მეფეს გაუმარჯოს
უესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ მესამეს წმინდა ედვარდის გვირგვინი დაადგეს თავზე და ამგვარად, ის გაერთიანებული სამეფოსა და კიდევ 14 ქვეყნის, მათ შორის კანადისა და ავსტრალიის, რიგით მე-40 სუვერენული მონარქი გახდა. ბრიტანეთის სამეფო კარის მცოდნენი ამბობენ, რომ ჩარლზის კორონაცია ელისაბედ მეორისას ჩამოუვარდებოდა, მაგრამ სამეფოს ტრადიციისადმი ერთგულებას ამით არაფერი მოჰკლებია.
ლეიბორისტების გარიჟრაჟი
მეფის კურთხევამ დანარჩენი ბრიტანული პოლიტიკა დროებით დაჩრდილა, მაგრამ პოლიტიკით დაინტერესებულთ არ გამოჰპარვიათ, რომ კორონაციამდე ორიოდე დღით ადრე, სამეფოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზე ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტია გავიდა, რიში სუნაკის კონსერვატიულმა პარტიამ კი მარცხი იწვნია. ეს ადგილობრივი არჩევნები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ლიბერალ-დემოკრატებისა და მწვანეებისთვისაც, რომელთაც ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს. როგორც ჩანს, მმართველი კონსერვატიული პარტიის საქმეები მისი ყოფილი ლიდერის, ბორის ჯონსონის ვარცხნილობასავითაა აშლილი, რაც პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კარგს არაფერს უქადის.
პუტინის მოსაწყენი არიფანა
9 მაისს, ვლადიმირ პუტინის რუსეთში ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღნიშნეს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ის შეეცადა მოსკოვის სამხედრო აღლუმზე კენტად არ დარჩენილიყო და სტრატეგიული სიმარტოვე ძირითადად შუა აზიის ხარჯზე შეავსო. უკრაინის ომით გვარიანად შელანძღული პრესტიჟის შესაბათქაშებლად , მოსკოვს ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერები ეწვივნენ, კრემლის თავკაცი არ დააღალატა ბელარუსის გაულიატერმა ალექსანდრე ლუკაშენკამაც. მოსკოვში შეკრებილ ამ აზიურ, ავტოკრატიულ კომპანიაში უხერხულად გამოიყურებოდა სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი, თუმცა მას თავისი გასჭირვებია – აზერბაიჯანთან აშშ-ში გამართული მოლაპარაკებიდან ახლად დაბრუნებული სომეხი პრემიერი მალე ბრიუსელში მიემართება, მოსკოვი კი თუმცა დასუსტებული, მაგრამ მაინც სერიოზული მოთამაშეა ყარაბაღის ამბავში, სადაც თავისი მოკავშირე ისევე უგულოდ მოისროლა მტრის ხახაში, როგორც არაერთხელ გაუკეთებია.
განდგომილები
ამასობაში, რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ თუ კანონიკურ კალენდარს სულ უფრო მეტად წყდება უკრაინა, რომელიც ომიანობის პერიოდში ყოველივე რუსულისგან გადგომას და ევროპასთან დაახლოებას ცდილობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების დღე ევროპის მსგავსად, 8 მაისს აღინიშნება, ხოლო 9 მაისი კი ევროპის დღედ გამოცხადდება. საერო კალენდრის გარდა, კიივს რუსული საეკლესიო კალენდრისგან დისტანცირებაც განუზრახავს და გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას აპირებს. ამბობენ, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უკვე მაისში მიიღებს გადაწყვეტილებას შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს გადატანის თაობაზე.
