ევროპის მოამბე: 6 აპრილი
კომუნისტური წარსულის აჩრდილები
ლიეტუვას პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას მოუსვენარი ჟურნალისტები სულში ჩაუძვრნენ, წარსული გვარიანად გაუქექეს და აღმოაჩინეს, რომ პატივცემული პრეზიდენტი 1988 წელს, ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენამდე სულ რაღაც ორიოდე წლით ადრე, თურმე კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებულა. ნაუსედამ წარსულის ცოდვა აღიარა და ისიც დაამატა, რომ ეს მცდარი ნაბიჯი ახალგაზრდულმა უგუნურობამ გადამადგმევინაო. ახალგაზრდობაშიც საკმაოდ ამბიციური ნაუსედა თურმე ფიქრობდა, რომ კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება მის მეცნიერულ კარიერას წაადგებოდა. დღეს, ლიეტუვას პრეზიდენტი თავის შეცდომას ინანიებს და თვლის, რომ თავის შემდგომი ცხოვრებითა და სამეცნიერი საქმიანობით, წარსულის ცოდვა დიდწილად გამოისყიდა. სინანული სინანულად, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ნაუსედამ წარსულის ცოდვის გამხელა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენისას არ მოისურვა და ლიეტუვის საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილ საბუთებში წარსული პოლიტიკური სიმპათიების შესახებ შეკითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. ამისთვის კი, მან ლიეტუვური მედიისა და საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. არადა, პატივცემული ნაუსედა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი გახლდათ და ქვეყნის პრეზიდენტად გახდომამდე ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრი პოზიცია ეკავა.
ირლანდიური ფერისცვალება
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შორეულ და ნეიტრალურ ირლანდიას შიშები და შფოთვები გაუღვივა. ოფიციალური დუბლინი ფიქრობს, რომ ახალი რეალობისა და საფრთხეების ფონზე, მშვიდობისმოყვარე ქვეყანას შესაძლოა საკუთარი ნეიტრალიტეტის გადახედვა მოუწიოს. ახალი საგარეო პოლიტიკური იდენტობის ძიებაში, ამ ზაფხულს, ირლანდიურ ქალაქებში ოთხდღიანი სახალხო ფორუმი ჩატარდება, სადაც მოქალაქეებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თემებზე, მათ შორის ირლანდიის ნეიტრალურ სტატუსზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება მიეცემათ. ფორუმში ჩაერთვებიან საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო საქმის ექსპერტებიც და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. მის შედეგებს დამოუკიდებელი თავმჯდომარე შეაჯამებს და შემდეგ რეკომენდაციების სახით მთავრობას წარუდგენს. ამასობაში, საგარეო მინისტრი თვლის, რომ ირლანდიამ მიმდინარე მოვლენებს მთლად ნეიტრალურად აღარ უნდა უცქიროს. ნიშანდობლივია, რომ ავსტრიის, შვეიცარიისა და მალტის მსგავსად, ირლანდია ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოა და ნატო-ს მიღმაც მშვენივრად გრძნობდა თავს. ახლა კი, რუსეთის თავგასული ძალადობის გამოისობით, ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს.
მკვდარი სულები
უკრაინაში ომის გულშემატკივარმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ზონაში სულიერი წინამძღვარი დანიშნა. უკრაინაში შეჭრილი რუსული დანაყოფების სულიერი სარდლის პოზიციაზე რუსეთის პატრიარქმა პეტერბურგის ეპარქიის კაზაკებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი დეკანოზი, დიმიტრი ვასილენკოვი გაამწესა. დღეიდან, ვასილენკოვმა უკრაინაში შეჭრილ რუსულ არმიასა და სხვა გასამხედროებულ შენაერთებს სულიერად უნდა უპატრონოს. დანიშვნის განკარგულებაში არაფერია ნათქვამი თუ რომელი რუსული სულების გადარჩენაზე უნდა იზრუნოს ახალმა სულიერმა სარდალმა უკრაინაში – ჯერ კიდევ ცოცხლების თუ ომში დაღუპულების, თუ ორივეზე. ამას ალბათ პეტერბურგელი დეკანოზი უკვე ადგილზე გაარკვევს. ისე, ომის მოტრფიალე რუსულმა ეკლესიამ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მთავარი სამხედრო და საზღვაო მღვდელმსახურის პოზიციების შემოღების შესახებ.
უკრაინული იმპორტის ჩრდილი
ოთხშაბათს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ვიზიტით ვარშავაში ჩავიდა, სადაც მას პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გულთბილი და პომპეზური დახვედრა მოუწყო. უკრაინის სამაგალითო გაძღოლისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონელებმა თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვეს, რაც პოლონეთის ყველაზე ძველი და სახელოვანი ჯილდოა. პრეზიდენტებმა ბევრი ისაუბრეს ომის შემდგომ რეკონსტრუქციაზე, საჭირო იარაღით მომარაგებასა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამასთან, დუდამ უკრაინელი სტუმარი სამხედრო-საჰაერო დაპირებით გაამხნევა – ოთხი მიგ-29 უკვე გადმოგეცით და მცირე ხანს თუ დაგვაცდით, კიდევ ოთხს გიფეშქაშებთო. მოკლედ, ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტი მშვენივრად მიგორავდა, რომ არა სწორედ მისი ვარშავაში სტუმრობის დღეს უკრაინის სოფლის მეორნეობის მინისტრის გადადგომა. ალბათ იკითხვათ, რა კავშირშია უკრაინის პრეზიდენტის პოლონეთში ჩასვლა სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომასთანო. დიახ, პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი სწორედ იმის გამო გადადგა, რომ უკრაინიდან შემოდინებულ აურებელ მარცვლეულსა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქციას ვეღარ აუვიდა. დიდი რაოდენობის უკრაინულმა იმპორტმა პოლონეთის ფერმერების პროდუქციაზე ფასების საგრძნობი ვარდნა და დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. პოლონელი ფერმერების უკმაყოფილებას კი, პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, რამაც მინისტრი შეიწირა. შემოდგომაზე პოლონეთში არჩევნები იქნება, “კანონისა და სამართლის” მმართველ პარტიას კი, ამ არჩევნებზე ფერმერების მხარდაჭერა ძალიან დაჭირდება. მოკლედ, ასე დაჩრდილი უკრაინის პრეზიდენტის კაშკაშა ვიზიტი უკრაინულმავე იმპორტმა.