skip to content
ახალი ამბები

სააპელაციომ გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილი წევრი, გოგი წულაია დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის ნოემბერში, გოგი წულაია ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით (სსკ-ის 138-ე, I) წარდგენილ ბრალში სრულად გაამართულა, თუმცა ძალადობის (სსკ-ის 126-ე, I) მუხლში გაამტყუნა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი 4 თვემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, წულაიას 2 თვეზე ოდნავ მეტი ხნით პატიმრობა უწევდა.

სააგენტო „ნეტგზეთის“ ცნობით, წულაია ამჟამად საფრანგეთში იმყოფება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ იგი უცხოეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავდა.


გოგი წულაია ქალის ცემის ბრალდებით, 2021 წლის 17 მარტს თბილისში დააკავეს. მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით დაუმძიმა. საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წულაიამ წინასწარი პატიმრობაში დაახლოებით სამთვენახევარი გაატარა და იგი 6 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2021 წლის 1 ივლისს გაათავისუფლეს.

საგულისხმოა, რომ გოგი წულაიას დაკავებას წინ მის მიერ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერების გამო ტელეეთერით ბერა ივანიშვილის გინება უძღვოდა, რის გამოც ოპოზიცია მიიჩნევდა, რომ წულაიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება „შერჩევით სამართალსა“ და „ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებდა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button