უცხო ძალების ფათური
როგორც უკვე აგიხსენით ევროკომისია „უცხოელი აგენტების კანონისა“ და კერძოდ, ამერიკული „ფარას“ მსგავსი აქტის – „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ – შემუშავებას ცდილობს, რომელმაც ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუტების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და მტრული ქვეყნების ჩარევისაგან დაიცვას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს რუსული წესებისა არაფერი სცხია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართეს, ამ კანონის მიღება მაინც არ ღირს, რადგან დამოუკიდებელი ორგანიზაციების ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და მისი გამჭვირვალობის შეფასებას უფრო დააზარალებს, ვიდრე უცხო ქვეყნებს შეუშლის ხელს ხელების ფათურშიო. ევროპული „ფარას“ შემოღებას ძირითადად ევროპის სახალხო პარტიის გავლენიანი წარმომადგენლები ითხოვენ.
სახალხო კორუფცია
მოთხოვნა მოთხოვნად, მაგრამ ევროპის სახალხო პარტიის ბრიუსელის მთავარ ოფისშიც კორუფციული აურზაური მოხდა – ბელგიური პოლიცია შევიდა და ჩხრეკაც ჩაატარა. გამოძიების საფუძველი 2019 წელს, ევროპარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სახალხო პარტიის ლიდერის, მანფრედ ვებერის ციფრული კამპანიის მენეჯერის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის დეპუტატს, მარიო ვოიგტის საქმიანობაა. ბ-ნ ვოიგტს ციფრული წინასაარჩევნო კამპანიის მსუყე კონტრაქტი თიურინგიის (ფედერალური მიწა ცენტრალური გერმანიაში) ერთ-ერთი კომპანიისთვის მიუცია, არჩევნების დასრულების შემდეგ კი, პატივცემული ვოიგტი თიურინგიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარა. თიურინგიულ ნათლიმამობას კორუფციის სუნი აუვიდა. ბელგიური და გერმანული საგამოძიებო ორგანოების დასახმარებლად, თიურინგიის ფედერალური მიწის პარლამენტმა ვოიგტს იმუნიტეტი მოუხსნა.
სერბული ტრაგედია
გასული კვირა ტრაგიკული სერბეთისთვის, სადაც ბელგრადის ერთ-ერთი ცენტრალურ სკოლის მოსწავლემ პისტოლეტით რვა თანატოლსა და სკოლის დაცვის თანამშრომელს მოუსწრაფა სიცოცხლე. ამ ტრაგედიით შეძრული სერბეთი ჯერ გონს არ იყო მოგებული, როცა ბელგრადიდადან 50 კილომეტრში მდებარე ქალაქ მლადენოვაცში 21 წლის ახალგაზრდამ იარაღით 8 ადამიანი მოკლა და 14 დაჭრა. ტრაგედიებით შეძრული სერბეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ დაიწყებდა იარაღის ლიცენზიების მასიურ გაუქმებასა და იარაღის ამოღებას. თითქმის 7 მილიონიან სერბეთში თურმე 765 ათასი ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ოფიციალურადაა გაფორმებული. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით კი, სერბეთი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში ერთ სულზე იარაღის ფლობით – მათი თქმით, 100 კაციდან 75-ს იარაღი აქვს. გასულ დღეებში ათეულ ათასობით სერბი გამოვიდა ქუჩებში და მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ისინი ამბობენ, ვუჩიჩი და მისი პარტია უკვე წლებია ძალადობის კულტს ამკვიდრებენ საზოგადოებრივ ცნობიერებაშიო. ისკიარადა, სწორედ ამ სკოლაში თურმე პარტიული მხარდაჭერით კრიმინალურ სერიალსაც იღებდნენ, სანამ დირექტორმა არ აღკვეთა. მკვლელობისა და იარაღით თამაშის ტრივიალიზაცია თურმე მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი ტაბლოიდების ფურცლებზეც ხდება. მოკლედ, ოპოზიციამ ბლომად აღშფოთებული ხალხი შეკრიბა იმდენად, რომ ვუჩიჩმა ბრალი დასდო, ტრაგედიაზე ხელის მოთბობა გსურთო და 26 მაისისთვის უკვე ხელისუფლების მხარდამჭერებს დაუძახა, ქუჩაში გამოდითო. მოკლედ, დიდი შფოთია სერბეთში.