ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელა  

ევროპარლამენტმა 13 დეკემბერს ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის ანგარიში განიხილა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხებოდა. დოკუმენტზე ოფიციალური კენჭისყრა 14 დეკემბერს გაიმართება.    

მომხსენებელი სვენ მიკსერი  

როგორც ანგარიშის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი პირველი გამოვიდა სიტყვით და განაცხადა, რომ „პოტენციური კანდიდატი ქვეყნის რანგშიც კი, საქართველო დღეს არაერთგვაროვან სურათს გვთავაზობს და ქვეყნიდან მომავალი სიგნალებიც არაერთგვაროვანია“.  

აღიარა რა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში რამდენიმე „შთამბეჭდავი რეფორმა“ განახორციელა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თვალსაზრისით აღმოსავლეთ სამეზობლოში კვლავ ლიდერად რჩება, მიკსერმა განაცხადა, რომ  როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურების შესაძლებლობის ჩვენებას და ქვეყნის სტაბილურ ერთგულებას ძირითადი ევროპული ღირებულებების მიმართ, ვიწროპარტიული, პოლიტიკური მოსაზრებები და პირადი კონფლიქტები სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებზე იმარჯვებს.  

„ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისთვის, არამედ მისი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი და ევროპარლამენტი კვლავაც მზად არიან დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების ასრულებაში.  

ამ კონტექსტში, მიკსერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაცია დახმარებად უნდა იქნას აღქმული და საქართველოს ხელისუფლებამ ეს დახმარება საუკეთესო გზით უნდა გამოიყენოს.   

აღნიშნა რა, რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ „სერიოზული ნაბიჯები“ გადადგეს ზოგიერთი რეკომენდაციის შესასრულებლად, ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ კვლავ შეუსრულებელია რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას უკავშირდება.  

ამ თვალსაზრისით, მან განაცხადა, რომ „ბევრად უფრო ხელშესახები პროგრესია“ საჭირო, მათ შორის „სასამართლო რეფორმის შემდეგი ეტაპი – აქ ძალიან ცოტა რამ გაკეთდა – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, ე.წ. ოლიგარქების კერძო ინტერესების ჭარბი გავლენის აღკვეთა, ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა“.  

მიკსერმა კომპლექსური რეფორმების სისტემური განხორციელების საჭიროებას გაუსვა ხაზი, რაც „მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ პროცესში პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთვება“.  

თავის გამოსვლაში, ევროპარლამენტარმა ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ შერჩევის ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი „რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალი სახალხო დამცველის არჩევით უნდა დასრულდეს“.  

იგი ასევე გამოეხმაურა აწ უკვე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებებს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას საქმეს დასაბუთება აკლია და რომ არ შეესაბამება სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. „ეს განცხადება საქართველოში რიგ პრობლემებზე მიუთითებს, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, ასევე დამოუკიდებელი სახალხო დამცველის საჭიროება“, – აღნიშნა მიკსერმა.  

სვენ მიკსერმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და სააკაშვილის განაჩენის გადავადებისკენ მოუწოდა, რათა მას საზღვარგარეთ მკურნალობის გავლის საშუალება ჰქონოდა.  

აღიარა რა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა დიდ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, „მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მის გათავისუფლებას ცალსახად ჰუმანიტარულ საკითხად განვიხილავთ  და ჩვენი მოწოდება არ წარმოადგენს მისი საქმის სამართლებრივ, პოლიტიკურ თუ რაიმე სხვა შეფასებას“.   

სიტყვის დასასრულს, მიკსერმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა და მიესალმა ამ თემაზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ფორუმებზე გამოხატულ „მკაფიო პოზიციას“.   

თუმცა, მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი „ევროკავშირს და ჩვენს პარნტიორებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს“.  

„ამგვარი ბრალდებები ცალსახად არასწორია; ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. „ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი. საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევა ევროპასა და მშვიდობას შორის. ევროპის არჩევა ნიშნავს მშვიდობის არჩევას“.  

