skip to content
ახალი ამბები

მედვედევი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრება

რუსეთის ექს-პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრება.

რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ გრძელ სტატიაში, მედვედევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, პარალელები გაავლო უკრაინის ომთან და განაცხადა, რომ დასავლეთმა ვერ ისწავლა გაკვეთილი საქართველოში დაშვებული „ყველაზე სულელური და სამარცხვინო შეცდომებიდან“ და რომ ძვირი დაუჯდება მათი უკრაინაში გამეორება „ყველაზე უსარგებლო, მართვადი და უნიჭო პოლიტიკოსების“ მხარდაჭერის გამო.

საქართველოს შესახებ საუბრისას მან დასავლეთი „ზეწოლის ხელახლა გააქტიურებაში“ დაადანაშაულა. კერძოდ, მან საქართველოში „რუსოფობიის გამწვავებაზე“ ისაუბრა და მას „სისულელე, სიმახინჯე და მძიმე დაავადება“ უწოდა, რომელიც, მისივე თქმით, „საბედნიეროდ, განკურნებადია“ სამხედრო ძალით. იგი ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მიმდინარე განხილვების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს „ჩვენს საზღვრებთან უკრაინის ფლანგთან ერთად დაძაბულობის კიდევ ერთი წყაროს შექმნის“,

ამ კონტექსტში, მედვედევმა აღნიშნა, რომ „რუსეთთან მიერთების იდეა კვლავ პოპულარულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მისი განხორციელება ადვილადაა შესაძლებელი, თუკი ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დმიტრი მედვედევის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მედვედევის განცხადება წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გარძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის  მორიგ მცდელობას“. სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა  და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

„საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button