skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიას გმობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 15 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც გმობს ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მოუწოდებს მმართველ პარტიას „შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები და მათი შევიწროება“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დეპუტატ მამუკა მდინარაძის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული კომენტარები არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლებთან დაკავშირებით „შემაშფოთებელია“.

ორგანიზაციების თქმით, აღნიშნული ბრალდებები „მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს, ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას“.

განცხადების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები „შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის“.

ამ კონტექსტში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „საზოგადოებრივი ორგანიზაციების „მიზანში ამოღება“ ავტორიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი“ და პარალელი გაავლეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და უნგრეთი, სადაც „ბოლო პერიოდის ტრენდს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, განსაკუთრებით უფლებადაცვით და დემოკრატიზაციის ხელშემწყობ ორგანიზაციებზე თავდასხმები, მათი ფინანსური ბრუნვის კონტროლი და „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადება“.

განცხადებაში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით საქართველოს ხელისუფლებას ნაკისრი აქვს ვალდებულება „ხელი შეუწყოს ქვეყანაში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს“.

ორგანიზაციებმა მოუწოდეს მმართველ პარტიას გააძლიეროს სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყოს მისთვის უსაფრთხო და თავისუფალი გარემოს არსებობა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს უნდა გაკეთდეს მათთვის „საჯარო მხარდაჭერის გამოცხადებით, ასევე მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებით“.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად, განცხადებას ხელს აწერენ ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მედიის ინსტიტუტი და უფლებები საქართველო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button