Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

უკრაინა: ანექსიის აჩრდილი

რა ხდება?

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ გასულ სამშაბათს, 19 ივლისს, განაცხადა, რომ აშშ დაზვერვის ცნობით, რუსეთი დეტალურ გეგმებს ამუშავებს ხერსონის, ზაპოროჟიის, დონეცკისა და ლუჰანსკის ანექსიისათვის. საამისო “რეფერენდუმების” სავარაუდო ვადად სექტემბერი დასახელდა. გერმანიის საგარეო-პოლიტიკური წყაროები ამერიკელების ამ ხედვას იზიარებენ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

უსაფრთხოების საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზირით, უკრაინის რეგიონების ანექსია ფსონებს მნიშვნელოვნად გაზრდის – საკუთარი ტერიტორიის შეტევისაგან დასაცავად, კანონით, რუსეთს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის გამოყენება შეეძლება, უკიდურეს შემთხვევაში კი ბირთვული იარაღითაც შეიძლება სერიოზულად დაიმუქროს.

  • დასავლეთის ქვეყნები, ბუნებრივია, ამგვარ ანექსიას არასოდეს აღიარებენ, თუმცა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რისკების სხვაგვარად შეფასება მოუწევთ.
  • შედეგად, უკრაინისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, სამხედრო წარმატებას რაც შეიძლება სწრაფად, შემოდგომის დასაწყისისთვის მიაღწიოს, რათა ანექსიის პრაქტიკული შესაძლებლობა მოუსპოს კრემლს.

ანალიზი

ჩამოთვლილი ოთხი რეგიონი უკრაინის სამხრეთში მდებარეობს. ხერსონი და ზაპოროჟია რუსეთმა ომის მიმდინარე ეტაპის დასაწყისშივე დაიკავა. მათი ანექსიის შემთხვევაში, რუსეთი ადრევე ანექსირებულ ყირიმს პირდაპირ დაუკავშირებს რუსეთის ტერიტორიას და ამით მუდმივად დაემუქრება უკრაინის სამხრეთს. ლუჰანსკის ოლქზე კონტროლი რუსეთმა ამ თვის დასაწყისში დაამყარა და ახლა დონეცკის ოკუპაციის დასრულებას ლამობს. თუმცა საქმეები კრემლისთვის მთლად კარგად ვერ მიდის.

სამხედრო ვითარების ცვლილება

ლუჰანსკის ოლქის ორი დარჩენილი ქალაქის, სევეროდონეცისა და ლისიჩანსკის აღება რუსეთის არმიის პირველი პირველი სამხედრო წარმატება იყო კიივის გარშემო განცდილი სამარცხინო მარცხის შემდეგ. თუმცაღა, ბევრი სამხედრო დამკვირვებლის აზრის ცნობით, ამას პიროსის გამარჯვება უფრო ეთქმის:

  • რუსეთმა გვარიანი რაოდენობის ძალები შეალია და შეაწყვიტა სტრატეგიული თვალსაზრისით შედარებით უმნიშვნელო ორ პუნქტს.
  • უკრაინამ მოახერხა ორგანიზებული უკანდახევა ისე, რომ მისი ჯარები ალყაში არ მოქცეულან.
  • რუსეთის გადარჩენილი ჯარები მოქანცული არიან და ახალი შეტევისათვის პაუზა დასჭირდებათ. უკვე ორი კვირაა რუსეთის არმიას წინ აღარ წაუწევია. აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, უილიამ ბერნსის შეფასებით, ომს გამოეთიშა 15 ათასი მოკლული რუსი სამხედრო, 45 ათასი კი დაჭრილია.

