skip to content
ევროპამთავარი თემა

ელისაბედ მეორე: ეპოქის დასასრული

ელისაბედ მეორე დიდი მონარქი იყო. ალბათ, ევროპის უკანასკნელი დიდი მონარქი. მისი ზეობის სიდიადე წარსულისას არაფრით ჰგავდა. ელისაბედ მეორის ზეობისას არც ბრიტანეთის ტერიტორია გაზრდილა, არც მისი მოსახლეობა. სულაც პირიქით – მნიშვნელოვნად შემცირდა. მას არ დაუწყია და გაუმარჯვია ახალ სისხლისმღვრელ ომებში, არ დაუპყრია ახალი მიწები და საუკუნის მიწურულს, საკუთარმა ქვეშევრდომებმა საშემოსავლო გადასახადიც კი დაუწესეს. ამის მიუხედავად, ელისაბედი წარმავალი ეპოქის და ქარიშხლიანი მეოცე საუკინის ბრწყინვალე სიმბოლო იყო, განსხეულება არა მხოლოდ მონარქიისა, არამედ, ეგებ თავად ბრიტანეთისაც კი. 

ავტორი: საბა ბრაჭველი ინგლისის მცოდნე და მოყვარული, “ევროპის მოამბის” ერთგული ავტორია.

მართე, ბრიტანია! 

ბრიტანეთის უახლესი ისტორია დედოფლების ზეობის ხანაა. მას შემდეგ, რაც 1837 წელს ინგლისის დედოფლად ვიქტორია ეკურთხა, ინგლისს სულ ექვსი მონარქი ჰყავდა. გასული 185 წლიდან მხოლოდ 51 წლის განმავლობაში ზეობდა ინგლისში მეფე, ხოლო დანარჩენი 134 წელი მას ორი დიდი დედოფალი – ვიქტორია და ელისაბედ მეორე ედგა სათავეში. ვიქტორიასა და ელისაბედის ეპოქები ერთმანეთისგან სარკისებრად განსხვავდება – თუ ვიქტორიას დროს იმპერია შეუფერხებლად იზრდებოდა და მსოფლიოს საკუთარ თარგზე ჭრიდა, ელისაბედის ხანა კატაკლიზმებითა და კოლაფსებით იყო დახუნძლული.

მარცხნივ: ენდრიუ ფესტინგის მიერ შესრულებული ელისაბედ მეორის პორტრეტი ფოტო: ტიმ გრემი/Getty Images; მარჯვნივ: დედოფალი ვიქტორიას პორტრეტი, 1887. ფოტო: ვიკიმედია.

ჩვენს ხანაში, როცა ამბების ყოველწამიერ მოხმარებას ვართ შეჩვეული, ელისაბედ დედოფალი ეპოქათა შორის კავშირს განასახიერებდა. ის მარტინ ლუთერ კინგსა და ან ფრანკზე ახალგაზრდა იყო. მაშინ დაიბადა, როცა ჯერ დაჭრილი პურიც კი არ იყო გამოგონებული და “შავი ხუთშაბათი” ჯერ კიდევ წინ იყო. ელისაბედი ბრიტანეთის 15 პრემიერსა და აშშ-ის 14 პრეზიდენტს მოესწრო. მისი პირველი პრემიერი 1874 წელს დაბადებული ჩერჩილი, ბოლო კი – 1975 წელს დაბადებული ტრასი გახლდათ. როგორც ბრიტანული თანამეგობრობის სუვერენი, იგი კანადის პრემიერ პიერ ტრუდოსაც შეხვედრია და მის შვილს, ჯასტინ ტრუდოსაც, რომელმაც ცრემლით დაიტირა ელისაბედ მეორის გარდაცვალება. ელისაბედი უკანასკნელი მონარქი ან პრეზიდენტი იყო, ვისაც მეორე მსოფლიო ომი სამხედრო უნიფორმით გამოუვლია. 

ერთადერთი, რაც მარადიული მონარქის ზეობისას უცვლელი დარჩა, ალბათ განვითარებული სამყაროს მთავარი ანტაგონისტი იყო – სტალინიდან პუტინამდე რუსეთს დიდი გაუმჯობესება ნამდვილად არ განუცდია.

ბრიტანეთის საუკეთესო ელჩი

კონსტიტუციურ მონარქიას დრომოჭმულობას ვინ არ აბრალებს, თუმცა ელისაბედ მეორის როლს ბევრი რესპუბლიკელიც კი აღიარებს. მაშინ, როცა საშუალოსტატისტიკური ევროპელი მონარქის როლი, ვიქტორიანული ეპოქის ბავშვებისა არ იყოს, იმაში გამოიხატება რომ “ჩანდეს, მაგრამ არ ისმოდეს”, ელისაბედ დედოფალის მოსაზრებები მისი მინისტრებისა და, ზოგჯერ, ქვეშემვრდომებისთვისაც ცნობილი იყო. როცა ქვეყანას უჭირდა, დაუნინგ სტრიტის ათი ნომრის ბინადარნი, ხშირად დედოფლის კალთის იმედად იყვნენ.

