ახალი ამბები

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, 23 აგვისტოს თავის კოლეგას ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და  რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს.

სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ აჯა ლაბიბმა გამოხატა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ილია დარჩიაშვილმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად დგამს. აღინიშნა ბელგიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის მნიშვნელობას.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბი ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ბელგიის მხარდაჭერა გამოხატა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

იმავე დღეს, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მთავარ გამოწვევებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე, ასევე უმცირესობათა უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხებსა და საქართველოს სახალხო დამცველის როლზე ამ პროცესში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button