ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება
ხვალინდელი შეხვედრების წინ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ ბლოკის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და რომ ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო „ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია“ და ხაზი გაუსვა, რომ „ეს გადამწყვეტი მომენტია თქვენი მომავლისთვის, რადგანაც რამდენიმე კვირაში ევროკავშირი ბლოკში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს და პირველად წარადგენს მოხსენებას საქართველოს, როგორც გაფართოების ქვეყნის პროგრესის შესახებ“.
„ამ მნიშვნელოვან მომენტში მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, და ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე, კარი ღიაა და გვინდა მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე“, – განაცხადა მან.
შემდეგ ბორელმა აღნიშნა: „ევროკავშირში გაწევრიანება სერიოზული ვალდებულებაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ის, რისი მიღების უფლებამოსილებაც ქვეყნებს გააჩნიათ. მისი დამსახურებაა საჭირო სერიოზული რეფორმების გატარებისა და ევროკავშირის ღირებულებების დაცვის გზით. გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მათი შესრულებისთვის საჭირო რთული სამუშაოს მიზანი არა ბრიუსელის გულის მოგება, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაა.
შემდეგ ბორელმა განაცხადა, რომ პრიორიტეტების განხორციელება „ეროვნული ამოცანაა“ და რომ „ერთიანობა ახლა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს“. მან საქართველოს მოუწოდა „დარჩენილი მოკლე დრო“ ძირითადი რეფორმებისა და მოთხოვნების შესასრულებლად გამოიყენოს.
ბრიფინგზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021-2024 წლებში ორმხრივი მხარდაჭერის ფარგლებში 340 მლნ ევრო, ხოლო ეკონომიკური ინვესტირების გეგმის ფარგლებში 1.3 მლრდ ევრო გამოიყო.
მან ასევე ისაუბრა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში „ძლიერ თანამშრომლობაზე“. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით 60 მლნ ევრო გამოყო საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მან ასევე აღიარა საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) მისიებში.
ბორელის თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინიტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის უარყოფით შედეგებს განიხილავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აღინიშნება ქვეყანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავი. ბორელმა აღნიშნა, რომ მისია, რომელიც 2008 წელს დაარსდა, ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და დასძინა, რომ ხვალ იგი მისიის შტაბბინას ეწვევა.
ასევე წაიკითხეთ:
07/09/2023 – ჯოზეფ ბორელი: საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვას
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)