skip to content
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 28 მარტი

უნგრული სონატა

ჰელსინკიმ ნატო-ს წევრობის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია – ორშაბათს უნგრეთის პარლამენტმა 182 ხმით 6-ის წინააღმდეგ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ამ ნაბიჯს წინ ბუდაპეშტში ყოყმანი და პოზიციის არაერთი ცვლილება უძღოდა. საბოლოოდ, ფინეთის საკითხის კენჭისყრაზე გატანის პრელუდიად ამავე თემაზე თურქეთის პრეზიდენტის თანხმობა იქცა. უახლოეს დღეებში ფინეთის ნატოში შესვლას კენჭი უნდა უყარონ თურქეთის პარლამენტშიც. შვედეთის ნატო-ში წევრობის საკითხი ჯერაც ჰაერშია გამოკიდებული – ანკარა ჯიუტობს და ბუდაპეშტიც მეორე ხმას ეუბნება.

ჯავშნოსანი პოტიომკინი “ლეოპარდი”

რუსული ანდაზისამებრ მოიქცნენ გერმანიაში – უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ფაეტონს დიდხანს კაზმავდნენ, გადაწყვეტილების შემდეგ კი სწრაფად გაუტიეს: დღეს ჯერ გერმანულმა გამოცემა „Der Spiegel“-მა გაავრცელა, მოგვიანებით კი, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც დაადასტურა, რომ 18-ივე ლეოპარდ 2A6 უკვე უკრაინაშია. ადგილზეა 14 ბრიტანული ჩელენჯერ 2-იც. პორტუგალიამაც ხელი გამოიღო და საკუთარი სამი ლეოპარდ 2-ი დაამატა გერმანულ ალაფს. ტანკი ტანკს ემატება, პოლონელების წილი უკვე კარგა ხანია ადგილზეა, უახლოს ხანში კი ევროპული და ამერიკული ტანკებიც დაემატება კიივის შეჯავშნულ მუშტს. ამ გაზაფხულზევე მოელიან, რომ უკრაინელები ნატო-ს ტანკებს სამანევრო შეტევაში გამოცდიან და უფრო მრავალრიცხოვან, მაგრამ უფრო ყავლგასულ რუსულ ტანკებს დაეტოლებიან.

თეთრი ბაირაღები

რუსეთის საგარეო სამინისტრო რისხვით გამოეხმიანა სომხეთის განზრახვას, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს. მოსკოვში ამბობენ, სომხეთის ამგვარი ნაბიჯი ძალზე ნეგატიურად იმოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზეო. როგორც გახსოვთ, სწორედ ამ სასამართლომ გასცა 17 მარტს ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი, შესაბამისად ერევნის ნაბიჯი კრემლში შეურაცხყოფად მიიღეს. სომხეთს თავისი გასჭირვებია: მათ საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის სავალდებულოდ აღიარებისკენ ნაბიჯების გადადგმა ჯერ კიდევ შარშან დაიწყეს იმ იმედით, რომ ომის დანაშაულებისთვის აზერბაიჯანის ხელმძღვანელ პირებს აგებინებენ პასუხს. ფორმალურად, სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება, თუმცა ამ პარტნიორობით ერევანს არაფერი მოუგია და რომის სტატუტზე შეერთებაც ჩანს კრემლს არ დაეკითხება.

ბირთვული გულგრილობა

ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებას ნატო მშვიდად გამოეხმაურა და მსოფლიოს გააგებინა, ვითარებას ვაკვირდებით, მაგრამ ჩვენი ბირთვული ძალების მზადყოფნის დონესა და განლაგებაში არაფრის ცვლილებას ვაპირებთო. ნატო-ს წარმომადგენელმა ვლადიმირ პუტინის შაბათის განცხადება „საშიშ და უპასუხისმგებლო“ რიტორიკად შეაფასა, ასევე დაამატა, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ალიანსი სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ბირთვული გაუვრცელებლობის და შეიარაღებაზე კონტროლის საერთშორისო რეჟიმებს. დასავლეთში ეჭვობენ, რომ მუქარის მიუხედავად, ახლო მომავალში პუტინი ბირთვული შეიარაღების ბელარუსში გადასროლას ვერ მოახერხებს.

ესტონეთი ბრიუსელურმა ჭორებმა აზარალა

გავლენიანი გამოცემა POLITICO-ს ევროპულ მიმოხილვაში დღეს ესტონეთისთვის საზიანო ამბავი გამოქვეყნდა. ჟურნალისტი ბრიუსელურ ჭორებსა და ცალკეულ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, სამხედრო დახმარების საქმეში ესტონეთი თვალთმაქცობსო. წყაროების თქმით, ევროპელები იმან გააღიზიანა, რომ ესტონეთი უკრაინას ძველ შეიარაღებას აწვდის, სამაგიეროდ კი ევროკავშირის საზიარო ფულიდან ახალი იარაღის საფასურის 84%-ს ინაზღაურებსო. ერთ წყაროს უთქვამს, ესტონეთმა უკრაინას საბჭოური „სტრელა“-ს ტიპის მოძველებული საჰაერო სისტემები გადასცა და ანაზღაურება კი თანამედროვე სტინგერების ტარიფებით მოითხოვაო. POLITICO-მ ესტონელ ლიდერს, უკრაინის მტკიცედ მხარდამჭერ კაია კალასს გადაჰკრა მწარე ენა, ევროპული სალაროდან სამართლიანზე მეტი ფულის დაცინცვლაში სხვებიც სცოდავენ, მაგრამ ზოგ-ზოგიერთებივით სხვებს მორალს არ უკითხავენო. ამ ყველაფერმა, ტალინი გააღიზიანა. ტვიტერზე ესტონეთის ძველი პრეზიდენტი, ტოომას ილვესი გამოვარდა, გაჟღერებული ბრალდებები ზღაპრებად მოიხსენია, POLITICO-ს ჭორიკნობაში დასდო ბრალი და ურჩია, თქვენი “წყაროები” კარგად დაიმახსოვრეთ, ემანდ მტრული სახელმწიფოს ან რუსეთის ჯაშუშები არ შეგრჩეთ ხელშიო.     

მსგავსი/Related

Back to top button