ახალი ამბები

ეკონიმიკის სამინისტრომ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა განმარტა

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა 14 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დაამტკიცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესს-რელიზში წერია, რომ „სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად“.

16 აგვისტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა განმარტა. როგორც სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეროვნული სტრატეგია მთავარ მიზნად ისახავს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობის შესწავლას.

სამინისტროს განმარტებით: „სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც გაზრდის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს მობილობას. კერძოდ, როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული 2030 წლის ბოლოსთვის ჯამში აშენდება 760 კმ მაგისტრალური გზა. 2024 წელს დასრულდება რკინგზის მოდერნიზაცია, რის შედეგადაც შემცირდება მგზავრობის დრო. ამასთან, იგეგმება საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში ჩქაროსნული რკინიგზის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა, რის საფუძველზეც განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯები“.

უწყება აღნიშნავს, რომ სტრატეგია ყურადღებას სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეც ამახვილებს, რის გამოც ქვეყანაში ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება იგეგმება.

2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას რაც შეეხება, სამინისტრო განმარტავს, რომ გეგმის ფარგლებში 48 აქტივობაა დაგეგმილი. მოცემული აქტივობები „შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების/დირექტივების დანერგვას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფროვნებას (მათ შორის ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა, სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფროვნება), საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების ხელშეწყობის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გაფორმებას, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას და სხვ“.

ამასთან, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ლოგისტიკური სექტორის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას და ამავდროულად, სატრანსპორტო დარგების, უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების მდგრად განვითარებას. ასევე, გათვალისწინებულია საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანების მოწესრიგება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეფორმა.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე  ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია. უწყების განმარტებით: „რეალურად შეიქმნა ახალი სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შევლენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელი პირები. კომისიის სხდომები გაიმართება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, რაც უზრუნველყოფს დარგში კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას არსებული გამოწვევების და პრობლემების საპასუხოდ. ამასთან, საჭიროების შესაბამისად, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე, მოამზადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს მათ შორის კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button