skip to content
ახალი ამბები

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტები სასამართლოს მიმართავენ

ყოველკვირეული გადაცემა „ახალი კვირის“ აწ უკვე ყოფილი წამყვანი – იმედა დარსალია და ჟურნალისტები – თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი, რომლებიც „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ცოტა ხნის წინ, ხელმძღვანელობა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევასა და ცენზურის მცდელობაში დაადანაშაულეს, მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ.

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედა დარსალიამ თქვა, რომ სამივე ჟურნალისტმა გათავისუფლების შესახებ იდენტური ბრძანება, 29 აპრილს, მეილით მიიღო, რომელშიც გათავისუფლების მიზეზად „საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება“ იყო მითითებული.

დარსალიას განცხადებით, გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს არხის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი აწერს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცენზურის მცდელობის, შავი სიებისა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის ფაქტებზე“, მათ მიერ საჯარო განცხადებებამდეც იყო საქმის კურსში.

„სამწუხაროდ, არხის გენერალურმა დირექტორმა და მენეჯენტმა, ამ სამარცხვინო გადაწტყვეტილებით პრობლემის მოგვარება არა ცენზურის მცდელობაში მხილებული პირების გათავისუფლებით, არამედ ჩვენი თავიდან მოშორებით გადაწყვიტეს“, – თქვა დარსალიამ.

მისივე შეფასებით, დადასტურდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „კრიტიკული კურსის“ გამო დახურა, თანამშრომლები კი – იმ პრობლემებზე საჯარო საუბრის გამო გაუშვა, რომელთა მოგვარებაც, მათ, „სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის“ მიუხედავად, შიგნით ვერ შეძლეს.

„ჩვენი გათავისუფლება არის სამაგალითო სასჯელი ყველა იმ ჟურნალისტისთვის, რომელიც გაბედავს, [რომ] საჯაროდ ისაუბროს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით არსებულ პრობლემებზე…, ეს არის მესიჯი ყველა თანამშრომლისთვის, რომ გაჩუმდნენ, თორემ სამსახურს დაკარგავენ“, – განაცხადა იმედა დარსალიამ.

თუმცა, მანვე დასძინა, რომ „საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ იცოდეს სიმართლე, რა ხდება მისი გადასახადებით დაფინანსებული ტელევიზიის კედლებს მიღმა“.

სოფო ზედელაშვილმა არხზე დარჩენილ იმ კოლეგებს, რომელთაც მათი „საჯაროდ დაგმობის წერილს“ ხელი არ მოაწერეს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ არხზე ცენზურის მცდელობის შესახებ მათმა აწ უკვე ყოფილმა კოლეგამ, სოფო მთივლიშვილმაც ისაუბრა, რომელიც ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ზედელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი კიდევ ერთი კოლეგა, რომლის ვინაობაც არ დაასახელა, პირველი არხის თანამშრომლის მხრიდან „მუდმივი ზეწოლის ქვეშ“ არის და მისი მისამართითი „არის შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„მინდა, რომ მოვუწოდო იმ ადამიანს, რომელიც ამ სამარცხვინო საქციელით არის დაკავებული, რომ ეს შეწყვიტოს.“, – თქვა მან.

თავის მხრივ თამთა ჯანაძემ აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს „პროფესიული ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი, ბინძური და უსაფუძვლო ჭორების გავრცელება“, თითქოს ისინი „პოლიტიკური გავლენებიდან გამომდინარე“ მოქმედებენ, „რაც არის სრული აბსურდი“.

„ერთადერთი, რისი დადგენაც გვინდა, ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლოში“, – განაცხადა მან.

ჯანაძემ ასევე დასძინა, რომ „„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა ეკუთვნოდეს საზოგადოებას და არა ხელისუფლებასთან ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებულ რომელიმე პირს, რომელიც ამჟამად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და მედიაკოალიციის გამოხმაურება

სასამართლოში „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისფულებული ჟურნალისტების უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დაიცავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მედიაპროგრამის მენეჯერის, მამუკა ანდღულაძის შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ჟურნალისტებისთვის მოესმინა და პრობლემების მოსაგვარებლად „შესაბამისი ზომები“ მიეღო, ჟურნალისტები დასაჯა და ისინი სამსახურიდან „უკანონოდ“ გაათავისუფლა.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი იქცა, სამწუხაროდ, სიმბოლოდ ცენზურისა, სადაც განსხვავებული, პროფესიული სტანდარტების შესაბამისად მომზადებული გადაცემები მიუღებელია“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტების სამსახურიდან გაშვება უკანონოდ შეაფასა ორგანიზაციის ადვოკატმა, თეონა ზაქარაშვილმაც და ხაზი გაუსვა, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული არგუმენტები და საფუძვლები არ არის კანონმდებლობის შესაბამისი და „პირდაპირ არღვევს მათ უფლებებს“.

„ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მსუსხავი ეფექტი, რომ თუ ვინმე გაბედავს და [ისაუბრებს არხზე არსებულ] პრობლემებზე…, მიიღებენ ასეთ გათავისუფლების ბრძანებებს“, – განაცხადა მან.

„საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ჟურნალისტების გათავისუფლებას გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის და განაცხადა, რომ „გრძელდება თანამშრომელთა დისკრიმინაციის და დევნის პრაქტიკა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს ქმნის“.


იმედა დარსალიამ, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევასა და ცენზურის მცდელობებში ღიად 25 მარტს დაადანაშაულეს.

მაშინ, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ მაუწყებელი ცდილობდა ისეთი ამბების დაბლოკვას, რომლებიც რუსეთსა და საბჭოთა კავშირს შეეხებოდა. ასევე შედგენილი იყო რესპონდენტთა შავი სიაც, რომლებიც ჟურნალისტებს არ უნდა ჩაეწერათ. მათ საკითხის მოკვლევისთვის სახალხო დამცველის ოფისსაც მიმართეს.

ჟურნალისტების ბრალდებებს მაშინ „სრულიად უსაფუძვლო“, „საგანგაშო“ და „რეპუტაციის შემლახავი, მიზანმიმართული კამპანია“ უწოდა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“.

ჟურნალისტების გათავისუფლებაზე მაუწყებელს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button