ევროკომისარი ჰელენა დალი

სვენ მიკსერის შემდეგ სიტყვით ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში, ჰელენა დალი გამოვიდა და ევროკომისიის მოსაზრებები წარადგინა. მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა კიდევ უფრო დაახლოვდა. მისივე თქმით,  საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმება „ძლიერ მამოძრავებელ ძალად რჩება რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ქვეყანას ევროკავშირის ღირებულებებთან, პრინციპებთან, სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან აახლოებს“.

ევროკომისრის თქმით, ევროპისკენ მიმავალი გზა სტანდარტებთან დაკავშირებით „მაღალ ზღვარს აწესებს“ და „რეფორმების გაზრდილ კონტროლსა და მონიტორინგს“ უზრუნველყოფს.

ამ კონტექსტში, მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმებასა და ევროკომისიის რეკომენდაციებში ასახულ რეფორმებზე და მათ შორის დაასახელა „ამბიციური და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომელიც ძირითადი სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, კეთილსინდისიერებას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“.

ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე საუბრისას, ევროკომისარმა დალიმ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ბიურო „რეალურად დამოუკიდებელი“ იყოს და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისიით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მიკსერის მსგავსად, ევროკომისარიც შეეხო სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს და აღნიშნა, რომ „დამოუკიდებელი სახალხო დამცველი დემოკრატიული საზოგადოების მნიშვნელოვანი ელემენტია“. „მივესალმები იმ ფაქტს, რომ აქამდე ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ინკლუზიური და გამჭირვალე იყო და ველით, რომ ის ასევე დასრულდება“, – განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები კონსენსუსს მიაღწევენ ახალი სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის საქმეში.

ევროპარლამენტარების განცხადებები

დებატების დროს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ „უკვე ბევრი წელია მივუთითებთ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების სფეროებში მნიშვნელოვანი პრობლემებია, რის გამოც ანგარიში საქართველოს შესახებ გარკვეულწილად კრიტიკულია“.

„ნამდვილი და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელება და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, – განაცხადა მან. „დაჩქარებული წესით მიღებული კანონების და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ადგილი არ არის“.

გრეგოროვამ განაცხადა, რომ „თუ არსებობს ევროპული მომავლის ნება, იქნება გზაც… საქართველომ ევროკავშირის გაწევრიანების მიზნის მისაღწევად შემდგომი ბანიჯები უნდა გადადგას“. 

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს გვერდზე გადადონ უთანხმოებები და იმუშავონ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებების ასრულებაზე.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპის სახალხო პარტიის სახელით ისაუბრა და განაცხადა, რომ „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი იყო რეფორმების განხორციელების კუთხით“. „სწორედ ამიტომ იმედგამაცრუებელია იმ ნეგატიური ტენდენციების ხილვა, რომლებიც ქვეყნის განვითარებაზე გავლენას ახდენს“, – აღნიშნა მან.

ლექსმანმა ასევე განაცხადა, რომ „პოლიტიკური ლიდერები არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეს, არამედ საზოგადოებასაც ყოფენ“. ამ კონტექსტში, მან მიანიშნა, რომ მმართველი პარტია განაგრძობს 19 აპრილის შეთანხმების უგულებელვყოფას.

მისივე თქმით, „ერთ ოლიგარქს კვლავ ჭარბი გავლენა აქვს პოლიტიკურ გარემოზე… სასამართლო სისტემა პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენება, ხოლო დემოკრატიული პოლიტიკური პროცესები გაუარესებას განაგრძობს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ გვარამიას წაყენებულ ბრალდებებს მოუხსნიან, ხოლო სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას მისცემენ.

„ამ სერიოზული გამოწვევების დაძლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, არამედ ქვეყნის დემოკრატიისა და მედეგობის გაძლიერებისთვის,“ – დასძინა მან.

Exit mobile version