პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით აზერბაიჯანს სტუმრობს, 24 ნოემბერს ბაქოში ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკებისთვის გაეროს სპეციალურ პროგრამაში (SPECA) ჩართული სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და აზდერბაიჯანს საქართველოს „ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა. მისი თქმით, იგი ამაყობს, რომ ორ ქვეყანას შორის „მრავალსაუკუნოვანი, მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა“.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის, როლს. მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, „შუა დერეფანი” ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა.
ღარიბაშვილმა დაკავშირებადობის ხელშეწყობის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო“. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და „მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში“.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვო პორტის პროექტის განხორციელებაზე, რომლის სიმძლავრეც წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. იგი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტსაც შეეხო, რომელსაც გასული წლის დეკემბერში ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა მოაწერეს ხელი. „ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ცენტრალური აზიის რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებითა და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით, და დასძინა, რომ ბოლო წლების დინამიკა ძალიან პოზიტიურია.
„ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ ასევე აქტიურად ვაგრძელებთ ევროკავშირში ინტეგრაციას. ბოლო 10 წელიწადში მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას ევროპასთან, ამოქმედდა თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და დეკემბერში ველოდებით კანდიდატის სტატუსს“, – აღნიშნა მან.
ღარიბაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ივლისში მას „ძალიან წარმატებული ვიზიტი“ ჰქონდა ჩინეთში და „ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს“.
შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის – ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა – საკითხებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
ღარიბაშვილმა და ალიევმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)