skip to content
ახალი ამბები

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი საქართველოს სტუმრობს

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონი 16-17 ნოემბერს საქართველოს ეწვია და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს 16 ნოემბერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. ღარიბაშვილმა „ამ ისტორიული გადაწყვეტილების“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე, რაც „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით“.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით.

საუბარი ასევე შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

17 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გლობალური მნიშვნელობის ენერგოპროექტები, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობა.

მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის გარდა, მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის პირველ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარ კადრი სიმსონსს ამ პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით გადამწყვეტი ეტაპია არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროშიც“.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგოსექტორში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების, დაკავშირებადობის განვითარებისა და საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების საკითხებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტზე.

ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button