ელისაბედი ბრიტანიის გავლენის მცველი იყო. ის მონარქი გახლდათ, რომელიც ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას ესტუმრა. მაშინ, ავსტრალიის მოსახლეობის სამი მეოთხედი გამოეფინა მის სანახავად. არც სიახლეს და არსით პოლიტიკურ  ნაბიჯებს უფრთხოდა: ჯერ კიდევ 1972 წელს, ის პირველი ჩავიდა კომუნისტურ ქვეყანაში – იუგოსლავიაში, 14 წლის შემდეგ კი – ჩინეთში დადგა ფეხი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ელისაბედ მეორე ეწვია რუსეთსაც. ბრიტანეთის ძველი ტრავმების გაქარწყლებასაც არ ერიდებოდა: ის იყო პირველი ინგლისელი მონარქი ვისაც აშშ-ის კონგრესისთვის მიმართვის პატივი ხვდა წილად, 2011 წელს კი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ირლანდიის რესპუბლიკას, რაც მწვანე კუნძულის მოყვარულ მრავალრიცხოვან ბრიტანელ მონარქთაგან მხოლოდ მან გაბედა.

მრავალრიცხოვანი ვიზიტებისას ელისაბედი მხოლოდ უცხო სანახების ჭვრეტით როდი ტკბებოდა. სამოცდაათიანებში, როდესაც ალბიონი შიდა კონფლიქტებმა ძლიერ დაასუსტა, ელისაბედი საფრანგეთის პრეზიდენტს ესტუმრა. ვალერი ჟისკარ დ’ესტენი მანამდე ბრიტანეთს ‘სუსტად’ და ‘დაბერებულად’ მოიხსენიებდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ დედოფალს ‘უზადო მმართველი’ უწოდა და განაცხადა, ევროპის ორი უძველესი ქვეყნის – საფრანგეთისა და ბრიტანეთის კავშირის აღორძინებას გულით მოველიო.

თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული ელისაბედ მეორე თანამეგობრობის თამაშების დახურვაზე ავსტრალიაში, 1982 წლის 9 ოქტომბერი. ფოტო: პიტერ ჩარლზი/AP

მეტოქეების მეგობრად მოქცევა ელისაბედ მეფის პირადი შარმისა და გაბედულებას მოწმობს. 1980 წელს დედოფალს კანადელი პოლიტიკოსები ეწვივნენ, იმ სურვილით, რომ კანადის კონსტიტუცია შეეცვალათ და მასში დედოფლის უფლებამოსილება შეეკვეცათ. შეხვედრის დროს აღმოაჩინეს, რომ დედოფალი საკანონმდებლო პაკეტის ავან-ჩავანში მრავალ პოლიტიკოსსა და ჩინოვნიკზე უკეთ ერკვეოდა. შედეგად, 1982 წლის კონსტიტუციაში კანადა ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა, თუმცა ქვეყნის სიმბოლურ მეთაურად კვლავ დედოფალი დარჩა.

1999 წელს ავსტრალიაში ჩატარებული რეფერენდუმზე ავსტრალიელთა უმრავლესობამ დედოფლის უზენაესი ძალაუფლების შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. იქაურმა რესპუბლიკელებმა აღიარეს, რომ მთავარი მიზეზი სწორედ ელისაბედ მეორის პიროვნული ბრწყინვალება და მისდამი ავსტრალიელთა გულწრფელი სიყვარული იყო. 2010 წელს, მაშინდელმა პრემიერმა კი პირდაპირ თქვა – ჩვენი ხალხი დედოფალი ელისაბედით იმდენადაა მოხიბლული, რეფერენდუმი მის სიცოცხლეში აღარასდროს უნდა გაიმართოსო. როგორც ჩანს, დედოფალი ავსტრალიას 16-ჯერ ტყუილად სულაც არ სწვევია.

გულწრფელობა სიხისტის გარეშე

ხალხისთვის, დედოფლისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს მისი უშუალო და გულწრფელი მიმართვებიც იწვევდა. ელისაბედმა თავდაჭერისა და ორატორობის განსაკუთრებული უნარი ლედი დის გარდაცვალების შემდეგ გამოავლინა. დაიანას დაკრძალვის წინა დღეს მან პირდაპირი ეთერით მიმართა მოსახლეობას, რის შემდეგაც სამეფო ოჯახისადმი აგორებული ვნებათაღელვა მეტწილად დაცხრა. გავიხსენოთ მისი 1997 წლის ვიზიტიც ინდოეთში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებით შეეგება. დედოფალი, მეუღლესთან ერთად, კოლონიური ბრიტანეთის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის ადგილს ესტუმრა და დაღუპული ინდოელების ხსოვნას პატივი მიაგო, რის შემდეგაც საპროტესტო აქციები მყისვე შეწყდა.

