skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 18 სექტემბერი

ორი კეთროვანის შეხვედრა

გასულ კვირას, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში თავის დაჯავშნული მატარებლით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩავიდა და იქ ექვსი დღე დაჰყო. კოსმოდრომის ტერიტორიაზე შეხვედრისას, კიმმა რუს კოლეგას დასავლურ ბოროტებასთან ბრძოლაში გამარჯვება უსურვა. პუტინმა კი, “იაპონელ მილიტარისტებზე” მოპოვებული “საერთო გამარჯვება” გაიხსენა. არავინ იცის, თუ კონკრეტულად რაზე ისაუბრეს და მითუმეტეს რაზე შეთანხმდა ეს ორი პოლიტიკური კეთროვანი, თუმცა დასავლეთში საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ ჩრდილო კორეის თავკაცს საკუთარი ფლოტისა და ავიაციის გასაძლიერებლად, რუსული სამხედრო ტექნოლოგიები აინტერესებდა. რუსეთს კი, უკრაინაში გაჩაღებული ომის გასაგრძელებლად, ჩრდილოეთ კორეისგან საარტილერიო ჭურვებისა და სხვა თუნდაც მოძველებული შეიარაღების მიღება სურდა.


უკრაინული რაკეტებით დაჩრდილული ყირიმი

მანამ სანამ, კიმი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში რუსულ სამხედრო ტექნიკასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობოდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  ფრიად წარმატებული სარაკეტო იერიში მიიტანეს სევასტოპოლში მდებარე ორჯონიკიძის სახელობის გემთსარემონტო ქარხანაზე. შედეგად, განადგურდა დოკში მდგარი რუსული სადესანტო ხომალდი “Минск” და დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავი “Ростов-на-Дону.” ეს შეტევა რომ შესაძლებელი გაეხადა, უკრაინამ მანამდე, სარაკეტო დარტყმების მეშვეობით, წირვა გამოუყვანა ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს С400 “Триумф”, რომელსაც რუსეთი ხან ვის აჩეჩებდა და ხან ვის – ამაზე უკეთესი მსოფლიოში არ არსებობსო. ამბობენ, რომ მილიარდ აშშ დოლარზე მეტის ღირებულების ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის ადგილმდებარეობას უკრაინის სამხედრო დაზვერვამ რუსი ტურისტის გადაღებული ფოტოებით მიაგნო.  


ჩახერგილი ევროპული გზები

გასულ კვირას, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ევროკომისიის რეკომენდაციის საპასუხოდ, რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანებისთვის სახელმწიფო საზღვრები ჩაკეტეს. მალევე, რუსულ ავტომანქანებს გზა ჩაუხერგა ფინეთმაც, რომელსაც რუსეთთან უშველებელი სახელმწიფო საზღვარი აკავშირებს. ევროპელ პარტნიორებს არ ჩამორჩა პოლონეთიც, რომელმაც გასული კვირის ბოლოს რუსეთს გამოუცხადა – ვერცერთი რუსული მანქანა პოლონეთში ვეღარ შემოვაო. დღეისთვის, შენგენის ზონაში რუსულ სანომრე ნიშნიანი მანქანით შეღწევა მხოლოდ ნორვეგიიდან თუ არის შესაძლებელი, თუმცა ნორვეგია-რუსეთის საერთო საზღვარი ჩრდილოეთ პოლარულ წრის მიღმა მდებარეობს  და იქამდე მანქანით ჩაღწევა ძალიან დიდ ძალისხმევას უკავშირდება.  


ლატვიის ახალი კაბინეტი

ლატვიის პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი დაამტკიცა, რომელსაც ქალბატონი ევიკა სილინია უხელმძღვანელებს. აწ უკვე ყოფილი პრემიერი, კრიშიანის კარინში ლატვიის ახალ კოალიციურ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ლატვიის ახალი მინისტრთა კაბინეტისგან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ცვლილებებს არ მოელიან, ყველა თვლის, რომ ქალბატონი ევიკა სილინია განუხრელად განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთან, არის გარკვეული მოლოდინი, რომ ლატვიის ეს კოალიციური მთავრობა ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას შეეცდება.


კრულვით დაღდასმული “ვაგნერი”

გაერთიანებულ სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული “ვაგნერი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამიერიდან, სამეფოში დასჯადი იქნება როგორც “ვაგნერის” წევრობა, ისე ამ გასამხედროებული დაჯგუფებისთვის რაიმე სახის დახმარების აღმოჩენა, ასევე აიკრძალა “ვაგნერის” ლოგოტიპის გამოყენებაც. ამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან საქმის დაჭერა მეფის ქვეშევრდომებს შესაძლოა 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთად ან უკეთეს შემთხვევაში, გვარიან ჯარიმად დაუჯდეთ.  ოფიციალურ ლონდონს, კვლავ მიაჩნია, რომ ჟენია პრიგოჟინის სავარაუდო სიკვდილის მიუხედავად, “ვაგნერი” რჩება ვლადიმირ პუტინის სამხედრო იარაღად, რომელიც მსოფლიოს არაერთ წერტილში განაგრძობს თავის ძალადობრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობას კრემლის სასარგებლოდ.


მაროკომ ფრანგულ დახმარებაზე ცხვირი აიბზუა

მაროკოში მომხდარმა შვიდბალიანმა მიწისძვრამ უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ევროპულმა ქვეყნებმა მიწისძვრით შეძრულ მაროკოს დახმარების ხელი უმალ გაუწოდეს. დიდი, ბრიტანეთის ესპანეთის, იტალიისა და სხვა ევროპული ქვეყნების დახმარებას მაროკოს მეფე მოჰამედ VI მადლიერებით დათანხმდა, თუმცა ერთ დროს ყველაზე ახლობელი ევროპელი მოკავშირის – ოფიციალური პარიზის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი ჰაერში დატოვა. საფრანგეთს თავის ყოფილ კოლონიასთან დაძაბული ურთიერთობების ისტორია აქვს, რაც საფრანგეთის მხრიდან მაროკოელებისთვის დაწესებულმა სავიზო შეზღუდვებმა მხოლოდ გააუარესა. ოფიციალური რაბათი საფრანგეთისგან დასავლეთ საჰარის აღიარებასაც ითხოვს და ფრანგულ-ალჟირული ურთიერთობების აღდგენითაც ფრიად უკმაყოფილოა, რადგან ალჟირი მხარს უჭერს პოლისარიოს ფრონტის დაჯგუფებას, რომელიც ოფიციალურ რაბათს დასავლეთ საჰარას ედავება. მოკლედ, ფრანგულ-მაროკულ უთანხმოებებს მიწისძვრამ ვერაფერი დააკლო.

მსგავსი/Related

Back to top button