ილია დარჩიაშვილი დანიას სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც დანიას სტუმრობს, 16 ნოემბერს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიქაელ ოსტრუპ იენსენს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნილს ჰანსენს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და დანიის სამეფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ კავშირებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს და ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას. ილია დარჩიაშვილმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გაატარა.
მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე „დანიის სამეფოს პოზიციას, საპარლამენტო დონეზე მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობას და უშუალოდ დეპუტატების ჩართულობასა და როლს ამ პროცესში“. დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს, საქართველო მიიღებს ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც „ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, აღინიშნა დანიის პარლამენტის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მიეძღვნა. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნებისა და გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.
16 ბოემბერს, ილია დარჩიაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა. საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაცია განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, ბოლო დროს გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას და თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნას.
„ხაზი გაესვა, ერთის მხრივ, დანიის სამეფოს მიერ საქართველოს საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, მეორეს მხრივ კი, აღინიშნა, რომ საქართველო დანიის სამეფოს მტკიცე პარტნიორია რეგიონში“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრეს-რელიზში. მხარეებმა აღნიშნეს რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის და ამასთან მიესალმნენ „პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობას ნორდიკული ფორმატის ფარგლებში, რომელიც „რეგიონალური და მრავალმხრივი თანამშრომლობის ახალ ასპარეზს იძლევა“.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/05/2023 – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)