skip to content
დაწურულადევროპა

ნატო სტრატეგიულ მიდგომას ცვლის

რა მოხდა

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, სამიტზე, რომელიც მადრიდში დღეს გაიხსნება, ნატო “კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკის ცივი ომის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვან რევიზიას” აპირებს.

მთავარი ამბავი:

სტოლტენბერგის თქმით მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობა 40 ათასიდან “300 ათასზე ბევრად მნიშვნელოვნად” გაიზრდება და ეს ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთის საპირწონედ განლაგდება.

ნატოს წევრები ასევე შეიმუშავებენ ახალ “სტრატეგიულ კონცეფციას” რომელიც 2010 წელს მიღებულ მსგავს დოკუმენტს განაახლებს.

  • სტრატეგიის წინა დოკუმენტი მაშინ მიიღეს, როცა ბარაქ ობამა რუსეთთან “გადატვირთვის” პოლიტიკას აწარმოებდა და მოსკოვთან “ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის” სურვილს ასახავდა.
  • საფრთხის აღქმა მაშინ ფუნდამენტურად განსხვავებული იყო. ნატოს ჯარები არ იმყოფებოდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის არც ბალტიის ქვეყნებში. დღეს ვითარება შეიცვალა – მთავარ ამოცანად შესაძლო რუსული აგრესიის შეკავება დაისახა.
  • ივო დაადლერი, ობამასდროინდელი აშშ ელჩი ნატოში (2009-2013) ამბობს, რომ ახალი კონცეფცია ამ შეცვლილ ვითარებას ასახავს. “ნატოს ძირითად საქმედ კვლავაც საკუთარი ტერიტორიის რუსეთიდან მომავალი რეალური და ხელშესახები საფრთხისაგან დაცვა იქცაო,” ამბობს დაადლერი.

რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში დროებით უკანა პლანზე გადასწია ალიანსის მომავალთან დაკავშირებული ორი საკვანძო კითხვა: რამდენად სერიოზული უნდა იყოს აშშ-ს წილი ევროპის დაცვაში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით და რამდენად დიდი როლი უნდა ითამაშოს ნატომ ჩინეთის აღმავლობის შესაკავებლად.

  • ორივე ეს კითხვა მიმდინარე კვირაში განხილვის საგნად კი იქცევა, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე პუტინის უკანასკნელი სამხედრო ავანტიურის შემდეგ. რუსეთის აგრესიამ ნათლად აჩვენა ევროპელებს, რომ ალიანსი საჭიროა და, მაკრონის ნათქვამისდა მიუხედავად, “ცერებრალური სიკვდილის” მდგომარეობაში სულაც არაა.
  • რუსული აგრესიის საპასუხოდ, ნატოს ევროპელი წევრები უკვე ზრდიან სამხედრო ხარჯებს – თუმცა ზრდის მასშტაბი განსხვავებულია. ამასთან ფინეთი და შვედეთი, სამხედრო თვალსაზრისით ორი სერიოზული ევროპული ქვეყანა, ცდილობენ ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოექცნენ.

ჩინეთი ახალ სტრატეგიული კონცეფციაში პირველად გამოჩნდება, თუმცა მას მხოლოდ ერთი პარაგრაფი თუ მიეძღვნება. ანალიტიკოსების ვარაუდით, დოკუმენტის უდიდესი ნაწილი რუსეთის აგრესიას დაეთმობა.

  • თუ რა ჩანაწერი გაჩნდება ჩინეთთან დაკავშირებით ჯერ არაა ნათელი. საფრანგეთსა და გერმანიას არ სურთ, რომ ჩინეთი იმავე ტერმინოლოგიით და იმავე ხარისხით მოიხსენიონ საფრთხედ, როგორც რუსეთი.
  • ავსტრალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები სამიტს დაესწრებიან და სურვილი აქვთ, წყნარი ოკეანის აუზში თანამშრომლობის საკითხები მკაფიოდ გამოიკვეთოს. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერები პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ცალკეც შეხვდებიან.

მთავარი გამოწვევა

მთავარი კითხვა, რომელსაც სამიტმა პასუხი უნდა გასცეს ისაა, დაარწმუნებენ თუ არა აშშ და მისი მოკავშირეები თურქეთს, რომ პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა არ შეაფერხოს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება.

  • ერდოღანი ამბობს, ჩრდილოეთ ევროპის ეს ორი ქვეყანა ქურთ სეპარატისტებს აძლევს თავშესაფარსო. თუმცა ამ საბაბის გარდა, დამკვირვებლები იმასაც ამბობენ, რომ ნატოსთან დაპირისპირებით ერდოღანი თურქეთში საკუთარი პოლიტიკური მხარდამჭერების მობილიზაციასაც ცდილობსო.
  • დაადლერი ამბობს, რომ ერდოღანი შეეცდება ბაიდენს პირისპირ შეხვდეს და ვაშინგტონთან ახალ შეიარაღებაზე მორიგებას თუ მოახერხებს, სწორედ მაშინ მოხსნას ფინეთისა და შვედეთის წევრობისადმი თავისი წინააღმდეგობა.
  • ბევრი დამკვირვებლის აზრით, მადრიდის მთავარი წარმატება ის იქნება, თუკი ფინეთსა და შვედეთს წევრობას შესთავაზებენ.

უკრაინა

უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ორი საკვანძო საკითხია განსახილველი:

  • რამდენად და როგორ დაეხმარება ალიანსი უკრაინას ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლაში;
  • რა როლს ითამაშებს ალიანსი უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნაში, მით უფრო, რომ უკრაინას ახლა განსაკუთრებით ჭირდება ომით გაცხრილული დანაყოფების განახლება და ახალი ბატალიონებისა და ბრიგადების შექმნა.

მსგავსი/Related

Back to top button