skip to content
ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი პორტუგალიას სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება, უკვე შეხვდა თავის პორტუგალიელ კოლეგას, ჟოაო გომეშ კრავინიოს, ასევე ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, აუგუშტუ სანტუშ სილვას და პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის  (CPLP) აღმასრულებელ მდივანს ზაკარიაშ და კოშტას.

შეხვედრა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

20 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი თავის პორტუგალიელ კოლეგას, ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიელ კოლეგასთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილა და საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხაზგასმით აღნიშნა ლუზოფონურ ქვეყნებში, არაღიარების პოლიტიკის განხორციელების კუთხით, პორტუგალიის პოზიციის კრიტიკული მნიშვნელობა.

მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და პროცესებში პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. „აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს და პორტუგალიას შორის გაიზარდა სავაჭრო და ბიზნეს კავშირები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ხაზი გაესვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ოპერირებს კამოეშის ცენტრი, რომელმაც ქართველ სტუდენტებში დიდად გაზარდა ინტერესი პორტუგალიური ენისა და კულტურის მიმართ. ასევე საუბარი შეეხო ლისაბონის გრასას ტაძარში ქეთევან დედოფლის ფრესკის რეაბილიტაციის წარმატებულ პროექტს“, – აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყებამ.

ამასთან, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეის პრეზიდენტთან

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, აუგუშტუ სანტუშ სილვას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რა დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე საქართველოს პროგრესზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ქვეყანას აქვს პორტუგალიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში და მის შედეგები როგორც რეგიონის ქვეყნების, ისე მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა აუგუშტუ სანტუშ სილვას მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა CPLP-ის აღმასრულებელ მდივანთან

21 ივლისს, ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს ზაკარიაშ და კოშტას შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და CPLP-ის  შორის არსებული  თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და სამომავლო გეგმები. „აღინიშნა, რომ მას შემდეგ რაც საქართველო გახდა CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

განსაკუთრებით გაესვა ხაზი CPLP-ის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ გარემოზე. „შეხვედრაზე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button