დაწურულად

“სოკარის” და “ლუკოილის” საჩოთირო გარიგება

რა ხდება?

სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, გაზისა და ნავთობის რუსულმა კომპანია LUKOil-მა და აზერბაიჯანულმა სახელმწიფო ფირმა SOCAR-მა (სოკარი) გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც “ლუკოილი” “სოკარს” მილიარდნახევარ დოლარს ასესხებს, “სოკარი” კი რუსეთიდან შემოტანილ ნავთობს გადაამუშავებს თურქეთის ტერიტორიაზე.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • ლუკოილი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ს მიერ სანქცირებულ კომპანიათა სიაში მოხვდა დღესაც რჩება, თუმცა 2022 წლის შემდეგ აშშ სანქციები არ გამკაცრებულა, ხოლო ევროკავშირს არც დაუწესებია.
  • 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ, ბულგარეთმა და რუმინეთმა გააგრძელეს ამ კომპანიის ნავთობის გადამუშავება. დარგის მიმომხილველების თქმით, “ლუკოილი” ევროპაში ფრიად დელიკატურად მოქმედებს, თუმცა მისთვის მუშაობის სივრცე თანდათანობით ძველ პარტნიორებთანაც იზღუდება. “სოკართან” შეთანხმებით, რუსულ კომპანიას, სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ მისი გავლით, არაპირდაპირ განაგრძობს ევროპაში რუსული ნავთობის გაყიდვას.
  • “სოკარისა” და “ლუკოილის” სიახლოვე შეიძლება მიუთითებდეს მოსკოვსა და ბაქოს შორის ახალი ურთიერთგაგების არსებობაზეც, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მთიანი ყარაბაღის ეპიზოდშიც ნათლად გამოჩნდა.

რას გულისხმობს ლუკოილისა და სოკარის შეთანხმება?

რუსულ და აზერბაიჯანულ კომპანიებს შორის გაფორმებული შეთანხმების დეტალები უცნობია. ჯერჯერობით, ერთადერთი ხელჩასაჭიდი მასალა სააგენტო Reuters/როიტერსის გამოქვეყნებული სტატიაა. მართალია, ეს სააგენტო ფრიად სანიმუშო სანდოობით გამოირჩევა, მაგრამ ინფორმაცია გასაგები მიზეზების გამო მაინც არასაკმარისია.

იქედან, რაც ცნობილია, ჩანს, რომ ლუკოილი სოკარს მილიარდნახევარს ასესხებს, ხოლო სანაცვლოდ რუსული ნავთობის გადამუშავება ისევ გახდება შესაძლებელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე, “სოკარის” აშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში STAR. STAR-ში დღეში 200 000 ბარელი ნავთობის გადამუშავებაა შესაძლებელი, საიდანაც ნახევარი, სავარაუდოდ რუსული იქნება.

თურქეთი რუსული ნავთობის სექტორის წინააღმდეგ სანქციებს არ შეერთებია, თუმცა STAR-მა, რომელსაც ევროპულ ბაზარზე მუშაობა სურს, 2022 წელს გადასამუშავებელი ნავთობის იმპორტი ჯერ 50 000 ბარელამდე შეამცირა, სექტემბრისთვის კი საბოლოოდ შეწყვიტა. ამის მიუხდავად, ოქტომბრის დასაწყისში გაირკვა, რომ “ლუკოილის” 100 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული სამი ტანკერი პრიმორსკიდან თურქეთისაკენ მიემართება .

შეთანხმების კონტექსტი

“ლუკოილი” 2022 წელს რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ძალიან ფრთხილად იქცევა. მათ დაგმეს სამხედრო მოქმედებები და კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულების იმედი გამოთქვეს. ზომიერი პოზიციისა და გავლენიანი ლობისტების წყალობით “ლუკოილი” სასანქციო რისხვას კი გადაურჩა, მაგრამ მძიმე დანაკარგები განიცადა.

ჯორჯა მელონის მთავრობის ზეწოლით მან იტალიაში, სიცილიაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაყიდა და იგივეს გაკეთებამ მოუწია რუმინეთში.

რუსული ნავთობის მსხვილ იმპორტიორად მხოლოდ ბულგარეთი იყო დარჩენილი, სადაც “ლუკოილისვე” საკუთრებაში მყოფი ბურგასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უმეტესწილად სწორედ რუსულ ნედლ ნავთობს იღებდა და ბულგარეთისა და უკრაინის (!) ბაზრებისთვის გადაამუშავებდა. თუმცა, სულ ორი კვირის წინ, ბულგარელმა კანონმდებლებმა რუსული ნავთობის იმპორტი დათქმულზე ადრე აკრძალეს.

ბულგარეთს იმედი აქვს, რომ რუსულ ნავთობს ყაზახურით ჩაანაცვლებს, რომელიც, სხვათაშორის, ევროპაში მაინც რუსეთის ნავთობსადენების გავლით ხვდება.

თუმცა “ლუკოილს” ალტერნატივების ძიება უწევს. 2014 წლამდე ის ევროპაში ყველაზე ფესვგადგმული რუსული სანავთობო კომპანია იყო არა მხოლოდ საბითუმო, არამედ საცალო ბაზარზეც, სადაც ის ასობით ბენზინგასამართ სადგურს ფლობდა. 2014 წლის შემდეგ მას ბალტიის ქვეყნებში ამ ქსელის გაყიდვამ მოუწია, ხოლო 2022 წლის შემდეგ მრავალ დარჩენილ სადგურთან აქტივისტებმა პროტესტი გამართეს.

ამ პირობებში, “სოკართან” სტრატეგიული ალიანსი ლოგიკურად მოჩანს. თუკი მილიარდნახევრიანი სესხის ამბავი დადასტურდა, ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ:

  • “ლუკოილი” გამოიყენებს “სოკარის” გადამამუშავებელ ქსელს რუსული ნავთობის აზერბაიჯანულ ნავთობპროდუქტად “გადასანათლად”, რითაც ევროპული ბაზრის წილის შენარჩუნებას შეეცდება.
  • ასევე შესაძლებელია, რომ რუსული ნავთობი ევროპაში სწორედ “სოკარის” საბითუმო ქსელის გავლით გაიყიდოს, რაც “ლუკოილს” რეპუტაციული ზიანისაგან შემცირებული გაყიდვების ნაწილის კომპენსაციის საშუალებას მისცემს.

გეოპოლიტიკური მდგენელი?

ბუნებრივია, როგორც “ლუკოილი” ისე “სოკარი” შესაბამისად, ოფიციალურ მოსკოვსა და ბაქოსთან ფრიად ახლოს მდგომი კომპანიებია. მათ შორის გარიგება უმაღლესი დონეზე ჩარევის გარეშე ვერ და არ მოხდებოდა.

შეუიარაღებელ თვალსაც კი ვერ გამოეპარებოდა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის შესუსტებული გეოპოლიტიკური პოზიციებით სარგებლობას აზერბაიჯანი და, მისი ახლო მოკავშირე, თურქეთი აქტიურად ცდილობენ. აშკარა იყო ისიც, რომ მოსკოვმა ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანს კავკასიაში მისი ტრადიციული პარტნიორის, სომხეთის დამცირებაში და მთიან ყარაბაღზე სუვერენიტეტის აღდგენაში.

არის თუ არა სანავთობო გარიგება მოსკოვისაგან მოთხოვნილი ან აზერბაიჯანის მხრიდან შეთავაზებული კომპენსაცია? ამის შესახებ ზუსტად ალბათ ვერც გავიგებთ, თუმცა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დინამიკას ყურადღების მიქცევა სჭირდება.

მსგავსი/Related

Back to top button