skip to content
ფილოსოფოსის რვეული

ალბერ კამიუ: შიშის საუკუნე

გაზეთი “Combat” (ბრძოლა), 1946 წლის 19 ნოემბერი (ამ სტატიას 1946 წლის 8 აგვისტოს ჰიროსიმასა და ნაგასაკის თავზე ატომური ბომბის აფეთქება უძღოდა, რამაც ღრმად შეძრა ავტორი)

თუკი მეჩვიდმეტე საუკუნე მათემატიკის საუკუნე იყო, მეთვრამეტე – ფიზიკისა, მეცხრამეტე კი ბიოლოგიისა, ჩვენი, მეოცე საუკუნე შიშის საუკუნეა. ვინმე მეტყვით – შიში მეცნიერება არააო. გიპასუხებთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ამ შიშის გაჩენაში მეცნიერებას თავისი წვლილი მიუძღვის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკანასკნელი ხანების თეორიულმა წიაღსვლებმა მეცნიერება საკუთარი თავის უარყოფისკენ წაიყვანეს და მეორეც იმიტომ, რომ ტექნიკური პროგრესი მთელს დედამიწას დღეს განადგურებით ემუქრება. თანაც, თუკი თავად შიში არ შეიძლება მეცნიერებად ჩაითვალოს, ეჭვგარეშეა, რომ შიში – ტექნიკაა.

სიცოცხლე მომავლის გარეშე, მომავალში საკუთარი თავის განჭვრეტის გარეშე თავის მნიშვნელობას კარგავს.

იმ მსოფლიოში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ კაცობრიობის უმრავლესობას (სხვადასხვა ჯურის მორწმუნეების გარდა) მომავალი აქვს წართმეული. სიცოცხლე მომავლის გარეშე, მომავალში საკუთარი თავის განჭვრეტის გარეშე, დაღვინებისა და პროგრესის იმედის გარეშე, თავის მნიშვნელობას კარგავს. ყრუ კედელისკენ სახეშექცეული ცხოვრება ძაღლური ცხოვრებაა. ვაი, რომ ჩემი თაობის ადამიანები, ვინც დღეს სამსახურს იწყებენ თუ უნივერსიტეტში ირიცხებიან, სულ უფრო და უფრო ხშირად ამგვარი ძაღლური ცხოვრებით ცხოვრობენ.

ბუნებრივია, პირველად არ ხდება, რომ კაცობრიობა მომავლისაკენ ამოქოლილ გზას აწყდება. თუმცა აქამდე, ამ წინაღობის გადალახვას სიტყვითა და ყვირილით ახერხებდა. ადამიანები მოიხმობდნენ ღირებულებებს, რომლებიც მათ მომავლის იმედს უჩენდა. დღეს, აღარავინ ლაპარკობს (გარდა იმათი, ვინც ინანიებს), რადგანაც მსოფლიო ბრმა და ყრუ ძალების მიერ მართულად გვეჩვენება, ძალებისა, რომლებიც არ შეისმენენ გაფრთხილებისაკენ მოწოდებებს, არც რჩევას, და არც ვედრებას.

იმ წლებმა, რომლებიც სულ ახლახანს გამოვიარეთ, რაღაც დაანგრია ჩვენში; და ეს “რაღაც” არის ის ჩვეული და, ერთი შეხედვით, საუკუნო რწმენა ადამიანისა, რწმენა იმისა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, სხვა ადამიანისაგან შეიძლება ადამიანური პასუხი მიიღო, თუკი მოახერხებ ზიარი ჰუმანიზმის ენაზე ესაუბრო მას. ჩვენ ვნახეთ ტყუილი, ბოროტება, მკვლელობა, დეპორტაცია, წამება, და ყოველ ჯერზე შეუძლებელი აღმოჩნდა დაგვერწმუნებინა ისინი, ვინც ამას სჩადიოდნენ, რომ არ მოქცეულიყვნენ ასე. შეუძლებელი, რადგან ისინი დარწმუნებული იყვნენ საკუთარ სისწორეში, რადგან შეუძლებელია დაარწმუნო აბსტრაქცია, რადგან შეუძლებელია, დაარწმუნო იდეოლოგიის წარმომადგენელი.

კაცთა შორის ხანგრძლივი დიალოგი დღეს შეწყვეტილია. ბუნებრივია, ადამიანი რომელსაც ვერ დაარწმუნებ არის ადამიანი, რომლიც შიშს იწვევს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანების გარშემო, ვინც აღარ ლაპარაკობს, რადგანაც უაზროდ მიაჩნიათ საუბრის გაგრძელება, ისადგურებს და დღესაც ვრცელდება დუმილის შეთქმულება, რომელშიც წილნაყარნი არიან ისინი, ვინც შიშით კანკალებენ და საკუთერ თავს ათას საბაბს უგონებენ, რომ ეს კანკალი არ შეიმჩნიონ, და ისინიც, ვისაც ამგვარი სიჩუმე აწყობთ.

“არ უნდა ილაპარაკოთ ხელოვანთა რეპრესიებზე რუსეთში [საბჭოთა კავშირში – რედ.], იმიტომ, რომ ამაზე საუბრით [ევროპაში] რეაქციონერების წისქვილზე ასხამთ წყალს,” “ხმა ჩაიკმინდეთ ფრანკოს რეჟიმის მხარდაჭერაზე ანგლო-საქსონების მხრიდან, რადგან ამით კომუნისტების წისქვილზე ასხამთ წყალს.” როგორც ვამბობდი – შიში ტექნიკაა.

ჩვენ უჰაერობით ვიხრჩობით იმ ადამიანების გვერდით, ვინც თვლიან რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქადაგებენ.

იმ საზოგადო შიშის ფონს, რომელსაც დღეს ყველა მხარის მიერ ომისთვის მზადება იწვევს, კაცისმკვლელი იდეოლოგიების წინაშე უფრო კონკრეტული შიში ემატება და უნდა ვაღიაროთ, რომ ტერორში ვცხოვრობთ.

ვცხოვრობთ ძრწოლაში, რადგანაც მოწინააღმდეგის დარწმუნება შეუძლებელია, რადგან ადამიანი დღეს მთლიანად ისტორიის მდინარებასაა მინდობილი და ვეღარ პოულობს ძალას, მიუბრუნდეს საკუთარი თავის მეორე მხარეს – მხარეს, რომელიც იმდენადვე ნამდვილია, როგორც ისტორიული რეალობა – მხარეს, რომელსაც ვპოულობთ, როცა შევიმეცნებთ სამყაროს მშვენიერებასა და ვუცქერთ ჩვენთვის საყვარელ სახეებს. ეს მხარე დაკარგულია, რადგან ჩვენ აბსტრაქციების მსოფლიოში ვცხოვრობთ, მსოფლიოში, რომელიც სავსეა ჯალათებითა და მანქანებით, აბსოლუტური იდეებით და მესიანიზმით – ნიუანსების გარეშე. ჩვენ უჰაერობით ვიხრჩობით იმ ადამიანების გვერდით, ვინც თვლიან რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ქადაგებენ, ჭეშმარიტებას რომელიც განსხეულებულია მათ მანქანებში და მათ იდეოლოგიაში.

მათთვის, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება დიალოგისა და კაცთა შორის მეგობრობის გარეშე, ჩვენს გარშემო დღეს ჩამოწოლილი სიჩუმე სამყაროს აღსასრულია.

მსგავსი/Related

Back to top button