ამასობაში, ვითარება შეიცვალა უკრაინის მხარესაც:

  • ერთი მხრივ, ლუჰანსკიდან უკანდახეული ძალები ახლა ნაკლებად ბრძოლისუნარიანი არიან.
  • სამაგიეროდ, დასავლეთიდან შორსმსროლელი სარაკეტო არტილერიის მიღებითა და ამოქმედებით, უკრაინამ ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვა და რუსეთის ამუნიციის საწყობები ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე გაანადგურა.
  • სანამ რუსეთის მთავარი ძალები ლუჰანსკში იყვნენ შებოჭილი, უკრაინის ძალებმა ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვეს ხერსონის მიმართულებით და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ. უკრაინის დანაკარგებს ბერნსი რუსეთზე მცირედით ნაკლებად აფასებს, თუმცა დასძენს, რომ მათგან დიდი ნაწილი საუკეთესოდ გაწვრთნილი მებრძოლები იყვნენ.

პოლიტიკური ვითარების ცვლილება

ამასობაში მნიშვნელოვანი დეტალები შეიცვალა საერთაშორისო კონტექსტში:

  • თანამდებობას გამოემშვიდობა ორი საკვანძო ფიგურა: ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელსაც უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის მობილიზებაში წამყვან როლს თამაშობდა და იტალიის პრემიერი, მარიო დრაგი, რომლის მთავარი ფუნქციაც ევროპელ ლიდერებს შორის კონსენსუსის მოძიება გახლდათ. ორივე მათგანი შემოდგომამდე მოვალეობის შემსრულებლად რჩება. თუკი ბრიტანეთში მომავალი პრემიერი, ჩანს, კვლავაც უკრაინის გულიანი მხარდამჭერი იქნება, იტალიაში სექტემბერში ახალი არჩევნები გაიმართება და ევროპის მესამე უდიდესი სახელმწიფოს პოლიტიკა, ჩანს, კარგა ხნით დარჩება აბურდული.
  • აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი კვლავაც ურყევია და შეიარაღების ახალი პაკეტებიც რეგულარულად მტკიცდება, თუმცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე ამოწურავს უკვე დამტკიცებული დახმარების ტრანშს და ლენდ-ლიზის გააქტიურება მოუწევს.

უკრაინის შიდა პოლიტიკაშიც არასტაბილურობის პირველი ნიშნები გაჩნდა:

  • პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებს ჩამოაცილა გენერალური პროკურორი და დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ ორმა გავლენიანმა ოფიციალურმა პირმა ვერ შეძლო თავიანთ სამსახურებში მოღალატეების გამოვლენა. თუმცა ორი საკვანძო ფიგურის მოხსნა იმაზეც მეტყველებს, რომ კიივში გადაწყვეტილებების მიღების ცენტრში დაღლილობას გარკვეული უთანხმოებააც მოჰყვება.

რას უნდა ველოდეთ?

იმისთვის, რომ რუსული ყაიდის “რეფერენდუმებისა” და შემდგომი ანექსიის გეგმები ჩაიშალოს, უკრაინისათვის ფრიად მნიშვნელოვანი ხდება სექტემბრამდე გადამწყვეტი წარმატების მიღწევა ხერსონისა და ზაპოროჟიის მიმართულებით. ევროპელი და ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ არიან საკმარისად დაკომპლექტებული და გაწვრთნილი იმისათვის, რომ ფრონტის ამ ხაზზე გადამწყვეტი უპირატესობა ჰქონდეთ. შესაბამისად მათ გარისკვა, უკეთესი იარაღისა და უპირატესი ტაქტიკური მომზადების იმედით წინსვლა მოუწევთ.

როგორც ჩანს, სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში ომის მიმდინარე ფაზის გადამწყვეტი მოვლენები უახლოეს კვირებში, სექტემბრის დასაწყისამდე გათამაშდება. სექტემბრის შუა ხანებისათვის, როგორ რუსეთის, ისე უკრაინის ძალების წინსვლის პოტენციალი დროებით ამოწურული იქნება და ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისათვის ნოყიერი ნიადაგი შეიქმნება. უკრაინის ამოცანაა, როცა ამის დრო დადგება, ცეცხლის შეწყვეტის ხაზი მაქსიმალურად პასუხობდეს მის სამომავლო ინტერესებს.

მასალა მოამზადა ჯაბა დევდარიანმა, AXIOS, The Economist, ISW ანალიზსა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button