ახალი ამბები

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ხაზს უსვამს შავი ზღვის მზარდ მნიშვნელობას

ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ველიანმა 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პარალელურად, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე შავი ზღვისა და ანაკლიის პორტის მზარდ მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე ვნახეთ განვითარება ელექტროენერგიის და სხვა სექტორებში, ტრანსპორტს ასევე სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ [ამ საკითხზე]“.

შავი ზღვის შესახებ

„შავი ზღვა აჩვენებს თავის პოტენციალს და ასევე თავის მნიშვნელობას“, – აღნიშნა ევროკომისარმა. „როდესაც შავი ზღვა ბლოკირებული იყო რუსეთის მიერ, ჩვენ ვნახეთ როგორი ზარალი განიცადა საერთაშორისო ვაჭრობამ“. მისი თქმით, ამან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვა მსოფლიო ბაზრისთვის. ევროკომისარმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუციაც ახსენა, რომელიც გმობს რუსეთის მიერ შავ ზღვაში ნებისმიერ ბლოკადას და მავნე მოქმედებას, და აღნიშნა, მნიშვნელოვანია გემებისთვის საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „მთელი საერთაშორისო საზოგადოება განიხილავს შავ ზღვას, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სივრცეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის“, – დასძინა მან.

ანაკლიაში ჩინური ინვესტიციის შესახებ

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ევროპაშიც გვაქვს ჩინური ინვესტიციები“ და დასძინა: „რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ კონკურენტები გლობალურ ბაზარზე“. მისი თქმით, „საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ვინ განახორციელებს ინვესტიციებს. ვიცი, რომ ევროპაშიც არიან კომპანიები, რომელთაც დიდი ინტერესი აქვთ ამ პორტის მიმართ. სანამ ისინი თქვენს მთავრობასთან იმსჯელებენ, შესაძლოა ალტერნატიული გადაწყვეტილებები გაჩნდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს და ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ“.

შუა დერეფნის შესახებ

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა, რომ შუა დერეფანი არის „ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“. მან ასევე განაცხადა: „იმედი გვაქვს, რომ გაჩნდება ახალი ინვესტიციები და პროექტები, რათა საქართველო დაუკავშირდეს ევროკავშირს, როგორც შუა დერეფნის ნაწილი“.

„ჩვენ გვაქვს კვლევა შუა დერეფნის შესახებ, რომელიც საბოლოოდ გვაჩვენებს, თუ სად უნდა განხორციელდეს მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო პრიორიტეტული ინვესტიციები. და ჩვენ ვთანამშრომლობთ რეგიონის ბევრ ქვეყანასთან, რათა ეს დერეფანი პრიორიტეტული გავხადოთ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button