ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 7 აგვისტო

მაკედონიის ევროპული ვნებები

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ალბანური უმცირესობის პარტიამ შესაშური პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინა. ჩრდილოეთ მაკედონიის პარტია „დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისთვის“, რომელიც ალბანურ უმცირესობას წარმოადგენს, ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ, მზადაა კოალიციური მთავრობა დატოვოს და საკუთარი მინისტრების გადადგომა გამოაცხადოს. სანაცვლოდ ოპოზიციაში მყოფმა ნაციონალისტურმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომლითაც ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარული უმცირესობის არსებობა უნდა იქნას აღიარებული. მაკედონიის ბულგარული უმცირესობის კონსტიტუციით აღიარებას ოფიციალური სოფია ითხოვს და ევროკავშირის კანდიდატ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროკავშირის გზას უხერგავს. მოკლედ, ჩრდილოეთ მაკედონიაში საქმე იქითკენ მიდის, რომ ახალ კოალიციურ მთავრობაში ოპოზიციაც შევა, ახალი არჩევნებიც ჩაინიშნება და რაც მთავარია ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბულგარეთის ვეტოს მოსახსნელად, საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული.  


ბულგარელი ქალების პროტესტი

სოფიასა და ბულგარეთის სხვა ქალაქებში ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გასაპროტესტებლად, ათასობით ქალი ქუჩაში გავიდა. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ბულგარეთში ქალის წინააღმდეგ ძალადობა თურმე საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა ყოფილა. თუმცა ბოლო შემთხვევამ – როდესაც 26 წლის ყმაწვილმა მეგობარ გოგონას სხეული დანით დაუსერა, თმები გადაპარსა და ცხვირი გაუტეხა, ეს კი სასამართლომ სხეულის მხოლოდ მსუბუქ დაზიანებად ჩათვალა და ბიჭი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა – ბულგარელი ქალების მოთმინების ფიალა აავსო. ბულგარელმა ქალებმა სასამართლო სისტემასაც შეუტიეს და უქნარა მთავრობისგან ქალების უკეთ დაცვა მოითხოვეს. ქალების საპროტესტო წნეხის ქვეშ, ბულგარეთის ხელისუფლებამ მოძალადე ბიჭი დააკავა და ქალების ძალადობისგან უკეთ დაცვის პირობაც დადო. ბულგარეთში მარტო წლევანდელი წლის პირველ კვარტალში 18 ქალი მოუკლავთ „მეგობარ მამაკაცებს“, ქვეყანა კი სტამბოლის კონვენციას არაფრის დიდებით არ უერთდება.  


ბრიტანეთის პრემიერის ამერიკული არდადეგები

სამეფოს საქმეებისგან გადაღლიმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა გამოტანჯული შვებულება აიღო და ოჯახთან ერთად, კალიფორნიის სანაპიროს მიაშურა. ეს თურმე მისი პირველი შვებულებაა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ივლისში ის ხაზინის მთავარ მდივნად დაინიშნა. რიში სუნაკმა დასვენება გასულ წელსაც სცადა, მაგრამ ესპანეთში ჩასულს, რამდენიმე საათში, დედოფლის გარდაცვლების ამბავმა ჩაუსწრო და მას  ქარიან და წვიმიან ბრიტანეთში დაბრუნება მოუწია. ამჯერად, გადაღლილი ბრიტანეთის პრემიერი საქმეებს კი დაუძვრა, მაგრამ მისი არყოფნისას, მწვანე მოძრაობის აქტივისტები იორკშირში სუნაკების საგვარეულო სახლზე ამძვრალან და სახურავზე წაუწერიათ – „არა ახალ ნავთობსო“. რიში სუნაკის ამერიკული არდადეგების პერიოდში, მინისტრთა კაბინეტის საქმეები დროებით მისმა მოადგილემ, ოლივერ დოუდენმა ჩაიბარა, რომელსაც ენაკვიმატმა ბრიტანელმა ჟურნალისტებმა „არდადეგების პრემიერი“ შეარქვეს.  


დაუსრულებელი პატიმრობა

გასულ კვირას, მოსკოვის საქალაქო სასამართლო რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის ვლადიმირის ოლქის N6 კოლონიაშია ეწვია და “ექსტრემიზმის” საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქამდე, ალექსეი ნავალნი 9 წლიან სასჯელს იხდიდა “თაღლითობისთვის” და რუსული მართლმსაჯულების “უპატივცემულობისთვის”. გასულ კვირას გამოტანილი განაჩენის თანახმად, აწი, მას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში საერთო ჯამში 19 წლის გატარება მოუწევს. ფიზიკური დაძაბუნების მიუხედავად, ალექსეი ნავალნი მხნედ არის და თანამოაზრეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. სრულიადაც არ არის გამორიცხული, რომ საპყრობილეში მყოფ ნავალნის მომავალშიც ახალი საქმე შეუთითხნონ და პატიმრობის წლები კიდევ დაუმატონ.


გახვრეტილი რუსული ხომალდები

აგვისტოს პირველივე დღეებში უკრაინული საზღვაო დრონები ჯერ ნოვოროსიისკის სამხედრო პორტს მისწვდნენ, შემდეგ კი, ქერჩის სრუტეშიც შეაღწიეს. ნოვოროსიისკში ერთ-ერთმა უკრაინულმა საზღვაო დრონმა რუსულ სადესანტო ხომალდ “Оленегорский горняк”-ს მიაგნო, შეასკდა და ისე დააზიანა, რომ სამხედრო ხომალდი გვერდზე გადაიხარა და ბუქსირით გახდა პორტამდე მისაცილებელი. საზღვაო დრონებმა ასევე გვარიანად დააზიანეს ქერჩის სრუტეში მცურავი ნავთობის ტანკერი „Sig“-ი, რომელიც დიდი ხანი ვეღარ შეძლებს ზღვაში გასვლას. უკვე 6 აგვისტოს, მოსკოვმა ამ საზღვაო თავდასხმებს რაკეტებისა და საჰაერო დრონების წვიმით უპასუხა და უკრაინის მიმართულებით საერთო ჯამში 70-მდე ერთეული “Калибр”-ისა და Кинжал”-ის ფრთოსანი რაკეტა, ასევე შაჰიდის დრონი გაუშვა. მათი დიდი ნაწილი უკრაინამ წარმატებით მოიგერია, თუმცა გარკვეული ზიანიც იწვნია.


მიზანში ამოღებული ნავსადგურები

5 აგვისტოს უკრაინამ შავი ზღვის სანაპიროს რუსული პორტები სამხედრო საფრთხის ზონებად გამოაცხადა და ამით რუსეთს შეუთვალა – დღეიდან შენი შავი ზღვის პორტები ჩვენი სამხედრო სამიზნეები გახდნენო. სამხედრო საფრთხის შემცველ ზონებად გამოცხადდა ანაპის, ნოვოროსიისკის, გელენჯიკის, ტუაფსეს, სოჭისა და ტამანის პორტები. მოკლედ, ამიერიდან ამ რუსულ პორტებში ნაოსნობა უკრაინისთვის სამხედრო საფრთხის შემცველია და ეს შავი ზღვის სხვა ქვეყნებმაც უნდა გაითვალისწინონ, რათა მერე წყენებს და გაუგებრობებს არ ჰქონდეთ ადგილი. კიივმა ეს გაბრაზებული გადაწყვეტლება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსკოვი „მარცვლეულის გარიგებიდან“, ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა და უკრაინისკენ მიმავალი სატრანსპორტო გემები სამხედრო სამიზნეებად გამოაცხადა.

მსგავსი/Related

Back to top button