ბრექზიტის დროს, ელისაბედ მეორე ევროკავშირის ფერებში შეიმოსა

როცა თვლიდა, რომ სამეფოსადმი მისი მოვალეობა ამას მოითხოვდა, დედოფალი მოსაზრებასაც ღიად გამოთქვამდა. 2016 წელს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა მას პირდაპირ სთხოვა შოტლანდიის რეფერენდუმთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა, რის შემდეგაც დედოფალმა ქვეშევრდომებს ‘განსაკუთრებული გონიერებისკენ’ მოუწოდა, თუმცა, ამბობენ, კემერონზე ნაწყენი კი დარჩა, რომ ეს პრობლემა უმისოდ ვერ გადაწყვიტაო. ერთი წლის თავზე კი ელისაბედმა უკვე სიტყვის უთქმელად, მაგრამ ნათლად, ყვითელი ყვავილებით მოოჭვილი ლაჟვარდისებური სამოსით დააფიქსირა ბრექსიტისადმი წინააღმდეგობა და თავისი ხედვა ევროპაში ბრიტანეთის ადგილის შესახებ.

დედოფლის სიცოცხლე საკუთარ ერისადმი მსახურების ვალდებულებით იყო განმსჭვალული. მსახურება ჯერ კიდევ მის კორონაციამდე – მამამისის, ჯორჯ მეექვსის ჯანმრთელობის გაუარესებისას დაიწყო და იგი პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლის ბოლო დღეებამდე (ლიზ ტრასის გამასპინძლებამდე) არ შეწყვეტილა. მართალია, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ბევრ სკანდალში გახვეულა, მაგრამ მათი საბაბი ელისაბედ მეორე არასოდეს გამხდარა.

დღეგრძელობა მეფეს

ელისაბედ მეორე სამეფოს სათავეში 70 წლის განმავლობაში იდგა. კაცობრიობის დიდი უმრავლესობისთვის ბრიტანეთის მონარქია სწორედ მასთან ასოცირდება. მისი გარდაცვალება გაერთიანებულ სამეფოში გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებს მოასწავებს, ვიდრე ბანკნოტებსა და მონეტებზე გამოსახული სახის ცვლილებაა. 

აწ უკვე ჩარლზ მესამედ ცნობილი ელისაბედის პირმშოს, გამეფება მსოფლიოს უძველესი განგრძობადი კონსტიტუციური მონარქიისთვის რთული გამოცდაა. დახლეჩილ თანამედროვე სამყაროში მან, უკვე ასაკოვანმა, ქვეყნის ერთიანობის, სტაბილურობისა და განგრძობადობის სიმბოლოობა უნდა იტვირთოს. 

ბრიტანელები კვლავაც დიდხანს წაიბორძიკებენ საკვანძო სიტყვაზე ჰიმნის სიმღერისას, ხოლო ჯეიმს ბონდი დედოფლის ნაცვლად უკვე მეფის გადარჩენაზე იქნება მომართული. თუმცა, აკი ვახსენეთ – ზეობის იოლი დასაწყისი არც ელისაბედს ჰქონია. თუმცაღა, ჩარლზ მესამეს ელისაბედის მსგავსი საყოველთაო სიყვარულის დამსახურება ალბათ ძლიერ გაუჭირდება. მისი პირველი წარმატებული, გულწრფელი და მგრძნობიარე მიმართვის შემდეგ ეგებ, ისიც მოუვიდეს თვალში ქვეშევრდომებს.

გვირგვინოსანი – ადამიანი 

ელისაბედი მისი ან ზოგადად მონარქიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უკმეხად არასოდეს ხვდებოდა. მისი ზეობის ყველაზე რთულ წელს, 1992-ში, თქვა კიდეც – ნებისმიერი ინსტიტუციის ან ადამიანის კრიტიკა შეიძლება მაგრამ, ეგება, სჯობდეს კრიტიკას თან ‘ოდნავი იუმორი, სიფაქიზე და თანაგრძნობა’ ახლდეს თანო. და როცა მსოფლიო ევროპის მეორე დღეგრძელ მონარქს ეთხოვება, დაე ჩვენც სიფაქიზითა და თანაგრძნობით გავიხსენოთ ადამიანი, ოთხი შვილის დედა და რვა შვილიშვილის ბებია, რომელსაც ძროხები საოცრად აღაფრთოვანებდა, საკუთარი შვილთაშვილის კულინარიული ექსპერიმენტები კი ყველაზე მეტად აფრთხობდა ხოლმე…

Back to top button