პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილის, ლინგ ძის თანათავმჯდომარეობით პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა. კომისიის თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, და სხვა. ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მხარეს მოკლედ გააცნო საქართველოს ეკონომიკის არსებული სურათი, დინამიკა და სტატისტიკური მონაცემები, მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა დარგში მიმდინარე რეფორმებზე.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, „საქართველომ მოახერხა ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება“ 2022 წელს და მშპ-ს 10.1%-იანი ზრდის მიღწევა. მისივე თქმით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც რეკორდული 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. „საქართველომ გაატარა ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები და შექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ეფექტური სამართლებრივი ბაზა. საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანად და აგრძელებს მუშაობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა შესაბამისად აისახება ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე. 2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება, პირდაპირი ფრენების განახლებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებას.
შეხვედრა კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოსთან
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ჩინეთის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმისა და მისი განხორციელების საკითხზე – აღნიშნულ გეგმას ხელი 2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს მოეწერა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. „აღინიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ, ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით, ექსპორტი კი 265%-ით გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოდან ახალი საექსპორტო პროდუქციები გამოჩნდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზში. ასევე გამახვილდა ყურადღება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტულია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ 26 – 27 ოქტომბერს საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მეოთხედ ჩატარდება, რომელშიც „მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, მათ შორის არიან როგორც მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)