ახალი ამბები

საქართველოში არსებული ხელფასები საცხოვრებელ ხელფასზე ‘გაცილებით დაბალია’  

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების კოალიციამ „ღირსეული შრომის პლატფორმა“ საქართველოში საცხოვრებელი ხელფასის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არსებული ხელფასები „გაცილებით დაბალია“ საცხოვრებელ ხელფასზე, რომელიც თვეში 1 770 ლარს შეადგენს. საცხოვრებელი ხელფასი წარმოადგენს დაუბეგრავ შემოსავალს, რომელიც ეფუძნება მთლიანად ქვეყნის ქალაქებისა და სოფლების მონაცემების საშუალო და ოჯახში ერთი მშრომელის მონაცემებს. 

კოალიციის თქმით, საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა  მნიშვნელოვანი საჭიროებები. ის ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს.  

კოალიციამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა. სახელმწიფო მონაცემებზე დაყრდნობით, კოალიცია აცხადებს, რომ მედიანური ხელფასი 2021 წლისთვის თვეში 900 ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. საშუალო ხელფასიც კი 2021 წელს, თვეში მხოლოდ 1305 ლარი იყო, რაც საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. 

წყარო: ღირსეული შრომის პლატფორმა

კოალიციამ ხაზი გაუსვა, რომ „დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი ხელფასის  გადახდის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, მათ შორის მთავარი საკუთარი შრომით მიღებულ შემოსავალსა და ღირსების დაცვასთან ურთიერთკავშირია. „მშრომელები, რომლებიც თავის დროსა და ენერგიას დამსაქმებელს ახმარენ, უფლება აქვთ მიიღონ საკმარისი და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი ანაზღაურება“, – აცხადებს კოალიცია.  

„ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც მშრომელები ქრონიკულად დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ვერ ახერხებენ გაჭირვებიდან თავის დაღწევას, სასტიკი, გაუსაძლისი და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, – აღნიშნავს კოალიცია.  

მან ასევე განაცხადა, რომ საცხოვრებელი ხელფასის გადახდას აქვს კომპანიებისთვის „უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის პოტენციალი“. ამ კონტექსტში, კოალიციამ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ხელფასის გადახდა ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს, კადრების პოვნასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეამცირებს და თანამშრომლების კეთილდღეობასა და პროდუქტიულობას გაზრდის.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button