ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) შესრულების შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა.

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ამირან ბიჭაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) ევროკავშირის სამხედრო–მრჩეველთა მისიის (EUMAM RCA) გაგრძელებაა, სადაც  2015 წლის ოქტომბრიდან ხუთი ქართველი სამხედრო მსახურობდა.

მანამდე, საქართველო ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUFOR RCA) მონაწილეობდა, სადაც ქვეყანამ 2014 წლის ივნისში დაახლოებით 150 ჯარისკაცი გაგზავნა. 2014 წლის დეკემბერში მისიაში ქართველი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 85 სამხედრომდე შემცირდა, რომლებიც იქ 2015 წლის მარტამდე მსახურობდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button