტყუარად დაასაბუთოს პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, უტყუარ მტკიცებულებად კი ვერ ჩაითვლება მარტოოდენ სამართალდამცავთა ჩვენებები.

ზემოთხსენებული სამი პირის საქმეზე სასამართლომ სამართალდარღვევის საქმეების შეწყვეტის საფუძვლად პირების ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობა დაასახელა, რადგან სამართალდამცავმა უწყებამ ვერ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა.

„სამოქალაქო საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექვს პირს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, ხოლო ორის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით შეწყდა, თუმცა 173-ე მუხლით მათ 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button