ომბუდსმენმა საზ. მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეზე დარღვევა დაადგინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TIG) 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტების – იმედა დარსალიას, სოფიო ზედელაშვილისა და თამთა ჯანაძის საქმეზე „არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მათი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მიმართა“.
ორგანიზაციამ ასევე განმარტა, რომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ომბუდსმენის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, რომ ბათილად ცნოს ხსენებული ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებები და „თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება“.
„გატარებული ღონისძიების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის აპარატს კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში უნდა აცნობოს“, – აღნიშნეს „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ და დასძინეს, რომ სასამართლოში იცავენ მაუწყებლიდან „უკანონოდ გათავისუფლებული ამ ჟურნალისტების უფლებებს, რომლებმაც ტელევიზია ცენზურის მცდელობასა და რესპონდენტების „შავი სიის“ არსებობაში ამხილეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)