ფაშინიანი სკეპტიკურად უყურებს აზერბაიჯანის შემოთავაზებას თბილისში მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 11 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინადადებას გამოეხმაურა, რომ თბილისი მოლაპარაკებების, ასევე ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრების გამართვის ადგილად განიხილოს. ფაშინიანმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ალიევის წინადადება, რომელიც ბრიუსელში შეხვედრის გამართვის შესახებ მიმდინარე დისკუსიების ფონზე გაკეთდა, შეიძლება განიმარტოს, როგორც უკვე შეთანხმებული პრინციპების შელახვისა და მოლაპარაკებების სხვა პლატფორმაზე გადატანის მცდელობა.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა: „გრანადაში გაიმართა შეხვედრა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე, ჩვენი თვალსაზრისით და ევროკავშირის თვალსაზრისით. და გასაგებია, რომ როცა ბრიუსელში ვიკრიბებით, საუბარი სწორედ ამ პრინციპების ფარგლებში უნდა წარიმართოს, რომლებიც არ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის რესპუბლიკამ მიიღო ისინი და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო… როდესაც აზერბაიჯანი სხვა პლატფორმის შეთავაზებას ცდილობს, ეს შეიძლება ისე განვმარტოთ, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს უკვე შეთანხმებული პრინციპების განეიტრალება სურს“.
ფაშინიანმა ასევე გამოხატა შეშფოთება ფარული დღის წესრიგის შესაძლებლობის თაობაზე, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა ძალის გამოყენება, ახალი კონფლიქტი ან დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს. მან განმარტა: „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით დიალოგს, მაგრამ ვეწინააღმდეგებით ისეთ ლოგიკას, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გამოგვიყვანს“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეს ინიციატივა საქართველოში 8 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი ერთდღიანი ვიზიტის დროს გააჟღერა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის“. „ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. „თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ”, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)